Saturday, March 11, 2017

პირველი გლობალიზაცია

პირველი გლობალიზაცია

მსოფლიოში პირველი გლობალიზაციის პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ აქემენური სპარსეთი, მაგრამ ეს იყო იმ სახის გლობალიზაცია, რომელიც არ ატარებდა კულტურულ გლობალიზაციის ხასიათს. აქემენური სპარსეთი იყო ერთიანი იმპერია, მრავალი კულტურით და ის თვითონ განიცდიდა დაპყრობილ ხალხების კულტურულ გავლებებს. ამ იმპერიაში სხვადასხვა ხალხები საკუთარ კულტურულ ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მათი დამოკიდებულება ცენტრისადმი მხოლოდ ორი სახის მორჩილებაში: გადასახადების გადახდაში და სამხედრო ბეგარაში გამოიხატებოდა, რაც შეეხება კულტურულ საკითხს ისინი ისევე განაგრძობდნენ არსებობაც როგორც დაპაყრობამდე.
გლობალიზაციის უფრო მნიშვნელოვანი ტალღა იწყება ელინიზმის ეპოქაში, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიპყრობს სპარსეთის იმპერიას და თავის იმპერიას ბალკანეთიდან, ინდოეთამდე გადაჭიმავს. ამ პერიოდში იწყება არა უბრალოდ იმპერიის შექმნა, არანმედ კულტურული ექპსანსიაც, რაც საბოლოო ჯამში ელინიტური კულტურის ჰეგემონია გამოიწვია.
ეს პროექტი ალექსანდრე მაკედონელს არ შეუქმნია, ეს იდეა გაჩნდა მამამისის ფილიპე II მაკედონელის მიერ, რომელსაც სურდა სპარსეთში გალაშქრება და ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა, მაგრამ ამისთვის სჭირდებოდა საბერძნეთის გაერთიანება. ძვ.წ IV საუკუნეში საბერძნეთში პოლისური სისტემა მნიშვნელოვან კრიზისს განიცდიდა. როდესაც საბერძნეთთან ახლოს გაჩნდა ცენტრალიზებური მონარქიული სახელმწიფო მაკედონიის სახით, ბერძნულმა სამყარომ მტრულად აღიქვა ის. ბერძნები მაკედონელებს არ აღიქვავდენ ელინებად. ბერძნები როგორც ცნობილია სამყაროს ყოფდნენ ელინებად და ბარბაროსებად[1] და როდესაც ფილიპემ დაიწყო საბერძნეთის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ორატორი დემოსთენე, რომელიც ფილიპეს, ქსერქსეს ადარებდა და მაკედონელებს ბარბაროსებს უწოდებდა,  შემოიტანა ცივილიზაციური შეჯახების კონცეფცია ელინებსა და ბარბაროსებს შორის. მართალია ბერძნულ-სპარსული ომი ბევრ მკვლევარისთვის განიხილება როგორც ცივილიზაციური ომი, თავად ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე როდესაც ადარებდა სპარსელებს და ბერძნებს ამბობდა რომ განსხვავება ბარბაროსებსა და ელინებს შორის არის ის რომ ბარბაროსებში (იგულისმება სპარსელები) არის მხოლოდ ერთი თავისუფალი ადამიანი და ის მეფეა, ხოლო ელინებში ყველა თავისუფალია, მაგრამ თავად დაპირისპრიება არ ყოფილა კულტურული შინაარსის, ის იყო  პოლიტიკური შინაარსის.  მოგვიანებით ეს ომი აღიქვეს როგორც ცივილიზაციური დაპირისპირება. დემოსთენემ ამ აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მართალია ფილიპემ შეძლო ანტიმაკედონური კოალიციის დამარცხება და მაკედონური ჰეგემონიის დამყარება, მაგრამ თავად ფილიპემ ვეღარ შეძლო სპარსეთში ლაშქრობა, რადგან შეთქმულებმა ის მოკლეს და მისი საქმე მისმა შვილმა ალექსანდრემ გააგრძელა. ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ 331 წელს გავგამელას ბრძოლაში დაამარცხა აქემენდური სპარსეთის უკანასკნელი შაჰი დარიოს III  და სპარსეთი დაპყრო. მან შექმნა ახალი გლობალური იმპერია, მაგრამ როდესაც ალექსანდრე გარდაიცვალა მისი იმპერია დაიშალა და წარმოიქმნა რამოდენიმე ელინური სახელმწიფო. მეცნიერები უწოდებენ ამ პერიოდს „ელინიზმის ეპოქას“ რომელმაც სამი საუკუნე იარსება, იქამდე სანამ რომმა დაიპყრობს უკანასკნელ ელინურ სახელმწიფოს პტოლემაიოსების ეგვიპტე ძვ.წ 30 წელს.


ელინისტური სამყარო

ელინიზმიზმის ეპოქა ხასიათდება იმით რომ ეს იყო პერიოდი ელინურ-აღმოსავლურ ცივილიზაციის სინთეზის, ამ პერიოდში მოხდა კულტურის, რელიგიების, პოლიტიკური სისტემების გადაკვეთა და შერწყმა. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ 323 წელს მისი იმპერია გაიყვეს დიადოქოსებმა (მხედარმთავრება), ჩამოყალიბდა რამოდენიმე ელინური სახელმწიფო:

·         სელევკიდების სამეფო რომელის დედაქალაქი თავიდან ბაბილონი იყო, ხოლო მოგვიანებით ანტიოქია ხდება
·         ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო რომელიც ძვ.წ III საუკუნეში გამოყო სელევკიდებს და მდებარეობდა თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე
·         ინდურ-ბერძნული სამეფო რომელიც გამოეყო ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოს ძვ.წ II საუკუნეში და რომელიც მდებარეობდა თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე
·         პონტოს სამეფო, რომელიც სამხრეთ შავი ზღვისპირეთში მდებარეობდა
·         პერგამოსის სამეფო რომელიც დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა
·         კომაგენეს სამეფო, რომელიც გამოეყო სელევკიდების სამეფოს და მოგვიანებით კომაგენეს სამეფო დინასტია ხდება სომხეთის მართველები და ქმნიან „დიდ არმენიის“ სამეფოს.
·         პტოლემაიოსების ეგვიპტე
·         მაკედონური სამეფო
·         აქავური კავშირი - ბერძნულ პოლისების კავშირი
·         ბოსფორის სამეფო, რომელიც თანამედროვე ყირიმის ტერიტორიაზე არსებობდა

ელინურ ელინურ სამყაროს უწოდებდნენ „ელინისტურ ოიკუმენეს[2] თუმცა ასევე არსებობდა დანარჩენი სამყარო რომელთანაც ელინისტურ სახელმწიფოებს ჰქონდა სავაჭრო, პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები. ამ პერიოდში ოიკუმენის მიღმა აღიქმეოდა ქართლის (იბერიის) სამეფოც.
ელინისტური სახელმწიფოები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს ჰეგემონიისთვის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯარს და ფლოტის. ელინისტური სამეფოები ძირითადად იყენებდნენ მოქირავე ჯარს, რომლებთაც აძლევდნენ ფულად თანხას ან ომში სამსახურის შემდეგ მიწებს ურიებდნენ. ელინისტური ხანის მეფეები ცდილობდნენ არ გამოეყენებინათ ადგლობრივი მოსახლეობა ჯარში, მოქირავეები ძირითადად იყვნენ ბერძნები, მაკედონელები ან უცხო ტომის ხალხი, რადგან ელინისტ მეფეებს ძალიან ეშინოდათ აჯანყებების და არ ენდობოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
ელინურ სახელმწიფოებში არსებობას განაგრძობდნენ პოლისები, მათ გააჩნდათ ფართო ავტონომია, ხშირ შემთხვევაში ისინი არც უხდიდნენ გადასახადს ელინურ სახელმწიფოებს, ყველაზე დიდი ესეთი პოლისები იყო ალექსანდრია-ეგვიპტეში, ანტიოქია-სირიაში და ა.შ. სამაგიეროდ თუ კი ბერძნები რომლებიც პოლისებში ცხოვრობდნენ არ იხდიდნენ გადასახადს, ადგილობრივი მოსახლეობა იყო გადასახადებით დამძიმებული და მთელი სიმძიმე მათ აწვებოდათ. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გადაეხადათ პოლისისთვის ცალკე გადასახადი და ელინურ მეფისთვის ცალკე გადასახადი.
სამაგიეროდ ელინისტი მეფეები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდნენ მეცნიერების, ხელოვნების და კულტურის განვითარებაში, ასე იგვიპტეს მეფეებმა ალექასნდრიაში შექმნეს დიდი ბიბლიოთეკა სადაც 400 000 წიგნი ინახებოდა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა ფილოლოგია, ლიტერატურული კრიტიკა და სხვადასხვა დარგები. ამის გარდა შეიქმნა მუსიუმი (აქედან წარმოიშვა სიტყვა მუზეომი) რომელიც იყო კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები ტარდებოდა ცხოველებზე, მცენარეებზე, შეისწავლებოდა და დაკვირვება მიდიოდა ციურ სხეულებზე, ამ ინსტიტუმა დიდი აღმოჩენები მოახდინა მეცნიერებაში, იყო გამოთვლილი მზესა და დედამიწას შორის მანძილი, ასევე ტექნოლოგიური პროგრესი მოყვა გამოგონილი იყო ე.წ არქიმედნეს ჭანჭიკი რის შედეგადაც წყალი ზემოთ ადიოდა და მოხდა მაღალი ტერიტორიების მორწყვა, რამაც მოსავლიანობა საგრძნობლად გაზარდა. თუმცა ბევრი გამოგონება არ გამოიყენება წარმოებაში, მაგალითად ორთქლის მანქანა რომელიც ელინისტურ ეპოქაში გამოიგონეს და იყენებდნენ მხოლოდ თეატირის მუშაობისთვის.
ელინისტურ სახელმწიფოებს შორის ომი შედეგად ბევრი ხალხი იძულებული იყო სხვადასხვა ტერიტორიაზე გადასულიყო, მაგალითად ამ პერიოდში მოხდა ებრაელების გადასახლება ეგვიპტეში, რამაც გამოიწვია დიდი კულტურული გარდაქმნები. ებრალებს რომლებმაც აითვისეს ბერძნული ენა და დაავიწყდათ მშობლიური, დაჭირდათ საკუთარი წმინდა წიგნების თარგმნა ბერძნულად, რასაც უწოდებენ  სეპტუაგინტას, არსებობს სულ 70-მდე ესეთი თარგმანი, რომელიც დაიწერა ძვ.წ III-I საუკუნეებში. გადმოცემის თანახმად თარგმნის ინიციატორი ყოფილა არისტოტელეს მოწამე ბერძენი ფილოსოფისი დემეტრი ფალერელი. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც რელიგიური ტექსტი სხვა კულტურიდან ითარგმნა მეორე კულტურის მიერ, რამაც მოგვიანებით გააიოლა კულტურათაშორისი დიალოგი და გასაგები გახადა ელინებისთვის ქრსტიანობა.
ბერძნები რომლებიც იყვნენ ზღვის ხალხი, გაუჭირდათ აღმოსავლეთში ცხოვრება და მალე ელინისტურ სახელმწიფოების მოწინააღმდეგე ახალი სახელმწიფო წარმოიქმნა ირანის ტერიტორიაზე პართიის სახით, რომელმაც შეძლო აღმოსავლეთიდან განედევნა ელინისტური მართველები და კვლავ კულტურულად აქემენურ სპარსეთის ტრადიციებს დაბრუნებოდნენ.
მაგრამ საბოლოო შედეგი ელინიზმის იყო ის, რომ თუ კი აქამდე ბერძნები მიიჩევნენ რომ არსებობს ისტორიული ცენტრები საბერძნეთის სახით და სხვა დანარჩენი უბრალოდ ამ ცენტრების მიბაძვა იყო, ამიერიდან ბერძნებმა დაინახეს სხვა კულტურების თვითმყოფადობა და დაიწყეს მათი შესწავლა. კლასიკურ პერიოდში როდესაც ისახებოდა ისტორია, როგორც მეცნიერება, ბერძნებს ისტორია აინტერესებდათ ელინებთან მიმართებაში, ხოლო ელინიზმის პერიოდში ბერძნები ინტერესდებიან მსოფლიო ისტორიით. ისტორია ხდება გლობალური.



[1] თავდაპირველად ბარბაროსობა არ იყო ველურის სინონიმი, ის უბრალოდ არაელინს ნიშნავდა, ბარბაროსობა ველურის სინონიმი ცოტა მოგვიანებით გახდა.
[2] ოიკუმენეს მოგვიანებით სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და ქრისტიანობის მიღების შემდეგ ოიკუმენე იყო ქრისტიანული სამყარო - ქართველები შუა საუკუნეებში მივიჩნევდით თავს ოიკუმენეს უკიდურეს აღმოსავლეთით მყოფნი, მის სადარაჯოზე მდგომი.

No comments:

Post a Comment