Friday, May 10, 2013

ისტორიული კანონზომიერება - მარქსიზმისა და ლიბერალიზმის მიხედვით

მარქიზმისთვის ეკონომიკური წესწყობილება და პოლიტიკური და სოციალური სტრუქტურები იცვლებიან. თავისთავად ეკონომიკა არ წარმოადგენს რაღაც მუდმივს. თამაშის წესები იცვლება იმის მიხედვით თუ როგორ არის მოწყობილი საზოგადოებრივი ურთიერთობები. სისტემის კანონები რომლითაც საზოგადოება ცხოვრობს, იცვლება იმის მიხედვით, თუ როგორ არის ეს ურთიერთობები მოწყობილი.მარქზისმისთვის კაპიტალიზმი ისტორიული პროცესია - ანუ მას აქვს დასაწყისი და დასასრული.
ლიბერალიზმი სხვანაირად უყურებს საკითხს - მათი თეორიის მიხედვით კაპიტალისტური სისტემა ისეთივე ბუნებრივია, როგორც ბუნების კანონები, უბრალოდ ადამიანებს არ ესმით ეკონომიკური კანონები. კაპიტალიზმი აღქმულია როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა. არსებობდა ერთიდაიგივე კანონზომიერება როგორც ძველ ეგვიპტეში, ისე თანამედროვე აშშ-ში, ანუ მთავარი არ არის ის თუ როგორ ვითარდება საზოგადოება, არამედ მთავარია ის თუ როგორ აღიქვამენ ადამიანები ეკონომიურ კანონებს. ადამიანი თუ გააცნობიერებს ამ კანონებს და მიიღებს მათ, მაშინ ყველაფერი იდეალური იქნება და არაგრის შეცვლა არ იქნება საჭირო. ამის მიხედვით გამოდის, რომ თავისუფლება ესაა აუცილებლობის აღიარება.
ლიბერალურ თეორიაში - სახელმწიფო და საზოგადოება მუდმივად ერეოდნენ ეკონომიურ პროცესებში, რასაც ძალზე ცუდი შედეგები მოჰქონდა და მოაქვს. მათი აზრით პოლიტიკის მიზანი არის, რომ თვალყური ადევნოს და დაიცვას ის ბუნებრივი ეკონომიკური წესები, რომლებიც არსებობს. 
მარქსიზმს ხშირად ადამაშაულებენ ინდივიდის როლის უგულებელყოფაში, დეტერმინიზმში. მაგრამ ლიბერალური თეორია ამ შემთხვევაში გაცილებით დეტერმინულია, ვიდრე მარქსიზმი. ისინი მთელ ისტორიას მკაცრ ეკონომიკურ პროცესს უკავშირებენ. მარქსიზმის დეტერმინულობა დაკავშირებულია ცვალებად პროცესთან. ადამიანები მართალია ზღუდავენ თავის მოქმედებას, მაგრამ ეს შეზღუდვები იცვლება ისტორიის პროცესში - ანუ შეზღუდულობა ცვლილებადი და გადალახვადია. ამიტომ ადამიანები თვითონ ქმნიან თავიანთ ისტორიას, სხვა ამბავია, რომ ამას ცალცალკე კი არ აკეთებენ, არამედ ამ კანონზომიერების შედეგად. ხოლო კანონზომიერება ასევე ადამიანების შექმნილია, მართალია არა ერთი პიროვნების, არამედ საზოგადოების.