Thursday, September 25, 2014

კულტურის დაცემა

პასიონარიზმი - ლევ გუმილოვის მიერ შემოტანილი ტერმინია, რომელიც აღნიშნავს ეთნოსის ან ერის ისეთ მდგომარეობას, რომელიც უბრალოდ ყოველდღიური ცხოვრებით ცხოვრობს და არ მიიღწვის დიდი იდეებისთვის, არ არის მზად ამ იდეებისთვის თავი გაწიროს ან იბრძოლოს. საქართველოს უახლესს ისტორიას თუ გადავავლებთ თვალს დავინახავთ ერთ საინტერესო მომენტს, 80-იან და 90-იან წლებში ქართული ინტელიგენციას ჰქონდა დიდი ავტორიტეტი, მე არ მინდა თავად ამ ინტელიგენციის ბუნებაზე ვილაპარაკო, მე უბრალოდ მაინტერესებს ამ ავტორიტეტის მიზეზი. ჩემი აზრით, ეს ავტორიტეტი დაკავშირებული იყო იმასთან, რომ ეს ინტელიგენცია ქმნიდა საკმაოდ ხარისხიან კულტურულ პროდუქტებს, რომელიც ქართველების საურთიერთო ენად იქცა გარე სამყაროსთან (ქართული ფილები, სპეკტაკლები და ა.შ). ქართული კულტრის ესე განვითარებამ გამოიწვია ქართველ ხალხში, ლევ გუმილოვის ტერმინით რომ ვთქვათ „ლტოლვა ცოდნისა და სილმაზის იდეალებისკენ“, რომელიც პასიონარულ მდგომარეობაზე მაღლა დგას, თუმცა უმაღლეს განვითარების წერტილს არ წარმოადგენს. ქართველზე წარმოდგენები, სწორედა კულტურის კუთხით იქმნებოდა და დღემდე წარმოდგენა რომ ქართველები არტისტული ერია, ძალიან ღრმად არის გამჯდარი ბევრ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში.  ამ კულტურულმა წარმატებებმა გამოიწვია ის, რომ ქართველებმა ღრმად დავიჯერეთ, რომ უფრო მაღალ კულტურულ სიმაღლეებს დავიპყრობდით თუ კი დამოუკიდებლობას მოვიპოვებდით და უფრო უკეთესად წარმოვაჩენდით ამ კულტურულ ღირებულებებს. ამ იდეის მატარებლები ქართული ინტელიგენცია იყო, რომელიც როგორც ვიცით ყველაზე ავტორიტეტულ კლასს წარმოადგენდა, სანამ მათი სრული მარგინალიზაცია დაიწყებოდა. ქართულ ინტელიგენცია ფიქრობდა, მსჯელობდა ძირითადად კულტურულ საკითხებზე და წარმოდგენა არ ჰქონდა პოლიტიკურ, ეკონომიკურ ცხოვრებაზე, არც ფიქრობდა რომ შესაძლებელი იყო, რამე რადიკალურად შეცვლილიყო ამ სფეროში, გარდა კულტურაში უფრო მაღალ სიმაღლეების დაპყრობისა, ნაციონალური კულტურის კიდე უფრო განვითარებისა და საბჭოთა პერიოდში, იმ საშინელ ცენზურისგან განთავისუფლებისგან. ჩვენ ყველამ ვიცოდით, რომ ქართული კულტურა, როგორც კი დამოუკიდებელი სახელმწიფო გავხდებოდით, მარტივად დაიპყრობდა მსოფლიოს გულებს (ისევე როგორც დაიპყრო საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ხალხების გულები) და ჩვენ აღმოვჩნდებოდით უმაღლეს კულტურულ საფეხუზე სხვა კულტურულ ერებთან ერთად.  თუმცა, როგორც კი პოლიტიკური პროცესები მოსკოვისგან დამოუკიდებლად დაიწყო, საზოგადოების ყველაზე ავტორიტეტული ნაწილი ინტელიგენცია აღმოჩნდა პოლიტიკურ პროცესებში ჩართული და რა თქმა უნდა, აბსოლუტურად გამოიცდელები, მეტიც აბსოლუტურად ურესურსოდ დარჩენილებს ის მოუვიდათ, რაც უნდა მოსვლოდათ ყველა ესეთი ტიპის ელიტას, ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, მათ უბრალოდ სახელმწიფო უმძიმეს მდგომარეობაში ჩააგდეს. ამის გარდა ურესურსოთ, უკომუნიკაციოდ და რაც მთავარია ცივილიზაციის (ვგულისხმობ საბჭოთა ცივილიზაციას, რომლის ნაწილიც ვიყავით) მიღმა დარჩენილ ინტელიგენციამ, აღმოაჩინა რომ მისი შექმნილი კულტურული პროდუქტი სხვა ცივილიზაციისთვის არც ისე საინტერესო იყო, როგორც მას თავიდან ეგონა. ჩვენი ინტელიგენცია ვერ აღმოჩნდა თავისი კულტურულ პროდუქით, არა მარტო კულტურულ ავანგარდში, არამედ ხშირად საერთოდ ვერ იქცევდა დასავლურ ცივილიზაციის ყურადღებასაც კი. ამიტომ მოხდა კულტურული ფასეულობების ჩანაცვლება და წინა პლანზე წამოვიდა, დასავლეთთან ურთიერთობის დროს, უცხოელისთვის ეგზოტიკური კულტურა: ქართული ფოლკლორი. თანამედროვე ხელოვნება, რომელსაც ქმნიდა ქართული ინტელიგენცია, საინტერესო იყო ზოგიერთ კულტურებისთვის (ძირითადად პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის - რუსეთი, უკრაინა) მაგრამ არა ყველასთვის, რამაც გამოიწვია ამ ინტელიგენციის რუსეთისკენ დაბრუნება, ამის გამო ხალხმა მათ ხან წითელი ინტელიგენცია, ხან რუსეთუმები და ხან რა არ უწოდა.
ერთი სიტყვით დამოუკიდებლობის პერიოდში დავკარგეთ „ლტოლვა სილამაზის იდეალისკენ“, რამაც გამოიწვია ქართველებში პასიონარული მდგოარეობა. აღმოვჩნდით აბსოლუტურად იდეის გარეშე, რაღაც პროცესში ჩათერეული, სადაც არავინ არაფერს არ გვეკითხებ. კულტურაში ეს აისახა იმით, რომ 2000-იან წლებში, როდესაც მეტ-ნაკლებად გაიზარდა დაფინანსება კულტურის სფეროში, აქცენტი გაკეთდა არა ძველ ინტელიგენციაზე, არამედ ახალი „დასავლური“ კულტურის აღორძინებისთვის, მაგრამ შედეგად მივიღეთ უნიჭო მიმბაძველობა, დასავლური კულტურისა. ახალი თაობის წარმომადგენლები იცნობდნენ იმ უცოელ ფილოსოფოსებს, წინა თაობის წარმომადგენლები არ იცნობდნენ, ლაპარაკობდნენ ინგლისურად და ეს აღმოჩნდა საკმარისი იმისთვის, რომ გაჩენილიყო განცდა იმის, რომ ახალი თაობა უკეთესია, წინაზე. მაგრამ ამ პროცესში დაიკარგა შემოქმედებითობა და იმის მაგივრად, რომ ახალი კულტურული ბაზარი დაგვეპყრო, ჩვენ ის ბაზარიც დავკარგეთ რაც აქამდე გვქონდა მოპოვებული (პოსტსაბჭოთა სივრცე). აღმოჩნდა, რომ არა მარტო უცხოელისთვის, არამედ ქართველისთვისაც კი, უფრო საინტერესო თავად დასავლური კულტურული პროდუქტია, ვიდრე მისი უნიჭო ქართული ვარიანტი.

No comments:

Post a Comment