Saturday, December 6, 2014

პატარა პოლიტიკური ფიქრები. პირველი ნაწილი

„დარწმუნებულობა -  არის ციხე. მისით ვერ ხედავ საკმარისად შორს ირგვლივ,  ვერ ხედავ შენს ქვემოთ, ამ დროს კი, რომ გაბედო ლაპარაკი ღირებულზე და არაღირებულზე, უნდა დატოვო შენს ირგვლივ და შენს ქვემოთ ხუთასამდე მტკიცებულება.“ ნიცშე

ფარსმან II ქველი როდესაც ეთამაშებოდა ორ გიგანტს რომს და პართიას და გაბედა კიდეც, რომ მათთვის ბარბაროსები შეესია და იმპერიები აიძულა მთელ რიგ დათმობებზე წასულიყვნენ, არც უფიქრია იმაზე, რომ ქართლის სამეფო ან „პროპართიული“ ან „პრორომაული“ ყოფილიყო.. ეს მისთვის, არ იყო არსებითი, რადგან ფასეული არც ერთი არ იქნებოდა. ფარსმანი მხოლოდ მაშინ ჩავიდა რომში, როდესაც იცოდა, რომ რომი დათმობებზე წავიდოდა. რა თქმა უნდა დრო გავიდა, მაგრამ ფარსმანი და მისი მსგავსი ქართლის მეფეები, რომლებიც დამოუკიდებელ პოლიტიკას აწარმოებდნენ წარსულს ჩაბარდნენ. დღეს ფარსმანი არაა პოპულარული მეფე, დღეს ის მეფეები არიან პოპულარულები, რომლებიც პროდასავლურ ორიენტაციას იჭერენ, ანუ რომლებსაც არ გააჩნიათ ენერგია, საკუთარი გზა თვითონ იპოვონ. ეს კი დამახასიათებელია თანამედროვე ქართველისთვის, რომლის არსებობის და პოლიტიკის კეთების მთავარ კითხვას წარმოადგენს თუ რომელი საგარეო პოლიტიკური ორიენტაციისა „პროდასავლელი“ თუ „პრორუსი“, ვერც ერთს ვერ გაუბედია შეაფურთხოს ორივეს და ხელაღებული პოლიტიკის მომხრე იყოს.  ჩვენი სივრცე იმდენად ცარიელია, რომ აქ რამის დაბადება წარმოუდგენელია, მხოლოდ მუდმივი დაბინძურება ხდება, ერთის მხრივ რუსული „შავრაზმული“ იდეებით და მეორე მხრივ დასავლეთის „პროგრესულობით“.  იდეურად ცარიელი საქართველო, გახდა სხვადასხვა გეოპოლიტიკურ მთამაშის იდეური კანალიზაცია.. დროც იმდენად შეკუმშულია ამ სივრცეში, რომ გაჩერების და დაფიქრების პოლიტიკური დრო აღარ გვრჩება. იმდენად ებრძვიან რუსეთს და მასონებს, რომ სააზროვნოთ დრო არ არის. საინტერესოა რატომ გავწირეთ ჩვენი თავი მსგავი ბედისთვის?!

როდესაც სააკაშვილმა დაიწყო „ახალი“ საქართველოს შექმნა, მან ახალი „კარგი მოქალაქის“ ჩამოყალიბება დაიწყო, რომელიც მთლიანად რეჟიმზე იყო დამოკიდებული. სააკაშვილის „კარგი მოქალაქე“ სხვაგან ყველგან ცუდი მოქალაქე იქნებოდა, რადგან ეს მოქალაქე მთლიანად რეჟიმთან იყო დაკავშირებული  - კარგ კაცს მასთან არანაირი კავშირი არ ჰქონდა. ხოლო პატრიოტული, მილიტარისტული სულისკვეთებით აღზნებული მოქალაქეები ადვილად გაებნენ სააკაშვილის მახეში, რადგან ის მათ რიტორიკით კვებავდა და მეორე მხრივ კი პატიოტის თვალსაზრისით, სამშობლო სხვადასხვა რეჟიმებზე უფრო მნიშვნელოვანია. ამიტომ ვინც მიისაკუთრებდა ტერმინს სამშობლოს ის იქნებოდა პატრიოტთა გულის პატრონიც. და პატრიოტების დიდი ნაწილიც იმ „კარგ მოქალაეში“ ჩაეწერენ, რომელიც სააკაშვილმა შექმნა.
როგორც მამარდაშვილი ამბობდა რუსებზე, ერთი და იგივე გამოცდილების გამეორებაა სწორედ ჯოჯოხეთი, ჩვენ კი ამ გამოცდილებას უკვე კარგა ხანია ვიმეორებთ.. რამოდენიმე ომი ერთმანეთის მსგავსად და ერთნაირი შედეგით დამთავრდა და მსგავსი ემოციები და აზრები დაგვიტოვა, არც კი გვიცდია ამ აზრების გადახედვაც კი. ჰეგელი გვასწავლიდა, რომ ადამიანის მთელი ცხოვრებადა აზროვნება, საბოლოო ჯამში ახალი შემოქმედებითი ჰორიზონტების ფორმირებას ეფუძვნება. საქართველოში ახალი ცნობიერება გაჩნდა სახელმწიფოსგან ყველაზე გაუცხოებულ ფენებში, ახალგაზრდებში, რომლებსაც არ სურდათ იმ სააზროვნო ველში გაეგრძელებინათ არსებობა, რაც 1990-იან და 2000-იან წლებში არსებობდა, ამიტომ მათ დაიწყეს უარყოფა ყველაფრის რაც მაქამდე იყო. ეს რა თქმა უნდა არ იყო პირველი უარყოფა, ეს უკვე ამ ბოლო ოცდახუთი წლის მანძილზე მეოთხე უარყოფა იყო, მაგრამ ეს უარყოფა მარტო რეჟიმს აღარ უკავშირდებოდა, ეს უარყოფა ამავე დროს უკან დაბრუნების მცდელობა იყო. წითელი დროშებით და უკლასო საზოგადოების ვნებით, მათ მოახერხეს ახალი სააზროვნო დისკურსის წამოწყება, მაგრამ ისინი გაუცხოებულნი იყვნენ იმასთან რაც მათი იყო, რადგან ის რაც მათი იყო, იმ ადგილზე სააკაშვილის „კარგი მოქალაქე“ იყო მოსკუპებული და სულაც არ სურდა დაეთმო პოზიციები.  ისინი სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტზე, უსაფრთხოებაზე და ნაციონალურ ინტერესზე მეტად, სექსუალურმა კონცეფციების საკითხებმა მოხიბლეს და მთავარი სადისკუსიო თემები სექსუალური კონსტრუქტების, გენდერის და სხვა მსგავსი თემები გახდა. იმათ კი ვინც ცდილობდა ხელისუფლების რაღაც შტო მაინც აეღო ხელში და რაღაც პასიხისმგებლობა ჰქონოდა, მოღალატეებად გამოაცხადეს. ისინი უარყოფდნენ, რომ შესაძლებელი იყო ჭეშმარიტ ინდივიდსა და სახელმწიფოს შორის ჰარმონიის დამყარება.
ლიბერალების მთავარი პოზიცია, რომელიც კარლ პოპერმა ჩამოაყალიბა თავის „ღია საზოგადოებაში“ იყო ის, რომ ლიბერალიზმის არსებობა შესაძლებელი იყო იმიტომ, რომ მემარცხენეები და კონსერვატორები ერთმანეთის დაპირისპირებით უზრუნველყოფდნენ ლიბერალიზმის სიცოცხლისუნარიანობას. მთელი ლიბერალურ-მემარცხენული დისკურსი არის დისკურსი იმის შესახებ, თუ როგორ ადანაშაულებენ ლიბერალები, მემარცხენეებს საპატრიარქოსთან არასაკმარის დაპირისპირების გამო და როგორ იზიდავს ლიბერალი, მემარცხენეს საპატრიარქოსთან დაპირისპირებაში. ეს დაპირისპირება ხომ, ლიბერალების სიცოცხლისუნარიანს გახდის.
ლიბერალიზმი ყველა ასპექტში აღმოჩნდა საქართველოსთვის დამანგრეველი: მან მოსპო ადგილობრივი კულტურა და გზა გაუხსნა დასავლურ სიმულაციას. მან შექმნა ახალი „კარგი მოქალაქე“ რომელიც რეჟიმზე იყო დამოკიდებული. მან დემოკრატია ჩანასახშივე გაანადგურა და ერთ ავტოკრატს დაუქვემდებარა მთელი ქვეყანა. ერთადერთი რითაც ის საკუთარ სახეს ინარჩუნებდა ესაა „სეკულარიზმის“ იდეური კონცეფტები და საპატრიარქოსთან დაპირისპირებები (ხშირად ფსევდო დაპირისპირებები). მან მოახდინა ანტირუსული ვნებების მართვა. ლიბერალებმა თავიანთი პოლიტიკური შეხედულებები, პოლიტიკური ცოდნა ჩაანაცვლეს. მათ მოახდინეს საზოგადოების უმრავლესობის მარგინალიზაცია, უმცირესობების ხარჯზე (ხალხი ხომ ბნელია?! ელიტებმა უნდა მართონ).

მემარცხენეებს რომლებსაც გააჩნიათ კარგი ეკონომიკური მოდელები, კარგი ეკონომიკური განვითარების გეგმები და ორიენტირი აქვთ წამყვან ეკონომიკურ კონცეფციებთან, არ აქვთ ძალაუფლებისკენ გახსნილი გზა. ისინი ასევე გაუცხოებულნი არიან ძალაუფლებას და ხშირ შემთხვევაში ადგილობრიც კულტურას, რომელსაც ისინი ხშირად უარყოფენ და მათი განვითარება, მათი ცივილიზაციური ძიებები არ მიაჩნიათ არაფრად.
კონსერვატორები კი, რომლებიც დაცლილნი არიან თანამედროვე ცოდნას და ხსნას მხოლოდ ადგილობრივ კულტურაში ეძებენ და უმაღლეს ფასეულობად სახელმწიფო ინტერესი მიაჩნიათ, მათი ქმედებიდან და ცოდნიდან ერთ-ერთი ყველაზე წარუმატებელი პროექტი ხდება, ამის მიუხედავად ძალაუფლებასთან და ხალხთან პირდაპირი ურთიერთობის საშუალება მათ აქვთ. რა თქმა უნდა რელიგიური რიტუალით, ვერც ერთი ქვეყანა ვერ „გაბწყინებულა“, მაგრამ სიმბოლურ დონეზე, სწორედ ეს რიტუალია, რომლის ირგვლივაც ხალხი ერთიანდება..
მემარცხენეებს არ უნდა ეშინოდეთ რელიგიური რიტუალების და ზოგადად სახლემიწო ინტერესების, ხოლო კონსერვატორებს კი თანამედროვე ცოდნის. ორივემ უნდა გაიაზოს, რომ მთავარი მტერი ქართული ლიბერალიზმია, რომელიც მათი დაპირისპირებით ინარჩუნებს ძალაუფლებას. უნდა მოხდეს გააზრება, რომ ამ ისტორიულ კონტექსტში დემოკრატია სწორედაც იმ ხალხის ერთობაა, რომელიც რელიგიურ რიტუალით ერთიანდება, ხოლო რაც ამ ერთობის მარგინალიზაციას ახდენს, არის ავტოკრატია, ელიტიზმი..