Wednesday, February 11, 2015

ეროვნული უმცირესობები საკითხი საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

ეროვნული უმცირესობები საკითხი  საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, აქტიურად დადგა ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების საკითხი. ერთი მხრივ ხელისუფლებაში მემარცხენე ძალა სოციალ-დემოკრატები იყვნენ, მაგრამ მეორე მხრივ დღის წესრიგში ერი-სახელმწიფოს (ეროვნული სახელმწიფოს, როგორც მაშინ უწოდებდნენ) შექმნის საკითხი დადგა. თავად სოციალ-დემოკრატებშიც არ იყო ერთიანი მიდგომა, თუ როგორი ურთიერთობა უნდა ჰქონოდა სახელმწიფოს და რა უფლებები უნდა მიეცა ეთნიკურ უმცირესობებისთვის.
1918 წ 26 მაისის საქართველოს ეროვნულ საბჭოს სხდომაზე ნ.ჟორდანიამ წარმოსთქვა სიტყვა: „ ჩვენს სახელმწიფო ფარგლებში, მოსახლეობს სხვადასხვა ერთა უმცირესობა. ვაცხადებთ, რომ ეროვნული უმცირესობანი იქნებიან ისევე უფლებამოსილნი,  როგორც იქნება ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული უმრავლესობა - ქართველობა“. სოციალ-დემოკრატთა ლიდერის ეს განცხადება, უბრალო განცხადების დონეზე არ დარჩენილა. საქართველოს დამოუკიდებლობის აქტის წარმოდგენის დროს, გამოკვეთილად დაფიქსირდა პოლიტიკური ნება, რომ ქვეყანაში დაცული ყოფილიყო ეთნიკური უმცირესობების უფლებები. დამოუკიდებლობის აქტის მე-5 და მე-6 მუხლში წერია: „5) საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკა თაცის საზღვრებში თანასწორად უზრუნველყოფს ყველა მოქალაქის სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებებს განურჩევლად ეროვნებისა, სარწმუნობისა, სოციალური მდგომარეობისა და სქესისა. 6) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა განვითარების თავისუფალ ასპარეზს გაუხსნის მის ტერიტორიაზე მოსახლე ერს“.  ქართული პოლიტიკური ელიტა, ცდილობდა ხშირად დაესვა ეროვნული უმცირეობების საკითხი და ის უბრალო ფორმალობად არ დარჩენილიყო. ეროვნული საბჭოს 1918 წლის 15 ივნისის სხდომაზე გამოქვეყნებულ დეკლარაციაში ვკითხულობთ: „მთავრობა თავის მოვალეობად მიიჩნევს, ცხოვრებაში გაატაროს საქართველოს დამოუკიდებლობის აქტში აღიარებული დებულება, რომლითაც საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ეროვნულ უმცირესობათა მოქალაქეებს მიენიჭებათ ისეთივე პოლიტიკური, მოქალაქეობრივი და ეროვნულ-კულტურული უფლებები, რომლითაც აღჭურვილი იქნება თვით ქართველი მოქალაქენი“


სახელმწიფო ენის საკითხი 

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების პერიოდში აქტიურად დადგა სახელმწიფო ენის შესახებ საკითხი. 1918 წლის 15 ოქტომბერს მიღებული იქნა „კანონი სახელმწიფო ენისა“, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო ენად გამოცხადდა ქართული ენა.  რაც შეეხება ეთნიკურ უმცირესობებს, სახელმწიფო დაწესებულებებში მათთვის მშობლიური ენის ხმარების საკითხი ცალკე კანონით უნდა განსაზღვრულიყო, ხოლო ეროვნულ საბჭოში მშობლიურ ენაზე მათ წარმომადგენლებს სიტყვის წარმოთქმის შესაძლებლობა ეძლეოდათ. სახელმწიფო ენის ქართულად გამოცხადების შემდეგ, დაიწყო პოლემიკა ენასთან დაკავშირებით. ქართულმა ენამ, როგორც ერთადერთმა სახელმწიფო ენამ გააღიზიანა განსაკუთრებით რუსი მოხელეები, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ რუსული ენის, როგორც მეორე ენის შემოღების საკითხს. ენის შესახებ პოლემიკაში მთლიანად საზოგადოება ჩაერთო. გაზეთი „ერთობა“ მოწინავე წერილი „უმცირესობათა უფლებები“ წერდა: „ნეტავ, რომელი სახელმწიფოა, რომ თავისი ენის მაგივრად უცხო ენა შემოიღოს?!“, ასევე ხაზს უსვამდა ცარიზმის დროს, ადგილობრივ დაწესებულებებში მშობლიური ენის შემოღებისთვის ბრძოლას. „ეხლა უკვე საკუთარი სახელმწიფო გვაქვს, და განა უცხო ენას უნდა ჩავებღაუჭოთ? ცხადია, არა. ჩვენ უნდა შემოვიღოთ სახელმწიფოში  სახელმწიფო ენა, ე.ი. დედაენაზე მოვუწოდოთ ხალხს ყოველვე“.  მომდევნო პუბლიკაციაში კვლავ გამოიცა ამ საკითხზე მიძღვნილი ვრცელი წერილი „ეროვნულ უმცირესობათა ენა“ სადაც წეერა: „პარლამენტის ენა ქართული უნდა იყოს. თუ ეთნიკური უმცირესობა მაინც მოისურვებს გამოგზავნოს ისეთი დეპუტატი, რომელმაც ეს ენა არ იცის - დაე გამოგზავნოს. ეს მისი ნებაა... ასეთი დეპუტატი თვითონ იგრძნობს უხერხულობას და არ მოისურვებს იჯდეს ისეთ დაწესებულებაში, რომლის ასავალ-დასავალი მას არ ესმის“
საზოგადოება ენის საკითხისადმი მგრძნობიარე იყო, ამავე დროს ეთნიკური უმცირესობების უფლებების საკითხის გადაჭრაც იდგა სახელმწიფოს წინაშე. თავად სოციალ-დემოკრატიულ პარტიაში ჩამოყალიბდა ორი მოსაზრება, ერთს შეგივძლია ვუწოდოთ უფრო ეროვნული პოზიციების მქონენი, რომლის სათავეშიც პ.საყვარელიძე იყო, მეორეს კი უფრო მემარცხენე პოზიციებზე მყოფ, რომელთა სათავეშიც რ.არსენიძე ედგა.
დისკუსია დაიწყო საპარლამეტო ენის შესახებ. პ.საყვარელიძემ განაცხადა: „ჩვენს პარლამეტში, სხვა ენაზედ ლაპარაკის ნების მიცემა შემოიტანს არევ-დარევას საქმის წარმოებაში, რადგანაც მათ მაშინ ნება ექნებათ თავიანთ ენაზედვე შემოიტანონ საბჭოში წინადადებები, კანონპროექტები და სხვა, რაც შეცვლის მთელი საქმის წარმოებას“. პ.საყვარელიძეს ოპონენტმა რ.არსენიიძემ წამოაყენა დებულება, რომლის მიხედვითაც ეთნიკურ უმცირესობებს პარლამეტში მხოლოდ ლაპარაკის უფლება მიეცემოდათ, ხოლო კანონპროექტების არაქართულ ენაზედ წარდგენას დაუშვებლად თვლიდა.  ამ საკითხს ეროვნული საბჭო 1918 წლის 21 სექტემბრის სხდომაზე ისევ შეეხო. რ.არსენიძემ ეთნიკურ უმცირესობების სიტყვის თარგმნის აუცილებლობის საკითხი დასვა. უმცირესობების წარმომადგენლების სიტყვა იმ შემთხვევაში უნდა ეთარგმნათ, თუკი მის აუცილებლობას საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევდა.  ამ დადგენილების მიღების მიუხედავად,  1918 წლის 27 სექტემბერს სხდომაზე ეროვნული საბჭო საპარლამენტო ენის საკითხს ისევ დაუბრუნდა და დისკუსიის შემდეგ მიიღო კანონი, რომელიც წინა სხდომაზე პ.საყვარელიძემ წარმოადგინა. ამ კანონის მიხედვით საპარლამენტო ენა ქართული რჩებოდა, ხოლო სახელმწიფო ენის არმცოდნე ეთნიკურ უმცირესობებისთვის მშობლიურ ენაზე სიტყვის წარმოთქმის უფლება ეძლეოდათ. ეს იწვევდა დიდ გაუგებრობას, ამიტომ დამკვიდრდა ტრადიცია, რომ უმცირესობები მხოლოდ რუსულ ენაზე წარმოთქვამდნენ ხოლმე სიტყვას. ეს იყო დიდი ნაბიჯი იმ პერიოდში, რომელიც სახელმწიფომ გადადგა ეთნიკურ უმცირესობების სასარგებლოდ და მათი ქართული ენის არ ცოდნის გამო, არ მოახდინა მათი პოლიტიკური ცხოვრებიდან გარიყვა.

ეთნიკური უმცირესობები საკანონმდებლო ორგანოში

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელიც იმ პერიოდში დადგა, ეს იყო ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების რაოდენობა, საკანონმდებლო ორგანოში. 1918 წლის 29 მაისის სხდომაზე, საქართველოს ეროვნულ საბჭოში ეროვნულ უმცირესობების წარმომადგენლების შესახებ სპეციალური დადგენილება მიიღო: „საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლე ეთნიკურ უმცირესობათა წარმომადგენელნი საქართველოს ეროვნულ საბჭოში მიღებულნ იქნან ამ ერების მოსახლეობის რაოდენობის პრინციპით. თვით წარმომადგენლების მოწვევა ხსენებულ ერების ნაციონალურ საბჭებთან ან სხვა ამგვარ დაწესებულებებთან შეთანხმებით მოხდეს“ ამ საკითხზე პოლემიკა მოგვიანებთაც გაგრძელდა. 1918 წლის 11 ივლისის სხდომაზე კ.მიქელაძე გამოვიდა მოხსენებით და ახალი კანონპროექტი განიხილა. ამ კანონპროექტის მიხედვით საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში ეთნიკურ უმცირესობებს 20000 მცხოვრებიდან ერთი დელეგატის გაგზავნის უფლება ეძლეოდათ, თუმცა გამონაკლისებსაც უშვებდა იმ უმცირესობებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებდნენ ამ მოთხოვნას (ბერძნები, გერმანელები, ებრაელები). ამავე დროს, ყველა კანდიდატის წინაშე მკაცრი მოთხოვნა იყო დაყენებული - ქართული ენის ცოდნის აუცილებლობა. 1918 წლის 31 აგვისტოს სხდომამ დოკუმენტში გარკვეული ცვლილებები შეიტანა, ხოლო 10 სექტემბერს სხდომამ, კანონპროექტის გათვალისწინებით ეთნიკური უმცირესობების 28 ადგილი, გარკვეული მოსაზრების გამო 26-მდე შეამცირა და ამ სახით 13 სექტემბერს სხდომაზე ოფიციალურად დამტკიცდა ეს დოკუმენტი. დოკუმენტში ვკითხულობთ: „მიეცეს უფლება საქართველოს ეროვნულ საბჭოში 26 წარმომადგენლის არჩევისა იმ ეროვნულ უმცირესობას, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე მოსახლეობს და საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეთაგან შესდგება, სახელდობრ, სომხებს 10, თათრებს - 4, აფხაზებს - 3, რუსებს - 2, ოსებს - 2, ქართველ ისრაელებს - 2, ებრაელებს - 1, ბერძნებს - 1, გერმანელებს - 1, ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლები უნდა გამოგზავნონ ამ ერების ეროვნულმა საბჭოებმა, რომელნიც არჩეულნი არიან საქართველოს მოქალაქეების მიერ და საქართველოს რესპუბლიკის ფარგლებში მოქმედებენ. შენიშვნა: სადაც ასეთი საბჭო არ არსებობს,, საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრის გამოგზავნის უფლება მიეცეს ისეთ ერის წარმომადგენელს, რომელნიც არჩეულნი არიან სხვადასხვა დემოკრატიულ დაწესებულებებში საქართველოს რესპუბლიკაში“

პოლემიკა ეროვნულ უმცირესობებისთვის კულტურულ-ავტონომიის მინიჭების შესახებ

ეთნიკურ უმცირესობებისა და ეროვნულ სახელმწიფოს ურთიერთობებთან დაკვშირებით, თავად საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ პარტიის შიგნით არ ყოფილა ერთიანი პოზიცია. თავად პარტიაში, დაიწყო უამრავი პოლემიკა პარტიის წევრებს შორის, ამ საკითხთან დაკავშირებთ. ჩვენ შეგვიძლია დავყოთ სოციალ-დემოკრატები რამოდენიმე ჯგუფად: 1) უნიტარულ-მემარჯვენულ პოზიციებზე მდგარ ნაწილად, რომელსაც სათავეში პეტრე საყვარელიძე ედგა 2) ფედერალისტურ-მემარცხენული ჯგუფი, რომლის სათავეშიც აკაკი ჩხენკელი იყო და 3) ზომიერ ჯგუფად, რომლის სათავეშიც ნოე ჟორდანია იყო.
1920 წლის 20 თებერვლის საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე ეთნიკურ უმცირესობათა უფლებების შესახებ პ.საყვარელიძემ გააკეთა მოხსენება: „ჩვენ ვდგავართ ეროვნული სახელმწიფოს ნიადაგზე და მისი ინტერესების თვალსაზრისით ვსინჯავთ ეროვნულ უმცირესობათა საკითხს“. პ.საყვარელიძე დასავლურ ევროპის გამოცდილებით აპელირებდა და საფრანგეთის მაგალითი მოჰყავდა. პ.საყვარელიძე უმცირესობებთან დაკავშირებით თავის პოზიცია ჰქონდა, ის ამბობდა: „ჩვენში მაგალითად ცხოვრობენ სომხები, ცხადია, აქ შეუზღუდაველ თავისუფლებაზე ლაპარაკი არ შეიძლება; სინამდვილეა ის, რომ მცირე დაჩაგცრა მათ ვერ აცდება, სამაგიეროთ ისინი სავსებით თავისუფალნი არიან სომხეთში, სადაც თავის მხრივ იჩაგრებიან თათრები. ეს არის კანონი, რომელიც თანასწორად ვრცელდება ყველაზე და რომელსაც ვერ გადალახავთ თუ გსურთ დაიცვათ სახელმწიფო ინტერესი“, მას მოჰყავდა რუსეთისა და ავსტირა-უნგრეთის იმპერიის მაგალითები და აცხადებდა, რომ: „პირველიცა და მეორეც... ერთი და იმავე მიზეზით დაინგრა... აქ არ იყო ეროვნული მოძრაობა და ეს კატასტროფა ბუნებრივი კანონით მოხდა“ (გასათვალისწინებელია ის, რომ პირველ მსოფლიო ომამდე, ავსტრია-უნგრეთის იმპერია, რჩებოდა გარკვეულწილად მისაბაძ ქვეყნად, იმ გაგებით, რომ ყველა ეროვნებას თანაბარი უფლებები ჰქოდნათ და ბევრი ცნობილი სოციალ-დემოკრატი, როგორიც მაგალითად ბაბელი იყო და ა.შ. ავსტრია-უნგრეთის მაგალითს, როგორც ნიმუშად ისე იყენებდნენ, მაგრამ ეტყობა პირველ მსოფლიო ომის შემდეგ სოციალ-დემოკრატებმა გადააფასეს თავიანთი დამოკიდებულება ავსტრია-უნგრეთის მოდელიზე) ამ საკითხს შეეხო უფრო მემარცხენე პოზიციებზე მყოფი აკ.ჩხენკელი 26 თებერვალს იმავე სხდომაზე, განაცხადა: „ჩვენ ვერავის მივბაძავთ, ვერავისგან გადმოვიღებთ რასმეს, რადგან არ არის ისტორიაში სათანადო, ჩვენი დამაკმაყოფილებელი მაგალითები. ეს კითხვა უნდა გადავჭრათ ჩვენი გონებით იმდენად საფუძვლიანად, რომ სხვისთვის გახდეს სამაგალითო“ აკ.ჩხენკელი მიიჩნევდა, რომ ეთნიკურ უმცირესობებისთვის განსაკუთრებული დათმობა იყო საჭირო: „ერთის ბედნიერება მეორის ბედნერებააა,  და ერთის უბედურება - უბედურებაა მეორესთვის. აყვავება სახელმწიფოსთვის, არის აყვავება და გამდიდრება უმცირესობისა. ეს უნდა ქონდეს შეგნებული ყოველ უმცირესობას, რომ ადგილი არ ქონდეს რაიმე გაუგებრობასა და უნდობლობას“. აკ.ჩხენკელი უარყოფითად მიიჩნევდა ყოველგვარ ძალადობას უმცირესობებზე და მათი ცნობიერების ამაღლებაზე საუბრობდა: „უმცირესობამ უნდა შეითვისოს ის აზრი, რომ ჩვენი რესპუბლიკა მათი რესპუბლიკაა და რაც ავნებს სახელმწიფოს ავნებს მათაც“.
ამ დისკუსიებში საზოგადოების ფართო წრე ჩაეთო. გაზეთი „ერთობამ“ გამოაქვეყნა სტატია „ეროვნული საკითხი ჩვენში“ სადაც წერდა შემდეგ რამეს: 1) საქართველოში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობები რუსები, სომხები, თათრები და ოსები სანდონი არ იყვნენ, რადგან რუსები დიდი რუსეთის აღდგენაზე ოცნებობდნენ, სომხები და თათრები საქართველოს ტერიტორიის მიტაცებაზე ოცნებობდნენ, ხოლო ოსები, მათ ჩრდილოეთ ძმებთან მიერთებას გეგმავდნენ. ამიტომ საჭირო იყო, მათდამი განსკუთრებული მიდგმობეი. 2) ავსტრიასა და საქართველოს შედარების ფონზე იყო სტატია დაწერილი და აღნიშნულია, რომ ავსტიის იმპერიაში სხვადასხვა ერების შეგნება მაღალი იყო, ამიტომ მისი მაგალითი არ გამოდგებოდა ჩვენთან: „საუბედუროდ ჩვენში მცხოვრებ უცხო ერებს ვერ მოვთხოვთ ასეთ შეგნებას. ერთობ დაბლა დგანან ისინი კულტურის საფეხურზე და არსებულ გარდამავალ ხანაში მათგან არ უნდა მოველოდოთ მამულიშვილურ გრძნობების აღტკინებას“. 3) გარკვეულწილად აფრთხილებდა ეთნიკურ უმცირესობებს: „უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენში მოსახლე სხვა ერებს, რომ აქ უზრუნველყოფილია მათი ადამიანური და მოქალაქეობრივი თავისუფლება - თანასწორობა. მაგრამ იმავე დროს თავიდანვე უნდა ვაგრძნობინოთ ჩვენი ძალა იმ ელემენტებს, რომელნიც... ისე კი არ იქცევიან როგორც მოქალაქენი, არამედ, როგორც თავხედი სტუმრები. ამ საქმეში ორ სკამზე ჯდომა და ქანაობა მხოლოდ ზარალს მოგვიტანს და სხვა არაფერს.“
1920 წლის 10 მარტს დამფუძნებელი კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, რუსმა დეპუტატებმა გააკეთეს განცხადება სახელმწიფო ენის იძულებითი სწავლების მიზანშეუწონლობისა და მასთან რუსულის გათანაბრების აუცილებლობის შესახებ.  ამ მოთხოვნას ასაბუთებდნენ, შემდეგნარიად: „ქვეყნად არსად არ არის სოციალისტური მთავრობა, ეს არის საქართველოში და ეს გარემოება ავალებს მთავრობას ზოგ რამეს, რაც სხვა სახელმწიფობისთვის უჩვეულოა და შეუძლებელი“. რაც შეეხება დაშნაკცუთიუნის პარტიის წარმომადგენელს ავეტისიანის განცხადებით: „რუსები, გერმანელები, ბერძნები წავლენ და ჩვენ უნდა ვეცადოთ იმ უმცირესობათა ცხოვრება მოვაწესრიგოთ, რომლებიც აქ რჩებიან“. ის რომ ეთნიკური უმცირესობების დეპუტატების განცხადებები და საქმიანობა ხშირად სახელმწიფო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა, რაც უმრავლესობის უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა. გაზეთები წერდნენ: „ისინი, ნებსით თუ უნებლიეთ ივიწყებენ იმ უბრალო ჭეშმარიტებას, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ტერიტორიაზე გარდა თვით ადგილობრივი მთავრობისა, არავის ნება არა აქვს დამოუკიდებელი ნაბიჯები გადადგას საგარეო თუ საშინაო პოლიტიკის სფეროში. ამ ვაჟბატონებს
ამ პერიოდში სოციალ-დემოკრატები თვლიდნენ, რომ ეროვნული სახელმწიფოს შენებლობას არ უნდა დაპირისპირებოდნენ ეთნიკური უმცირესობები და ამისთვის მთელი რიგი საკითხები უნდა მოეგვარებინათ და შეემცირებინათ ეთნიკურ უმცირესობებსა და სახელმწიფოს შორის დაპირისპირება. სოციალ-დემოკრატიულ რიგებში ძირითადად ორი თვალსაზრისი არსებობდა: 1) ეთნიკურ უმცირესობებისთვის საჯარო უფლებების მიცემის აუცილებლობის საჭიროება და 2) საქართველოსთვის მხოლოდ ეროვნული თემების დაშვების შესაძლებლობა.  1920 წლის 20 მარტის დამფუძნებელი კრების საკონსტიტციო კომისიის სხდომაზე აკ.ჩხენკელმა საქართველოში მცხოვრებ უმცირესობების კულტურული განვითარების მიზნით საჯარო უფლების მიცემის აუცილებლობა წამოაყენა. აკ.ჩხენკელის სიტყვით: „სახელმწიფო თავის უფლებას უთმობს სხვას, მაგრამ სახელმწიფოს აქვს კონტროლის უფლება. ჩვენი ცხოვრების ნორმალურად განვიარების ინტერესი მოითხოვს ვაღიაროთ საჯარო უფლებრივი ორგანოების საჭიროება“.  ეს პოზიცია აკ.ჩხენკელმა საქართველოს სოციალ-დემოკრატთა მუშათა პარტიის ცეკის 1920 წლის 22 მაისის სხდომაზეც დააფიქსირა. აკ.ჩხენკელიმა მოხსენება დაიწყო შემდეგი სიტყვებით: „ეროვნულ უმცირესობებს ყველაფერი უნდა მივცეთ, რაიც შესაძლებელი იქნება და სახელმწიფოს არ ავნებს“. სსდმ პარტიის მეორე ყრილობის სხდომაზე 1920 წლის 17 ივნისს აკ.ჩხენკელმა თავის დებულება შემდეგნაირად ჩამოაყალიბა: 1) ეთნიკური უმცირესობების თემები, ეროვნულ კავშირის საფუძველი მაშინ იქნებოდა, თუკი მას საჯარო უფლებებს მისცემდნენ. 2) ეროვნულ კავშირებს, მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით თვითმართველობის ბიუჯეტებთან სწავლა-განათლების გასაუმჯობესებლად ფინანსური საშუალებები პროპორციულად უნდა მიეღოთ. 3) ეთნიკურ უმცირესობებს სწავლა-განათლების გარანტიას სახელმწიფო მისცემდა, რომლის შემდეგაც უმცირესობების სიმპატიებს მოიპოვებდა სახელმწიფო „ამ გზით - ამბობდა აკ.ჩხენკელი - ჩვენ შეგვიძლია ავაცდინოთ ეროვნული კავშირები ყალბ და მავნე გზას“. აკ.ჩხენკელს გვერდი აუბა ირ.წერეთელმაც, თუმცა მის პროექტს დაუპირისპირდა პ.საყვარელიძე. 1920 წლის 20 თებერვალს დამფუძნებელ კრების საკონსტიტუციო კომისიის სხდომაზე, პ.საყვარელიჩემ, აკ.ჩხენკელის პროექტი გააკრიტიკ: „სხვა ერს აქ ჩვენ ვეღარ შევქმნით, სახელმწიფოში ახალ სახელმწიფოს ვერ დავაარსებთ, ჩვენ ვერ დავუშვებთ ვერც კურიებს, ვერც ავტონომიას და საზოგადოდ საჯარო უფლებრივ ხასიათის ორგანიზაციას“. პ.საყვარელიძემ მიანიშნა, რომ ზემოთ აღნიშნულ პროექტის შემთხვევაში ქაოსური სიტუაცია შეიძლება შექმნილიყო ქვეყანაში: „ჩვენ ყველაფერ დავუშვებთ, მაგრამ ვერ შევქმნით საჯარო უფლებრივ ორგანიზაციებს... მას ფიზიკური ძალის შექმის უფლება სურს მოიპოვოს, იგი სრული კანონმდებელია - ერთი სიტყვით, სახელმწიფოებრივი ფუნქციების მატარებელია. მაშინ ჩვენს რესპუბლიკაში იქნება 15 საჯარო უფლებით შემოსული ეროვნული საბჭო, გვექნება ცენტრალური სახელმწიფო და კიდევ 8-9 სახელმწიფო ჩვენ გვერდით და წარმოიდგინეთ ის კინკლაობა, რომელიც აუცილებელი შედეგი იქნება ასეთი მდგომარეობის. ამიტომ ჩფენ მეტად ფრთხილად უნდა მოვეპყრათ ამ საკითხს“.  ამ დისკუსიის დროს სიტუაციის განმუხტვა დააპირა სოციალისტ-ფედერალისტმა ი.ბარათაშვილმა, რომელმაც კომპრომისული ვარიანტი, ეთნიკური უმცირესობისთვის მხოლოდ ნახევრად საჯარო უფლებების საკითხი დააყენა.  პეტრე საყვარელიძემ ეს წინადადება უარყო: „ნახევრად საჯარო უფლება, როგორც ბრძანებს ბარათაშვილი, სრულიად არევს საქმეს და ამის მიღება ნიშნავს ჩვენთვის ეროვნულ სახელმწიფოს დაღუპვას. დიდ სახელმწიფოში ეს კიდევ დასაშვებია, პატრაში, როგორიც ჩვენი რესპუბლიკაა, ყოვლად მიუღებელია.“
1920 წლის 22 მაისის სსდმ პარტიის ცეკას სხდომაზე ნოე ჟორდანი გამოსვლით წარდგა. მან გააკრიტიკა კულტურული-ავტონომიის მომხრეები, დაუპირისპირდა აკ.ჩხენკელს, განსაკუთრებით იქ სადაც ერის „უფლების სუბიექტად“ გამოცხადებიდან გამოცხადებიდან გამომდინარე, ეთნიკურ უმცირესობებისთვის უფლების გამომხატველი ორგანოების შექმნის საკითხი იყო დასმული. „რუსეთის იმპერიაში - ამბობდა ნ.ჟორდანია - მომხრე ვიყავი სუბიექტური უფლებებისა, იმიტომ რომ ერები ჩაჭედილი იყვნენ ამ ქვეყანაში და გასაქანი არ ქონდთ. იმ კონკრეტულ პირობებში ეს საჭირო იყო“, ასევე ამატებს ნ.ჟორდანია: „რუსეთის ხელისუფლებას რაც უნდა დიდი უფლებები მიეცათ პატარა ერებისთვის, მაინც ვერაფერს დააკლდებდნენ რუსეთს, როგორც დიდ სახელმწიფოს.“ ნოე ჟორდანია საუბრობდა ასევე, იმ საშიშროებაზე, რასაც ფედერალიზმს შეიძლება მოჰყოლოდა: „ ჩვენ პატარა სახელმწიფო ვარ, აქ 16-მდე ნატეხი ერებია. ამდენი ხალხი რომ საჯარო უფლებებით აღვჭურვოთ, ისინი უფრო დიდი ცენტრები შეიქმნებიან ჩვენს რესპუბლიკაში. დღეს სულ სხვა პირობებია და მაშინდელ რუსეთის პირობებს ვერ შევადარებთ“.
ამ საკითხის მოსაგვარებლად, ნ.ჟორდანიამ წამოაყენა კომპაქტურ დასახლებული ეთნიკური უმცირესობებისთვის თემური სისტემის შემოღება, სახელმწიფო კი თემებზე ერთიან კონტროლს განახორციელებდა. „თუ თემების ფარგლებში  მოვათავსებთ - ამბობდა ნ.ჟორდანია - ნაციონალურ-ტერიტორიული კავშირი იქნება და ერის კულტურული განვითრება. სკოლებს თუ ვერ მოაწყობენ, სახელმწიფო ვალდებული იქნება ფულით დაეხმაროს. წინათ კანტონალურ სისტემას ვამბობდით, ეხლა კი თემური სისტემა აჯობებს მათთვისაც და სახელმწიფო ინტერესებიც დაცული იქნება. ისეთ გაბნეულ თემს, რომელსაც თემი არა აქვს, მათ ექნება ეროვნული კავშირი. სახელმწიფო სკოლისთვის დახმარებას მისცემს.“
ნოე ჟორდანიას წამოყენებულმა საკითხმა უმცირესობების თემების შესახებ, სსდმ პარტიის ცეკას სხდომაზე უმრავლესობამ დაუჭირა მხარი. დადგენილების დოკუმენტში ვკითხულობთ: „1) ნაციონალურ-ტერიტორიალურ თემებს მიეცეთ უფლება შეკავშირდნენ, სწავლა-განათლების და საერთოდ კულტურული საქმეებისათვის სახელმწიფო მათ დაეხმარება, 2) მათი ეროვნულ-კულტრული მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად სახელმწიფო იღებს თანხას... წესი თანხის მიღებისა კანონით, 3) იმ ერებს, რომელთაც არ შეუძლიათ თემებში მოხვდნენ, ექნებათ ცალკე კავშირი“.  ლ.ნათაძემ „ეროვნულ თემების“ მოწყობის შესახებ კონცეფცია წარადგინა, რომლის მიხედვითაც არაქართველ მოსახლეობას ფართო აპარეზს აძლევდა ეროვნულ-კულტურულ საქმეების მოწესრიგებისთვის. მისი კონცეფციის მიხედვით თემებს ეძლეოდათ ეროვნული ადმინისტაცია, ეროვნული სასამათლო, ეროვნული სკოლა და მასწავლებელი. მისი კონცეფციის თანახმად ახალქალაქისა და ბორჩალოს მაზრებში, სოხუმისა და ბათუმის ოლქებში სომხური თემი უნდა მოეწყოთ. ბორჩალოს, თბილისისა და ახალციხის მაზრებში - თათრული თემი. თბილისსა და ბორჩალოს მაზრებში - გერმანული თემი. თბილისის, ახალქალაქის და ბორჩალოპს მაზრებში და სოხუმის ოლქში - რუსული თემი. გორისა და დუშეთის მაზრებში - ოსუხი თემი. ბორჩალოს მაზრასა და სოხუმის ოლქში - ბერძნული თემი.  ამ საკითხების გადასაჭრელად და საერთო პლატფორმის შესამუშაველად შეიქმნა კომისია (ნ.ჟორდანია, ნ.რამიშვილი, აკ.ჩხენკელი, ი.წერეთელი, ლ.ნათაძე და მ.არსენიძე). კომისიის მუშაობის შედაგად იქნა მიღებული ერთიანი რეზოლუცია: „ეროვნული უმცირესობებისგან შემდგარი ადგილობრივი თვითმმართველობის ერთეუილებს (თემი, ერობა, ქალაქი) უფლება აქვთ შეერთდნენ და დაარსონ ეროვნული კაშირი თავის კულტურულ-განმანათლებელი საქმეების უკეთ მოსაწყობად და გასაძლიერებლად კონსტიტუციის და კანონის ფარგლებში. ეთნიკურ უმცირესობებს, რომელსაც ასეთი თვითმმართველობის ორგანოები არ მოეპოვება, შეუძლიათ ამის გარეშეც შეადგინონ ეროვნული კავშირი ამ მუხლში აღნიშნული უფლებითა და კომპეტენციით. ეროვნულ უმცირესობათა კულტურულ-საგანმანათლებლო საჭიროებათა დასაკმაყოფილებლად გადადებულ იქნეს სახელმწიფოს თვითმმართველობათა ბიუჯეტიდან ფინანსური საშუალებები პროპორციულად მცხოვრებთა რაოდენობისა“.
            ქართველ სოციალ-დემოკრატების ლიდერთა მიერ ეთნიკურ უმცირესობების საკითხისადმი მიდგომაში, ამერიკავკასიის საერთო პოლიტიკურ სიტუაციისა და ქართული სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით ხდებოდა. მისი მიღებული კანონები, მიზნათ ისახავდა ეროვნულ უმცირესობების ინტეგრაციას და მაქსიმალურად არიდებდა თავს, მათ ასიმილაციასა თუ ჩაგვრას. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს  დემოკრატიულ-რესპუბლიკაში  უამრავი სეპარატისტული მოძრაობა იყო (აფხაზეთში, სამაჩაბლოში, სამხრთ საქართველოში თუ ლორეს მხარეს) ქართველი სოციალ-დემორკატები საკუთარ იდეების ერთგული რჩებოდნენ და სურდათ შეექმნათ მრავალეროვანი დემოკრატიული სახელმწიფო.


No comments:

Post a Comment