Wednesday, January 16, 2013


იდენტობა


„საფრანგეთის დიდი რევოლუცია“ იყო მე-18 საუკუნის მეორე ნახევრის ყველაზე დიდი ისტორიული მოვლენა, რომელმაც არსებითად განსაზღვრა ყველა მნიშვნელოვანი პოლიტიკური თუ ეკონომიკური პროცესების განვითარება მსოფლიოში მე-19-20 საუკუნეებში. ამ რევოლუციამ წერტილი დაუსვა შუასაუკუნოვან აზროვნების სტილს და დასაბამი მისცა ეპოქას, რომელსაც მეცნიერები აღნიშნავენ სიტყვით „მოდერნიზმი“. შეიცვალა მსოფლმხედველობითი სამყარო. გაჩნდა ბევრი ახალი იდეოლოგია, რომლებიც მოიცავენ ისეთი ფუნდამენტურ ცნებებს, როგორებიცაა ლიბერალიზმი, სოციალიზმი, ნაციონალიზმი და ა.შ. სწორედ „საფრანგეთის დიდი როვოლუციის დროს“ ჩამოყალიბდა ნაციონალიზმი. თვითონ ეს სიტყვა ბეჭდურ გამოცემებში პირველად იქნა ნახსენები 1789 წელს ანტიიაკობინელი მღვდლის ოგიუსტენ ბარუელის მიერ. თუმცა ნაციონალიზმი, ისევე როგორც სხვა დანარჩენი იდეოლოგიები არ გაჩენილან ერთბაშად. მისი ნიშნები გვხვდება უფრო ადრეულ ეპოქებშიც.
ძველ ებრაულ და ძველ ბერძნულ ისტორიაშიც შეიმჩნევა ნაციონალიზმის საწყისი ელემენტები. ამ ორთავე ხალხს გააჩნდათ ნათლად განსაზღვრული კრიტერიუმები, თუ რით განსხვავდებიან ისინი სხვა ხალხებისგან. უცხოელს ძველი ებრაელი აღნიშნავდა სიტყვით „გოიმ“, ხოლო ძველი ბერძენი ეძახდა მას „ბარბაროსს“. ორთავე ამ ერის პოლიტიკური ცნობიერების ცენტრში იდგა არა რომელიმე პოლიტიკური ფიგურა (ვთქვათ მეფე) და არა სასულიერო პირები, არამედ ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ ნაციონალური სახელმწიფოს იდეას ისინი ჯერ არ იცნობდნენ, მათ გაცნობიერებული ჰქონდათ თავიანთი განსაკუთრებული კულტურული მისია მსოფლიოში.
ნაციონალიზმის იდეა შედგება სამი მნიშვნელოვანი კომპონენტისგან, რომლებიც განავითარებს ძველ ებრაელებმა. ესენია: ერის რჩეულობის იდეა, საერთო მეხსიერებაზე დამყარებული წარსული და მომავლის ხედვა, მესიანიზმი. ებრაელთა ისტორიის წყაროს წარმოადგენს ბიბლია (ძველი აღთქმა), რომელშიც საღვთო ისტორია ერის ისტორიასთან არის გადაკვეთილი. წინასწარმეტყველებიდან დაწყებული ებრაელები საკუთარ ისტორიას განიხილავდნენ როგორც ერთ მთლიან პროცესს, რომელშიც ებრაელები ესწრაფოდნენ ერთ საერთო მიზნის მიღწევას და ეს მიზანი იყო მსოფლიოში, სხვა ერებს შორის, ცენტრალური ადგილის დამკვიდრება. ამ სწრაფვის საფუძველს წარმოადგენდა მესიანიზმი, რომლის მიხედვით ებრაელი ერი, იმ მრავალსაუკუნოვანი ტანჯვა-წამების გამო, რომელიც მან გამოიარა, იმსახურებს იმას, რომ მოევლინოს სამყაროს როგორც მხსნელი.
ძველ ბერძნებსაც, ძველი ებრაელების მსგავსად, ჰქონდათ საკუთარი კულტურული და სულიერი უპირატესობის განცდა სხვა ერებთან მიმართებაში. ისინი ამას ღიად გამოხატავდნენ. თუმცა ებრაელებისგან განსხვავებით ბერძნების პოლიტიკურ კულტურაში მყარად იჯდა პოლიტიკურ ერთეულისადმი (ქალაქი-სახელმწიფო) ერთგულება. ძველ საბერძნეთში ყველა მოქალაქე ვალდებული იყო მიეღო მონაწილეობა სამოქალაქო ცხოვრებაში. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობდა კანონი, რომელიც მოქალაქეებს პასიურობისთვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში სჯიდა.
            თავიდან ალექსანდრე მაკედონელის იმპერიაში, შემდგომ კი რომის იმპერიაში, ყალიბდება ახალი იდენტობები. ერთ-ერთი ასეთია მოქალაქის იდენტობა. რომის მოქალაქე, მიუხედევად მისი ეთნიკური წარმომავლობისა, იყო თანასწორი ძირძველ რომაელთან. მას შემდეგ რაც 325 წელს რომში ქრისტიანობა ოფიციალურად იქცა წამყვან რელიგიად, იწყებს ჩამოყალიბებას რელიგიური იდენტობები, რომლებიც უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ეთნიკური იდენტობა. ამ პერიოდში რომის იმპერიაში წარმოქმნილი შიდა პოლიტიკური დაპირისპირებები განპირობებულია უკვე არა იმდენად ეთნიკური, რამდენადაც რელიგიური ფაქტორებით. ადგილი აქვს კერძოდ დაპირისპირებას გაბატონებულ ეკლესიას და ერეტიკოსებს შორის. იდენტობის ასეთმა ცვლილებას რომის იმპერიაში მოჰყვა ის, რომ საერთაშორისო ურთიერთობებში რელიგიამ დაიკავა ცენტრალური ადგილი. მაგალითისთვის ირან-ბიზანტიის დაპირისპირება ეს იყო არა მხოლოდ დაპირისპირება ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის, არამედ ასევე დაპირისპირება ქრისტიანობას და მაზდეანობას შორის.
ქართული იდენტობის ჩამოყალიბება იწყება შუა საუკუნეებში. ამ იდენტობის წყაროს, ძველი ბერძნების და ებრაელებისგან განსხვავებით, წარმოადგენს სამეფო ხელისუფლება. პირველი საერთო ქართული იდენტობა წარმოიქმნა მონარქიის არსებობის ეპოქაში, ეს იყო მეფე ფარნავაზის ხანა. „ქართლის ცხოვრების“ თანახმად, სწორედ ფარნავაზმა შექმნა ქართველი ხალხის მთავარი კულტი - ეს იყო ქართული დამწერლობა. სწორედ დამწერლობის შექმნა წარმოადგენს პირველ ნაბიჯს ქართული იდენტობის ჩამოყალიბებაში. თუმცა აქ არი იყო მკაფიოდ განსაზღვრული ის ზღვარი, რომელიც გამოყოფდა ერთმანეთისგან ქართველს და არაქართველს. ქართველობის გააზრება ხდება მხოლოდ მე-10 საუკუნეში, გიორგი მერჩულეს მიერ, რომელიც კონცეპტუალურად აყალიბებს იმას, თუ ვინ არის ქართველი. აი რას ამბობს ის:  „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირიცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველივე აღესრულების“[1]. ქართული იდენტობის შექმნაში გადამწყვეტი როლი ეკისრებათ სასულიერო პირებს და რელიგიურ კონცეფციებს. ამ კონცეფციის თანახმად, ქართული ენა იყო ქართველობის მთავარი განმსაზღვრელი. მე-10 საუკუნეში მოღვაწემ იოანე ზოსიმემ ქართული ენის მესიანური იდეა ჩამოაყალიბა თავის ნაშრომში „ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისა“. მისი კონცეპციის მიხედვით ქართულ ენაზე, მეორედ მოსვლის შემდეგ ისაუბრებდა თავად ღმერთი. ენის კონცეფცია უმნიშვნელოვანესი აღმოჩნდა ქართული იდენტობისთვის. შეიძლება ითქვას, რომ ქართული იდენტობას საფუძვლად დაედო ქართული ენის მესიანიზმის იდეა. ქართველი კი იყო ყველა ის ადამიანი, ვინც ქართულად ლაპარაკობდა და ლოცულობდა.
            ისტორიოგრაფიაში ქართული იდენტობის ძიება იწყება მე-11 საუკუნეში, როდესაც ლეონტი მროველი ქმნის თავის ახალ კონცეფციას, რომელიც განსაზღვრავს, თუ ვინ არიას ქართველი. კონცეფციას საფუძვლად უდევს მითი, რომლის მიხედვით ქართველებს ჰყავდათ საერთო წინაპარი სახელად ქართლოსი.
ასე რომ შუა საუკუნეებში ჩამოყალიბდა ქართველთა ეთნიკური მარკერი. ეს იყო საერთო წინაპრის მითი, საერთო ენა და ენის მესიანიზმის მნიშვნელობა, ასევე საერთო რელიგია. ჰეგელის მიხედვით ნებისმიერი იდეა ჯერ ჩნდება ერთ რომელიმე ერთეულში, შემდეგ ის ვრცელდება ადამიანთა პატარა ჯგუფში და ბოლოს ხდება მთელი საზოგადოების კუთვნილება. სწორედ მსგავს პროცესს ვხედავთ გიორგი მერჩულეს მაგალითზე. აქ თავდაპირველად პატარა საეკლესიო ჯგუფში გაჩნდა რაღაც იდეა, რომელმაც შემდეგ გავრცელება ჰპოვა პოლიტიკურ ელიტაში (ბაგრატ მე-3, ივანე მარუშის-ძე, დავით კურაპალატი და სხვები). ხოლო ამის შემდგომ იქცა  მთელი საზოგადოების კუთვნილება.
თუმცა გვიანი შუა საუკუნეებისთვის რელიგიურ იდენტობა უფრო მნიშვნელოვანი ხდება, ვიდრე ეთნიკური. მაგალითისთვის, ქართველ კათოლიკებს უწოდებენ ფრანგებს, ხოლო ქართველ მუსლიმებს - თათრებს. ეს კი გამორიცხავს ნაციონალიზმის არსებობას, რამეთუ ნაციონალიზმი თავისი ბუნებით ზერელიგიურია და აერთიანებს განსხვავებულ რელიგიურ და კულტურულ ერთობებს ერთ ერში. მე-15 საუკუნეში ამას დაემატა საქართველოს დაშლა სამეფო-სამთავროებად. გაჩნდა ფეოდალური სეპარატიზმი, რომელმაც საქართველო დაშალა მოზაიკურ პოლიტიკურ ნაწილებად. ამ პროცესს მოყვა ის, რომ საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ორი საპატრიარქო, რაც სულიერი ერთობისთვის და იდენტობისთვის დიდი დარტყმა იყო.