Thursday, March 1, 2012

ჩრდილო-ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლები

ჩრდილო-ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლები


კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მაკინდერმა შემოიღო „მსოფლიო კუნძულის “-World Island - კონცეფცია, რომელმაც მოიცვა გაერთიანებული კონტინენტები, ევრაზია და აფრიკა და ასევე ოკეანეები, რომლებიც ამ კონტინენტებს გარს არტყია . ასევე აქ იყვნენ მათი სატელიტები: იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. მაკინდერმა შემოიღო ასევე მეორე ცნება, ეს არის „ჰართლენდი“ (Heartland), რომელიც წარმოადგენდა „მსოფლიო კუნძულის“ ცენტრს. „ჰართლენდი“ გარშემორტყმულია ორი ზონით: შიდა, კონტინენტური ზონით, რომელიც მოიცავს ევროპას, ხმელთაშუაზღვის აუზს, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთს და ჩინეთს. ასევე მეორე ზონას, რომლშიც შედიან ზემოთ მოხსენიებული კუნძულები: დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და იაპონია.
ყველა დიდი ექსპანსიური ცივილიზაცია, მაკინდერის  მიხედვით, აღმოცენდა „ჰართლენდის“ ზონაში, რომელსაც ყველაზე კარგი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დიდი ცივილიზაციები: ახლო აღმოსავლეთში,  ევროპაში, ჩინეთში და ინდოეთში. მაკინდერის დასკვნის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ „ჰართლენდში“ ჩამოყალიბებული სახელმწიფო იმორჩილებს ოკეანეს სანაპიროებს და გარე ზონას (სატელიტ კუნძულებს), მას უჩნდება შანსი აკონტროლოს მთელი მსოფლიო. მისი აზრით, პირველი მსოფლიო ომი  გეოპოლიტიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. 1919 წელს გამოცემულ წიგნში „დემოკრატიული იდეა და რეალობა“  მაკინდერმა ჩამოაყალიბა შემდეგი კონცეფცია: „ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს „ჰართლენდს“ ვინც მართავს „ჰართლენდს“  - მართავს „მსოფლიო კუნძულს“. ვინც მართავს „მსოფლიო კუნძულს“  - ის მართავს მსოფლიოს“.
მაკინდერის თეორიამ დიდი გავლენა მოიპოვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაში. მშვიდობის გარანტი უნდა ყოფილიყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური დაწინაურება, რის შედეგადაც გერმანიას და რუსეთს შორის არსებულ სივრცეზე უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც ითამაშებდნენ ბუფერის როლს გერმანიასა და რუსეთს შორის. ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გამხდარიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამის შედეგად უამრავი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვებს შორის. როგორც შემდგომ სეშეკ მოჩულსკი აღნიშნავს თავის ნაშრომში „გეოპოლიტიკა - ძალა დროსა და სივრცეში“   (1999), მაკინდერის თეორიამ საფუძველი დაუდო ნატოს შექმნას და ასევე ბრეჟნევის დოქტრინას (“ინდოეთის ოკეანისკენ  გაჭრა”).
მაკინდერის მოსაზრებით, „ჰართლენდი“ მოიცავდა რუსეთი იმპერიის მნიშნელოვან ტერიტორიას და მას ესაზღვრებოდა მთელი რიგი საზღვაო სახელმწიფოები. იმის გამო, რომ „ჰართლენდი“მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით, მასზე კონტროლის დამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ზღვისპირა სახელმწფიოების ამოცანა უნდა ყოფილიყო, შეექმნათ რკალი „ჰართლენდში“ აღმოცენებულ იმპერიისათვის, ანუ რუსეთისთვის, რათა ის ვერ გასულიყო ზღვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიოზე ბატონობას მოიპოვებდა. მაკინდერს მიაჩნდა, რომ ფლოტის მნიშვნელობა, ნელ-ნელა კლებულობდა, ამის საპირისპიროდ იზრდებოდა  რკინიგზის  მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც კონტინეტური სახელმწიფოებს უპირატესობას მოიპოვებდნენ საზღვაო სახელმწიფოებზე. ამიტომ ბრიტანეთისთვის აუცილებელი იყო,  რაც შეიძლება მეტი კონტინენტური ქვეყანა გაეხადა თავის მოკავშირედ.
მოგვიანებით, 1919 წელს, მან გადახედა „ჰართლენდის“ როლს და განაცხადა, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპის გამო დაიწყებოდა საზღვაო სახელმწიფოებსა და კონტინენტურ სახელმწიფოებს შორის ან დიდი კონფლიქტი (რაც გამართლდა, პოლონეთის გამო დაიწყო მეორე მსოფლიო ომი), ან  დიდი თანამშრომლობა.
1943 წელს დაწერილ წიგნში „დედამიწის სიმრგვალე და მშვიდობის მოპოვება“ მაკინდერი აღნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირმა „ჰართლენდზე“, ისევე როგორც ციმბირზე, სრული კონტროლი მოიპოვა. Aმის შემდეგ მას შეეძლო თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია საზღვაო სახელმწიფოებზი. იმისთვის, რომ ეს აცილებული ყოფილიყო, აუცილებელი იყო მისი აზრით, შექმნილიყო ჩრდილო ატლანტიკური სივრცე, რომელშიც ის მოიაზრებდა ჩრდილო ამერიკასა და დასავლეთ ევროპას. სწორედ ჩრდილო ატლანტიკური სივრცის და „ჰართლენდის“ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები, უნდა გამხდარიყო მსოფლიოში სტაბილურობის საფუძველი.
მომავალში მოხდა „ჰართლენდის“ როლის რევიზია. ეს გააკეთა ამერიკელმა გეოპოლიტიკოსმა ნიქსონ ჯონ სპაიკმენმა. მან გადაჭარბებულად მიიჩნია მაკინდერის თეორია „ჰართლენდის“ შესახებ. მას არ მიაჩნდა მართებულად ის დებულება, რომ „ჰართლენდზე“ კონტროლი ნიშნავს მსოფლიოზე კონტროლს. მან შემოიღო „რიმლენდის (Rimland)“ ცნება, რომელიც მოიცავდა „ჰართლენდის“ დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს. მისი აზრით სწორედ „რიმლენდის“  ტერიტორიაზე უნდა განევრცო აშშ-ს თავისი გავლენა და შეეზღუდა „ჰართლენდის“ სახელმწიფო ანუ საბჭოთა კავშირი.
    „ცივი ომის“ პერიოდში სპაიკმენის თეორიამ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ჰპოვა დიდი გავლენა. სწორედ მისი თეორიის შესაბამისად, ამერიკამ შექმნა უამრავი სამხედრო ბლოკი, როგორებიცაა ნატო, სენტო, სეატო. რომელებიც „ჰართლენდის“ ირგვლივ იყო მობილიზებული.

    1989-91 წლებში შეიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკა: დარჩა ერთადერთი ზესახელმწიფო - აშშ. დაიწყო ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლის რევიზია. ახალი კონცეფცია შემოიღო  ამერიკელმა  გეოპოლიტიკოსმა ფრენსის ფუკუიამამ თავის წიგნში „ისტორიის დასასრული“.   მისი თეორიის მიხედვით კაცობრიობის ისტორია   ირაციონალური (დესტრუქტიული) ფაქტორების საშუალებით ვითარდებოდა. ეს ფაქტორები ემორჩილებოდნენ ნებას და ამ ნების ძალას.  გარდა ამისა, სოციალისტურ ბანაკი იმართებოდა ირაციონალური მენეჯმენტის საფუძველზე. საბჭოთა კავშირი იყო უკანასკნელი ირაციონალიზმის ბასტიონი და მისი დანგრევას, აუცილებლად მოყვებოდა რაციონალური წეს-წყობილების დამყარება, ისეთის, რომელიც უკვე არსებობდა ატლანტიკურ დასავლეთში. მისი აზრით, ასეთ მსოფლიოში მოხდებოდა სახელმწიფოთა შორის ძალთა დაბალანსება, და მათ შორის შეუძლებელი იქნებოდა რაიმე ომის დაწყება. ამ უნიპოლს უნდა ჰქონოდა სამი ძირითადი ცენტრი:
1) აშშ (მთავარი ცენტრი)
2) ევროკავშირი
3) იაპონია
მას მიაჩნდა,  რომ რუსეთი უნდა შესულიყო ამ უნიპოლში. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი სტაბილური სამყაროს შექმნა. თუ ეს არ მოხდებოდა, მაშინ სტაბილურობა არ იქნებოდა მყარი. თუმცა აშშ - ის ლიდერობა უნდა გამხდარიყო ამ მსოფლიო სტაბილურობის მთავარი გარანტი. ზოგიერთი მოსაზრებით, ამ უნიპოლში უნდა შესულიყო ასევე ჩინეთიც, თუმცაღა იქვე ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეტაპობრივად და შორეულ პერსპექტივაში.
    ფუკუიამას აზრით, ლიბერალიზმი იყო უკვე გამარჯვებული იდეოლოგია, რომელმაც აჯობა ყველა სხვა იდეოლოგიას და ასევე საბაზრო ეკონომიკამ მოიპოვა სრული გამარჯება სხვა ეკონომიკურ სისტემებზე. Aმიტომ, მისი აზრით, რაც უფრო დრო გავიდოდა, სხვადასხვა რეგიონებში დამყარდებოდა ლიბერალიზმი და საბაზრო ეკონომიკა. ფუკუიამა ვერ ხედავდა ლიბერალიზმის შემაჩერებელ ფაქტორებს, რომელიც არსებობდა სამყაროში. თუმცა მოგვიანებით, როცა ნათელი გახდა, რომ ლიბერალიზმს არ შეუძლია შეაღწიოს მრავალ ქვეყანაში, და უფრო მეტიც, ბევრმა ასეთმა ქვეყანამ ნამდვილი ომიც კი გამოუცხადეს მას, მოხდა ფუკუიამას თეორის გადახედვა. ის, ვინც ახლებურად შეხედა მსოფლიოს გეოპოლიტიკრ სიტუაციას, იყო ამერიკელი პოლიტოლოგი სემუელ ჰანტინგტონი. მან თავის სტატიაში „ცივილიზაციათა შეჯახება“   წამოაყენა სამყაროს განვითარების ახლებური ხედვა, რომლის მიხედვით მე-20 საუკუნეში ძირითადი დაპირისპირებების მიზეზს წარმოადგენდნენ იდეოლოგიები და მათი შორის დაპირისპირებები. სწორედ  ამ დაპირისპირებებმა განსაზღვრეს მე-20 საუკუნის ისტორია. რაც შეეხება 21-ე საუკუნეს, აქ, მისი აზრით, ადგილი ექნება ან ცივილიზაციებს ან რელიგიებს შორის მძლავრი დაპირისპირებები. 1996 წელს ჰანტინგტონმა გამოსცა წიგნი „ცივილიზაციათა შეჯახებები და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“, რომელშიც მან განავრცო მისი ადრე გამოცემული სტატიის ძირითადი იდეები. მისი აზრით, „მსოფლიოში, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ერებს შორის - არა იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, არამედ კულტურული ფაქტორი იქნება“. ადამიანებმა დაიწეს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია არა სახელმწიფოსთან ან ერთან, არამედ უფრო ფართე კულტურულ გაერთიანებასთან - ცივილიზაციასთან. „უფრო ფუნდამენტური, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია  ან პოლიტიკური რეჟიმი, არის რელიგია, რომელიც უფრო მეტად ჰყოფს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება. ადამიანი შეიძლება იყოს ნახევრადფრანგი და ნახევრადარაბი, ორივე ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ შეუძლებელია იყოს ნახევრადმუსულმანი ან ნახევრადკათოლიკე“.  ჰანტინგტონმა დაასახელა  ექვსი არსებული ცივილიზაცია - ინდური, ისლამური, იაპონური, მართმადიდებლური, ჩინური და დასავლური. ის ასევე განიხილავს სხვა ორი ცივილიზაციის არსებობას, ესენია აფრიკული და ლათინო-მექსიკური.  მისი აზრით, მთავარი დაპირისპირება, რომელიც მოხდება 21-ე საუკუნეში, იქნება ცივილიზაციათა შორის კონფლიქტები, ძირითადად, დასავლურ ცივილიზაციასა და დანარჩენ ცივილიზაციებს შორის. ჰანტინგტონის მოსაზრებით, დასავლური ცივილიზაციის ბატონობა დასასრულისკენ მიდის. მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოვლენ ახალი სახელმწიფოები, რომლებიც უარყოფენ და დაუპირისპირდებიან დასავლურ ღირებულებებს. განსაკუთრებულად საშიშ ძალას დასავლური ცივილიზაციისთვის წარმოადგენს ისლამური ცივილიზაცია, თავისი დემოგრაფიული ბუმით და კულტურული აღორძინებით. მეორე საფრთხე მოდის აზიიდან, კონკრეტულად კი ჩინური ცივილიზაციიდან. მომავალში ასევე მოსალოდნელია ისლამური და ჩინური ცივილიზაციების დაახლოება. იმისთვის, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ შესძლოს უპასუხოს ამ გამოწვევებს, მან უნდა ეცადოს განავრცოს და გააფართოვოს საკუთარი გავლენა მსოფლიოში, და ეს უნდა იყოს პირველ რიგში სხვა ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია დასავლურ ცივილიზაციაში.. ჰანტინგტონი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას. ის ფიქრობს, რომ ლათინური ამერიკა უნდა მოექცეს დასავლური ცივილიზაციის ორბიტაზე. ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა იაპონიასა და ჩინეთს შორის არ მოხდეს დაახლოება. რუსეთს უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ის საჭიროებს ხელშეწყობას, რომ მან რაღაც დონეზე შეძლოს ჩინური და ისლამური ცივილიზაციების კონტროლი .


ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეოპოლიტიკური ხედვა, რომელიც მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“   დიდ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ამერიკულ გეოპოლიტიკაში. მისი აზრით, მსოფლიოში ყველაზე მნიშნველოვანი ადგილი არის ევრაზია და განსაკუთრებით ე.წ „ევრაზიული ბალკანეთი“,  რომელშიც იგი მოიაზრებს კასპიისპირა რეგიონებს და კავკასიას. იმისთვის, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს ჰეგემონია მსოფლიოში, მას სჭირდება თავისი გავლენის დამყარება ამ „ევრაზიულ ბალკანეთში“. მომავალი გლობალური პოლიტიკა მსოფლიო სხვადასხვა დიდ სახელმწიფოების მიერ კონცენტრირებული იქნება ბჟეზინსკის აზრით სწორედ აღნიშნულ რეგინზე და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება მასზე კონტროლის დამყარება. Aმერიკელი პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთს აუცილებლდა სჭირდება უკრაინის დამორჩილება, რათა ის კვლავ იქცეს იმპერიად, მისი ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ თანამედროვე გეოპოლიტიკოსის ნაშრომად და მნიშვნელოვანია ისიც რომ თვითონ ბჟეზინსკი დღეს-დღეობით არის პრეზიდენტ ობასმას მრჩეველი დამ ას აქვს დიდი გავლენა ამერიკის მთავრობაში საგარეო-პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს.