Thursday, January 7, 2010

ქართული გეოპოლიტიკური ტრადიციები

საქართველოს წარსულიდან გამომდინარე ის შეეჩვია იმპერიათა შორის არსებობას და გამოიმუშავა გარკვეული საგარეო პოლიტიკური ტრადიცია. საქართველო არსებობდა ისეთ გეოპოლიტიკურ მდგომარეობაში, რომლის დროსაც მისი მეზობელი სახელმწიფოები იმპერიები იყვნენ. Aმიტომ, ის თვითგადარჩენისა და პოლიტიკური ელიტის ინტერესების დასაკმაყოფილებლად ცდილობდა იმპერიებს შორის გაება ურთიერთობა და ორივე იმპერიის ინტერესები გამოეყენებინა საკუთარი ვიწრო პოლიტიკური ინტერესის დასაკმაყოფილებლად. საქართველოს ისტორია ეს გარკვეულწილად არის ისტორია პატარა ქვეყნისა, რომელსაც გამუდმებით უწევს ლავირება ორ ან რომედენიმე იმპერიას შორის. ქართლის პირველ მეფის ფარნავაზის ისტორიაც გარკვეულწილად დაკავშირებულია ასეთი სახის დაპირისპირებასთან, რომელსაც ადგილი ჰქონდა ორ უცხო სახელმწიფოს შორის. აზო წარმოადგენდა პონტოს სამეფოს ინტერესების გამტარებელს აღმ. საქართველოში, ხოლო ფარნავაზი კი წარმოადგენდა სელევკიდების სამეფოს ინტერესების გამომხატველს. ქართლის სამეფო შეიქმნა ორი უცხოური სამეფოს ინტერესების დაპირისპირების შედეგად.
საქართველოს გეოპოლიტიკურმა მდგომარეობამ განსაზღვრა საქართველოს ისტორია. ქრისტიანული რელიგიის გამოცხადება მირიან მეფის მიერ სახელმწიფო რელიგიად, ქართველი ისტორიკოსთა ნაწილი უკავშირებს გეოპოლიტიკურ ნაბიჯს. ეს კერძოდ უნდა ყოფილიყო ნაბიჯი ირანული სივრციდან გამოსვლის და რომაულ სივრცეში შესვლის გზაზე. ქრისტიანობის მიღებაც და დამკვიდრებაც, მათი აზრით, გარკვეულწილად ქართული პოლიტიკური ელიტის ინტერესში შედიოდა.
თავიდანვე აღნიშვნის ღირსია ერთი გარემოეობა. კერძოდ ის, რომ გეოპოლიტიკური თვალსაზრისით საქართველოზე კონტოლის დამყარება, (პირველ რიგში მისი გეორგრაფიული მდებარეობის გამო) ნიშნავს ავტომატურად რეგიონში მდებარე მეტოქე სახელმწიფოზე მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვებას. საქართველოში ყოველთვის იდგა ერთიანობის პრობლემა, და ბევრი ისტორიკოსი ამ საკითხს განიხილავს როგორც შიდა ფეოდალური სისტემის არამდგრადობის და არასრულყოფილების შედეგს. რაც, რა თქმა უნდა გარკვეულწილად მართალიცაა. თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ქართული სამეფოს დაშლილობა დიდწილად განპირობებული იყო ასევე საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობით. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში არსებობდა ეგრისის სამეფო, რომელიც რომის იმპერიის გავლენის ქვეშ იმყოფებოდა, ხოლო ქართლის სამეფო კი სპარსეთის გავლენის ქვეშ იყო. მსგავსი დაყოფა ქართული მიწის გარკვეულწილად ამ ორ იმპერიას შორის ძალთა ბალანსის დაცვას ემსახურებოდა, რათა არც ერთს არ ჰქონოდა უპირატესობა მეორეზე. საქართველოს შესაბამისი დაყოფა ორ სამეფოდ იყო გეოპოლიტიკური მდგომარეობის გამომხატველი.
ქართული გეოპოლიტიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, ეს არის ქართლი ელიტის დამოკიდებულება უცხო იმპერიებს მიმართ. ქართული პოლიტიკური ელიტა არასდროს არ ყოფილა ან პროირანული ან პრორომაული, ან პროოსმალური და ა.შ ის ყოველთვის იყენებდა უცხო ძალას საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამის უამრავი მაგალითი არსებობს: გუბაზ მეფის, ვახტან გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის და თავად ერეკლე II-ის პოლიტიკა. ისინი ცდილობდნენ გარე ძალები ერთმანეთის წინააღმდეგ დაეპირისპირათ საქართველოს გულისთვის. ამით ისინი იმყარებდნენ საკუთარ სახელისუფლო პოზიციებს ქვეყნის შიგნით, აიძულებდნენ რა მათზე ძლიერ ქვეყნებს ანგარიში გაეწიათ მათთვის. სწორედ ასეთი ქცევა წარმოადგენს ქართული საგარეო-პოლიტიკურ ტრადიციას. ასე რომ ქართული პოლიტიკური ელიტის მიზანი იყო, რაც შეიძლება მწვავე ყოფილიყო დაპირისპირება საქართველოსთვის ორ ან სამ მოქიშპე დამპყრობელს შორის.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი ქართული გეოპოლიტიკისა არის ასევე ქართველების დამოკიდებულება ცივილიზაციისადმი. ყველა ერი ირჩევს ისეთ მოკავშირეს, რომელთანაც მას აკავშირებს მსგავსი ღირებულებრივი სისტემა. ანუ მოკავშირეს უნდა გააჩნდეს მსგავსი პოლიტიკური, სოციალური, რელიგიურ-მსოფლმხედველობითი თუ სხვა ღირებულებები. საქართველოს საგარეო პოლიტიკას ხშირად განსაზღვრავდა რელიგიური ფაქტორი. ქართული საგერო პოლიტიკა ყოველთვის არა, მაგრამ ხშირად ორიენტირებული იყო ქრისტიანულ სახელმწიფოებზე, რამაც მნიშვნელოვნად განსაზღვრა კიდეც საქართველოს დაახლოება რუსეთთან.
რუსეთის მართმადიდებლობა იქცა განმსაზღვრელ ფაქტორად, რომელმაც განაპირობა საქართველოს და რუსეთის დაახლოება მე 17-18 საუკუნეებში.
შემდეგ ღირებულებების ცვლა. მე-20 საუკუნის დასაწყისში საქართველოში გავრცელება ჰპოვებს სოციალდემოკრატიული და კომუნისტური იდეოლოგიები, რაც მეტწილად განაპირობებს ქვეყნის გასაბჭოებას და კომუნისტური რეჟიმის დამყარებას.
1990-იან წლებში იწყება „ეროვნული მოძრაობის“ პეროდი. Aამ დროისთვის, ქართველებისთვის უფრო მიმზიდველი და საინტერსო ხდება დასავლური ლიბერალური ღირებულებები. საქართველო მალევე ღებულობს დამოუკიდებლობას. მყარდება და სულ უფრო მტკიცდება კავშირები დასავლეთის ქვეყნებთან. ქართველები უკვე საკუთარ თავს მიიჩნევენ ევროპული კულტურის ნაწილად და სურთ გადაიღონ ის ღირებულებები, რომლებიც დომინირებენ დასავლურ ცივილიზაციაში. იმავდროულად ქართულ საზოგადოებაში იწყება ძიება იმ საგარეო-პოლიტიკური მოდელის, რომელიც ყველაზე მეტად შეიძლება იყოს სასარგებლო ქვეყნისთვის.
საინტერესოა ამ მხრივ, ქართველი მკვლევარების აზრი იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს გენერალური ხაზი ქართული გეოპოლიტიკაში. 1992 წელს ქართველმა პოლიტოლოგმა ირაკლი მჭედლიშვილმა გამოაქვეყნა სტატია „საქართველო და კავკასიური პოლიტიკა“, რომელშიც მან გაანალიზა კავკასიის ისტორია და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ისტორიულად ყოველთვის, როდესაც კავკასიაში ადგილი აქვს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტს, მაშინ ეს რეგიონი ეფლობა ქაოსში და ომებში. მისი აზრით, იმისთვის, რომ კავკასიაში დამყარდეს სტაბილურობა, საქართველომ, ისევე როგორც რეგიონის სხვა სახელმწიფოებმა აუცილებელია დააბალანსონ სხვადასხვა დიდი მეზობელ სახელმწიფოთა ინტერესები. მისი აზრით, საქართველოს ამ მიზნის მისაღწევად უნდა უზრუნველყო რუსული კაპიტალის რაც შეიძლება უპრობლემო გადაადგილება თავის ტერიტორიაზე ირანის მიმართულებით, და ასევე ის უნდა შეძლებისდაგვარად გამხდარიყო რუსეთის პლაცდარმი, რათა ამ უკანასკნელს შეძლებოდა აქტიური პოლიტიკის გატარება წინა აზიაში. მისივე კონცეფციის მიხედვით, საქართველოს უნდა უზრუნველყო თურქეთისთვის მისი საგზაო-საკომუნიკაციო კავშირი აზერბაიჯანთან, ხოლო ირანს კი უნდა დახმარებოდა ევროპაში ნედლეულის გატანაში. ბატონ ი.მჭედლიშვილის მოსაზრებით, თუ კი საქართველო და სხვა კავკასიური სახელმწიფოები შეძლებდნენ მეზობელ დიდ სახელმწიფოების ინტერესთა ერთმანეთის მიმართ ჰარმონიაში მოყვანას, მაშინ საქართველოში და ზოგადად კავკასიაში სტაბილურობა და სიმშვიდე დაისადგურებდა. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ საქართველოს მაშინდელი ლიდერის ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკაც გარკვეულწილად აქეთკენ იყო მიმართული.
თუმცა 2003 წლისთვის პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში და მის ირგვლივ არსებითად შეიცვალა. არც შეერთებულ შტატებს და არც რუსეთს უკვე აღარ აწყობდათ საქართველოს პოლიტიკა, რომელიც ცდილობდა ბალანსირებას ამ ორი ზესახელმწიფოს ინტერესებს შორის. ამან თავის მხრივ განაპირობა საქართველოში 2003 წელს ვარდების რევოლუცია. მის განხორციელებაში აქტიური როლი ითამაშა სხვადასხვა უცხოურმა ძალამ. შედეგად ქვეყნის სათავეში მოვიდა უფრო რადიკალი პოლიტიკოსი მიხეილ სააკაშვილი.

No comments:

Post a Comment