Friday, March 15, 2013

ცარისტულ საქართველოში გლეხებისა და მუშების მდგომარეობა


ა) გლეხობა
ბატონყმობის გაუქმებამ მოიტანა ქვეყანაში სოციალური სტაბილურობის დარღვევა. ახალ პირობებისთვის მზად არ აღმოჩნდა ქართული თავად-აზნაურობა და ის ცდილობდა გლეხთა მიწის გადაცემის პროცესი მაქსიმალურად გაეხანგრძლივებინა. 1917 წლის ბოლოსთვის გლეხების 40%-ს, რომელიც ადრე თბილისის გუბერნიაში ცხოვრობდა და თავადაზნაურობას ეკუთვნოდა, ჯერ ბოლომდე არ ჰქონდა მიწის გამოსასყიდი თანხა გადახდილი. რაც შეეხება თავად გლეხების მდგომარეობას „1904 წლის ოფიციალური ცნობით, საერთო საშუალო შემოსავალი დესეტინა სახნავ მიწაზე ქუთაისის გუბერნიაში იყო 54 მანეთი, მიწის დამუშავების ხარჯი კი შეადგენდა 37 ½ მანეთს, რომლის გამოკლებით რჩებოდა 16 ½ მან. ღალის 1/4 -ის ანგარიშზე მემამულეს მიჰქონდა მთელი მოსავლის1/4, ე.ი. 13 ½ მანეთი. თვით გლეხს რჩებოდა დესეტინაზე 3 მან.“ მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ემატებოდა, მიწების პრობლემა. ის მდგომარეობდა იმაში, რომ სწრაფი ტემპებით ღარიბდებოდა ქართული თავადაზნაურობა, განსაკუთრებით ეს დასავლეთ საქართველოში (ქუთაისის გუბერნიაში) შეიმჩნეოდა. არისტოკრატია ყიდიდა მიწას, ხოლო მყიდველი ძირითადად არაქართული ბურჟუაზია იყო. ეროვნულ მოძრაობის მნიშვნელოვან ამოცანას წარმოადგენდა ის, რომ ქართული მიწა, ქართველთა ხელში დარჩენილიყო. ამიტომ 1875 წლიდან საქართველოს ტერიტორიებზე შეიქმნა საადგილმამულო სათავადაზნაურო ბანკები (თბილისის და ქუთაისის გუბერნიაში), რომლებსაც „გრუზინსკი პარლამენტსაც“ უწოდებდნენ, მათ მიერ ქართული საქმის კეთების გამო. თუმცა მიწის პრობლემა ამით არ გადაჭრილა. არჩილ ჯორჯაძე  და მისი თანამოაზრეები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ მიწის პრობლემას და შიშით უყურებდნენ იმ ტენდენციას, რომ ქართული მიწის მეპატრონეები არაქართველები ხდებოდნენ. ახალქალაქის მაზრაში „მაგალითად, სადაც ქართველები სცხოვრობენ, თითო კომლს აქვს 2,89 დეს. მიწა; საიჯარო მიწაც რომ მიუმატოთ,  თითოეული კომლის ხელში 3,52 დეს. მიწაა. სომხებს ამ მხარეში უჭირავთ 40, 50, 100 დეს. კომლზე“. ამის გარდა შიშით ეკიდებოდნენ ოსების მიგრაციას ქართლში და მიგრაციის პოლიტიკის  კონტროლს ითხოვდნენ. მიწებთან დაკავშირებული პრობლემები ქართული ნაციონალიზმის ერთ-ერთ საკვანძო  საკითხად იქცა.
მიწის პრობლემას როგორც ეთნიკური, ისე სოციალური ხასიათი ჰქონდა. როგორც სერგის კაკაბაძემ აღნიშნავდა, რომ ქართველ გლეხებს ეშინოდათ ავტონომიის, რადგან თვლიდნენ,  რომ ავტონომიის მოპოვებით საქართველოში მოხდებოდა ბატონ-ყმობის აღდგენა. სოციალურ ფონს ისიც ამძიმებდა, რომ გლეხების დიდი ნაწილი სეზონურად ქალაქში მუშაობდა, სადაც საკუთარ სიდუხჭირესთან ერთად კიდევ ეთნიკურ და სოციალურ კონფლიქტებს აწყდებოდა. ამის გარდა გააქტიურებულმა რევოლუციურად განწყობილი პოლიტიკური პარტიები აქტიურ პროპაგანდას ეწეოდნენ და ხალხს ბურჟუაზიის და ცარიზმის დამხობას ჰპირდებოდნენ.  შემთხვევითი არ იყო ის,  რომ ერთ-ერთი ის ადგილი, სადაც რუსეთის 1905 წლის რევოლუციამ ყველაზე დიდი გამოხმაურება და მხარდაჭერა ჰპოვა, სწორედ საქართველო იყო. სწორედ 1905 წლის რევოლუციის დროს საქართველოში გამოცხადდა გურიისა რესპუბლიკა.
ბ) მუშათა მდგომარეობა
 მძიმე მდგომარეობა სოფლად მე-20 საუკუნის დასაწყისში აიძულებდა გლეხებს, ქალაქში ეძიათ ბედი.  ქალაქში კი მათ ძირითადად სხვა ეთნიკური დაჯგუფებების წარმომადგენლები უწევდნენ კონკურენციას სარჩოს შოვნაში. თბილისი, ბათუმი და ფოთი ამ დროისთვის ამიერკავკასიის სავაჭრო ცენტრებად იქცნენ. ემიგრანტები მოეშურებოდნენ აქ ერევნის, ბაქოს და ელიზავეტპოლის გუბერნიებიდან,  ჩრდილო კავკასიიდან და საქართველოს რეგიონებიდან. 19-ე საუკუნეში თბილისში არაკვალიფიციური მუშათა 40-45% ქართველი იყო; 30-35% სომეხი, 10-15% რუსი და 5-10% თათარი (აზერბაიჯანელების ჩათვლით) და სხვები. ბევრი გლეხი მოიზიდა რკინიგზის მშენებლობამ. ამაზე სარგის კაკაბაძემ წერდა: „ბევრი გლეხი მიიზიდა 1865 წლიდან ფოთი-თბილისის რკინიგზის სამუშაოებმა. ამის შემდეგ მეგრელი, გურული და იმერელი მუშები მოედვნენ შავი ზღვის ნავსადგურებს დაწყებული ბათუმიდან ვიდრე ოდესამდე“  ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარ სახელოსნოში 43.8% ქართველი, 6.2% სომეხი და დანარჩენი 50.7% რუსი, უკრაინელი და სხვა სლავური წარმოშობის მუშები მუშაობდნენ. დასავლეთ საქართველოს ქალაქებში - ქუთაისში, ჭიათურაში და ტყიბულში მუშა-ხელი ძირითადად ქართველები იყვნენ, ხოლო თბილისში, ფოთსა და ბათუმში მუშა-ხელი ჭრელი იყო. „ზოგიერთი ფაბრიკა-ქარხანა, მაგალითად, ბოსარჯიანცის, საფაროვისა და ენფიადძიანცის ფაბრიკები (სადაც მეპატრონეები სომხები იყვნენ) ძირითადად, სომხებს ქირაობდნენ“.
ამას ემატებოდა არაქართველთა დანიშვნა მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებზე, რამაც აღნიშნულ პერიოდში მასშტაბური მოვლენა იყო. „გიორგი ჩხეიძე, რომელიც რკინიგზის მთავარ სახელოსნოში მუშაობდა 1890-იან წლებში, იხსენებს, რომ სახელოსნოში მხოლოდ ერთმა უფროსმა ოსტატმა იცოდა ქართული ენა“. ძირითადად მაღალანაზღაურებადი მუშა-ხელი რუსები იყვნენ და როგორც ვასო ცაბაძე იხსენებს, „რუსი მუშების უმრავლესობა უმეტესად ნაციონალისტურად იყო განწყობილი. აქ მათ თავი მმართველ კასტად წარმოედგინათ“. ყველაზე დიდ საწარმოს თბილისში წარმოადგენდნენ ამიერკავკასიის რკინიგზის მთავარი სახელოსნოები, რომლებშიც 2000-3000-მდე მუშა იყო დასაქმებული. „რუსული ადმინისტრაციები ცდილობდნენ თავიანთ საწარმოებში მიეღოთ პირველ რიგში რუსები. ამ რუსების უმეტესობისგან სათანადო შავრაზმული ხანგრძლივი აგიტაციის შემდეგ ჩამოყალიბდა რუსულ-მონარქისტული ორგანიზაციები, რომელშიც ექვსასამდე მუშა ირიცხებოდა“.
საქართველოში კაპიტალიზმის განვითარების თავისებურებიდან გამომდინარე, სამუშაო-ადგილებისთვის ბრძოლაში დიდი როლს თამაშობდა ეთნიკური კუთვნილება. ეს პრობლემა კარგად გამოიყენეს სოციალისტურმა მოძრაობებმა და აქციეს ის თავის მთავარ იარაღად. სოციალიზმის იდეა საქართველოს იმ დროინდელ რეალობაში, როგორც ბურჟუაზიის წინააღმდეგ მიმართული მოძრაობა, შეიცავდა ნაციონალიზმის ელემენტებს. 1900 წლისთვის აქ უმსხვილესი ფაბრიკა-ქარხნების მეპატრონეთა 44%  სომეხი იყო.   ეს მდგომარეობა კი ხშირად ცვლიდა საქართველოს ეთნიკურ სურათს, რადგან ბიძგს აძლევდა არაქართველების მასობრივ შემოსვლას ქვეყანაში,  რაც უმუშევრობის საფრთხეს უქმნიდა ისედაც მძიმე სოციალურ მდგომარეობაში მყოფ ქართველე მუშებს. ამას დაემატა ის გარემოებაც, რომ სოციალ-დემოკრატების მიზანი, გაეერთიანებინათ სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფები საერთო მტრის ბურჟუაზიის წინააღმდეგ, ვერ იქნა მიღწეული, რადგან არაქართული მოსახლეობა ცალკე პარტიებს ქმნიდა. „საქართველოში მცხოვრებ ეროვნებათა შორის სომხების მასა უმთავრესად მხარს უჭერდა პარტია „დაშნაკცუთიუნს“, რომელიც რეალურად წარმოადგენდა სომხურ ნაციონალისტურ პარტიას, მიუხედავად იმისა, რომ ფორმალურად ის სოციალისტური იყო. ზოგიერთი სხვა ეთნიკური ჯგუფი კი ესწრაფოდა საკუთარი პროფკავშირის შექმნას. აშკარა იყო, რომ ნაციონალურ და ეთნიკურ ნიადაგზე არსებული წინააღმდეგობები და პრობლემები იმ დროინდელ საქართველოში დიდ გავლენას ახდენდნენ ზოგად პოლიტიკურ ცხოვრებაზე და გვევლინებოდნენ ზოგჯერ ხელისშემშლელ ფაქტორად ერთიანი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებაში.