Thursday, March 1, 2012

ჩრდილო-ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლები

ჩრდილო-ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლები


კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორმა ჯონ მაკინდერმა შემოიღო „მსოფლიო კუნძულის “-World Island - კონცეფცია, რომელმაც მოიცვა გაერთიანებული კონტინენტები, ევრაზია და აფრიკა და ასევე ოკეანეები, რომლებიც ამ კონტინენტებს გარს არტყია . ასევე აქ იყვნენ მათი სატელიტები: იაპონია, დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა და ავსტრალია. მაკინდერმა შემოიღო ასევე მეორე ცნება, ეს არის „ჰართლენდი“ (Heartland), რომელიც წარმოადგენდა „მსოფლიო კუნძულის“ ცენტრს. „ჰართლენდი“ გარშემორტყმულია ორი ზონით: შიდა, კონტინენტური ზონით, რომელიც მოიცავს ევროპას, ხმელთაშუაზღვის აუზს, ახლო აღმოსავლეთს, ინდოეთს და ჩინეთს. ასევე მეორე ზონას, რომლშიც შედიან ზემოთ მოხსენიებული კუნძულები: დიდი ბრიტანეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა, ავსტრალია და იაპონია.
ყველა დიდი ექსპანსიური ცივილიზაცია, მაკინდერის  მიხედვით, აღმოცენდა „ჰართლენდის“ ზონაში, რომელსაც ყველაზე კარგი გეოგრაფიული მდგომარეობა აქვს იმისთვის, რომ ჩამოყალიბდეს დიდი ცივილიზაციები: ახლო აღმოსავლეთში,  ევროპაში, ჩინეთში და ინდოეთში. მაკინდერის დასკვნის მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ „ჰართლენდში“ ჩამოყალიბებული სახელმწიფო იმორჩილებს ოკეანეს სანაპიროებს და გარე ზონას (სატელიტ კუნძულებს), მას უჩნდება შანსი აკონტროლოს მთელი მსოფლიო. მისი აზრით, პირველი მსოფლიო ომი  გეოპოლიტიკური ფაქტორებით იყო გამოწვეული. 1919 წელს გამოცემულ წიგნში „დემოკრატიული იდეა და რეალობა“  მაკინდერმა ჩამოაყალიბა შემდეგი კონცეფცია: „ვინც მართავს აღმოსავლეთ ევროპას, ის მართავს „ჰართლენდს“ ვინც მართავს „ჰართლენდს“  - მართავს „მსოფლიო კუნძულს“. ვინც მართავს „მსოფლიო კუნძულს“  - ის მართავს მსოფლიოს“.
მაკინდერის თეორიამ დიდი გავლენა მოიპოვა პირველი მსოფლიო ომის შემდეგი პერიოდის საერთაშორისო პოლიტიკაში. მშვიდობის გარანტი უნდა ყოფილიყო ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ეკონომიკური და პოლიტიკური დაწინაურება, რის შედეგადაც გერმანიას და რუსეთს შორის არსებულ სივრცეზე უნდა შექმნილიყო დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოები, რომლებიც ითამაშებდნენ ბუფერის როლს გერმანიასა და რუსეთს შორის. ამ ქვეყნების დამოუკიდებლობის გარანტი უნდა გამხდარიყო დასავლეთ ევროპის ქვეყნები. ამის შედეგად უამრავი ახალი სახელმწიფო ჩამოყალიბდა ბალტიის, ადრიატიკისა და შავი ზღვებს შორის. როგორც შემდგომ სეშეკ მოჩულსკი აღნიშნავს თავის ნაშრომში „გეოპოლიტიკა - ძალა დროსა და სივრცეში“   (1999), მაკინდერის თეორიამ საფუძველი დაუდო ნატოს შექმნას და ასევე ბრეჟნევის დოქტრინას (“ინდოეთის ოკეანისკენ  გაჭრა”).
მაკინდერის მოსაზრებით, „ჰართლენდი“ მოიცავდა რუსეთი იმპერიის მნიშნელოვან ტერიტორიას და მას ესაზღვრებოდა მთელი რიგი საზღვაო სახელმწიფოები. იმის გამო, რომ „ჰართლენდი“მდიდარი იყო ბუნებრივი რესურსებით, მასზე კონტროლის დამყარებას დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. ზღვისპირა სახელმწფიოების ამოცანა უნდა ყოფილიყო, შეექმნათ რკალი „ჰართლენდში“ აღმოცენებულ იმპერიისათვის, ანუ რუსეთისთვის, რათა ის ვერ გასულიყო ზღვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსოფლიოზე ბატონობას მოიპოვებდა. მაკინდერს მიაჩნდა, რომ ფლოტის მნიშვნელობა, ნელ-ნელა კლებულობდა, ამის საპირისპიროდ იზრდებოდა  რკინიგზის  მნიშვნელობა, რომლის საშუალებითაც კონტინეტური სახელმწიფოებს უპირატესობას მოიპოვებდნენ საზღვაო სახელმწიფოებზე. ამიტომ ბრიტანეთისთვის აუცილებელი იყო,  რაც შეიძლება მეტი კონტინენტური ქვეყანა გაეხადა თავის მოკავშირედ.
მოგვიანებით, 1919 წელს, მან გადახედა „ჰართლენდის“ როლს და განაცხადა, რომ სწორედ აღმოსავლეთ ევროპის გამო დაიწყებოდა საზღვაო სახელმწიფოებსა და კონტინენტურ სახელმწიფოებს შორის ან დიდი კონფლიქტი (რაც გამართლდა, პოლონეთის გამო დაიწყო მეორე მსოფლიო ომი), ან  დიდი თანამშრომლობა.
1943 წელს დაწერილ წიგნში „დედამიწის სიმრგვალე და მშვიდობის მოპოვება“ მაკინდერი აღნიშნავდა, რომ საბჭოთა კავშირმა „ჰართლენდზე“, ისევე როგორც ციმბირზე, სრული კონტროლი მოიპოვა. Aმის შემდეგ მას შეეძლო თავისი კონტროლის ქვეშ მოექცია საზღვაო სახელმწიფოებზი. იმისთვის, რომ ეს აცილებული ყოფილიყო, აუცილებელი იყო მისი აზრით, შექმნილიყო ჩრდილო ატლანტიკური სივრცე, რომელშიც ის მოიაზრებდა ჩრდილო ამერიკასა და დასავლეთ ევროპას. სწორედ ჩრდილო ატლანტიკური სივრცის და „ჰართლენდის“ სახელმწიფოს შორის მშვიდობიანი ურთიერთობები, უნდა გამხდარიყო მსოფლიოში სტაბილურობის საფუძველი.
მომავალში მოხდა „ჰართლენდის“ როლის რევიზია. ეს გააკეთა ამერიკელმა გეოპოლიტიკოსმა ნიქსონ ჯონ სპაიკმენმა. მან გადაჭარბებულად მიიჩნია მაკინდერის თეორია „ჰართლენდის“ შესახებ. მას არ მიაჩნდა მართებულად ის დებულება, რომ „ჰართლენდზე“ კონტროლი ნიშნავს მსოფლიოზე კონტროლს. მან შემოიღო „რიმლენდის (Rimland)“ ცნება, რომელიც მოიცავდა „ჰართლენდის“ დასავლეთ, სამხრეთ და აღმოსავლეთ ტერიტორიებს. მისი აზრით სწორედ „რიმლენდის“  ტერიტორიაზე უნდა განევრცო აშშ-ს თავისი გავლენა და შეეზღუდა „ჰართლენდის“ სახელმწიფო ანუ საბჭოთა კავშირი.
    „ცივი ომის“ პერიოდში სპაიკმენის თეორიამ ამერიკულ პოლიტიკურ წრეებში ჰპოვა დიდი გავლენა. სწორედ მისი თეორიის შესაბამისად, ამერიკამ შექმნა უამრავი სამხედრო ბლოკი, როგორებიცაა ნატო, სენტო, სეატო. რომელებიც „ჰართლენდის“ ირგვლივ იყო მობილიზებული.

    1989-91 წლებში შეიცვალა მსოფლიო გეოპოლიტიკური რუკა: დარჩა ერთადერთი ზესახელმწიფო - აშშ. დაიწყო ატლანტიკური გეოპოლიტიკური სკოლის რევიზია. ახალი კონცეფცია შემოიღო  ამერიკელმა  გეოპოლიტიკოსმა ფრენსის ფუკუიამამ თავის წიგნში „ისტორიის დასასრული“.   მისი თეორიის მიხედვით კაცობრიობის ისტორია   ირაციონალური (დესტრუქტიული) ფაქტორების საშუალებით ვითარდებოდა. ეს ფაქტორები ემორჩილებოდნენ ნებას და ამ ნების ძალას.  გარდა ამისა, სოციალისტურ ბანაკი იმართებოდა ირაციონალური მენეჯმენტის საფუძველზე. საბჭოთა კავშირი იყო უკანასკნელი ირაციონალიზმის ბასტიონი და მისი დანგრევას, აუცილებლად მოყვებოდა რაციონალური წეს-წყობილების დამყარება, ისეთის, რომელიც უკვე არსებობდა ატლანტიკურ დასავლეთში. მისი აზრით, ასეთ მსოფლიოში მოხდებოდა სახელმწიფოთა შორის ძალთა დაბალანსება, და მათ შორის შეუძლებელი იქნებოდა რაიმე ომის დაწყება. ამ უნიპოლს უნდა ჰქონოდა სამი ძირითადი ცენტრი:
1) აშშ (მთავარი ცენტრი)
2) ევროკავშირი
3) იაპონია
მას მიაჩნდა,  რომ რუსეთი უნდა შესულიყო ამ უნიპოლში. მხოლოდ ამის შემდეგ გახდებოდა შესაძლებელი სტაბილური სამყაროს შექმნა. თუ ეს არ მოხდებოდა, მაშინ სტაბილურობა არ იქნებოდა მყარი. თუმცა აშშ - ის ლიდერობა უნდა გამხდარიყო ამ მსოფლიო სტაბილურობის მთავარი გარანტი. ზოგიერთი მოსაზრებით, ამ უნიპოლში უნდა შესულიყო ასევე ჩინეთიც, თუმცაღა იქვე ფუკუიამა აღნიშნავს, რომ ეს მხოლოდ შესაძლებელი იქნება მხოლოდ ეტაპობრივად და შორეულ პერსპექტივაში.
    ფუკუიამას აზრით, ლიბერალიზმი იყო უკვე გამარჯვებული იდეოლოგია, რომელმაც აჯობა ყველა სხვა იდეოლოგიას და ასევე საბაზრო ეკონომიკამ მოიპოვა სრული გამარჯება სხვა ეკონომიკურ სისტემებზე. Aმიტომ, მისი აზრით, რაც უფრო დრო გავიდოდა, სხვადასხვა რეგიონებში დამყარდებოდა ლიბერალიზმი და საბაზრო ეკონომიკა. ფუკუიამა ვერ ხედავდა ლიბერალიზმის შემაჩერებელ ფაქტორებს, რომელიც არსებობდა სამყაროში. თუმცა მოგვიანებით, როცა ნათელი გახდა, რომ ლიბერალიზმს არ შეუძლია შეაღწიოს მრავალ ქვეყანაში, და უფრო მეტიც, ბევრმა ასეთმა ქვეყანამ ნამდვილი ომიც კი გამოუცხადეს მას, მოხდა ფუკუიამას თეორის გადახედვა. ის, ვინც ახლებურად შეხედა მსოფლიოს გეოპოლიტიკრ სიტუაციას, იყო ამერიკელი პოლიტოლოგი სემუელ ჰანტინგტონი. მან თავის სტატიაში „ცივილიზაციათა შეჯახება“   წამოაყენა სამყაროს განვითარების ახლებური ხედვა, რომლის მიხედვით მე-20 საუკუნეში ძირითადი დაპირისპირებების მიზეზს წარმოადგენდნენ იდეოლოგიები და მათი შორის დაპირისპირებები. სწორედ  ამ დაპირისპირებებმა განსაზღვრეს მე-20 საუკუნის ისტორია. რაც შეეხება 21-ე საუკუნეს, აქ, მისი აზრით, ადგილი ექნება ან ცივილიზაციებს ან რელიგიებს შორის მძლავრი დაპირისპირებები. 1996 წელს ჰანტინგტონმა გამოსცა წიგნი „ცივილიზაციათა შეჯახებები და მსოფლიო წესრიგის გარდაქმნა“, რომელშიც მან განავრცო მისი ადრე გამოცემული სტატიის ძირითადი იდეები. მისი აზრით, „მსოფლიოში, ცივი ომის შემდეგ, ყველაზე მთავარი განმასხვავებელი ერებს შორის - არა იდეოლოგიური, პოლიტიკური თუ ეკონომიკური, არამედ კულტურული ფაქტორი იქნება“. ადამიანებმა დაიწეს საკუთარი თავის იდენტიფიკაცია არა სახელმწიფოსთან ან ერთან, არამედ უფრო ფართე კულტურულ გაერთიანებასთან - ცივილიზაციასთან. „უფრო ფუნდამენტური, ვიდრე ნებისმიერი პოლიტიკური იდეოლოგია  ან პოლიტიკური რეჟიმი, არის რელიგია, რომელიც უფრო მეტად ჰყოფს ადამიანებს, ვიდრე ეთნიკური კუთვნილება. ადამიანი შეიძლება იყოს ნახევრადფრანგი და ნახევრადარაბი, ორივე ქვეყნის მოქალაქე. მაგრამ შეუძლებელია იყოს ნახევრადმუსულმანი ან ნახევრადკათოლიკე“.  ჰანტინგტონმა დაასახელა  ექვსი არსებული ცივილიზაცია - ინდური, ისლამური, იაპონური, მართმადიდებლური, ჩინური და დასავლური. ის ასევე განიხილავს სხვა ორი ცივილიზაციის არსებობას, ესენია აფრიკული და ლათინო-მექსიკური.  მისი აზრით, მთავარი დაპირისპირება, რომელიც მოხდება 21-ე საუკუნეში, იქნება ცივილიზაციათა შორის კონფლიქტები, ძირითადად, დასავლურ ცივილიზაციასა და დანარჩენ ცივილიზაციებს შორის. ჰანტინგტონის მოსაზრებით, დასავლური ცივილიზაციის ბატონობა დასასრულისკენ მიდის. მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე გამოვლენ ახალი სახელმწიფოები, რომლებიც უარყოფენ და დაუპირისპირდებიან დასავლურ ღირებულებებს. განსაკუთრებულად საშიშ ძალას დასავლური ცივილიზაციისთვის წარმოადგენს ისლამური ცივილიზაცია, თავისი დემოგრაფიული ბუმით და კულტურული აღორძინებით. მეორე საფრთხე მოდის აზიიდან, კონკრეტულად კი ჩინური ცივილიზაციიდან. მომავალში ასევე მოსალოდნელია ისლამური და ჩინური ცივილიზაციების დაახლოება. იმისთვის, რომ დასავლურმა ცივილიზაციამ შესძლოს უპასუხოს ამ გამოწვევებს, მან უნდა ეცადოს განავრცოს და გააფართოვოს საკუთარი გავლენა მსოფლიოში, და ეს უნდა იყოს პირველ რიგში სხვა ქვეყნების პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ინტეგრაცია დასავლურ ცივილიზაციაში.. ჰანტინგტონი მხარს უჭერს ნატო-ს გაფართოებას. ის ფიქრობს, რომ ლათინური ამერიკა უნდა მოექცეს დასავლური ცივილიზაციის ორბიტაზე. ასევე ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რათა იაპონიასა და ჩინეთს შორის არ მოხდეს დაახლოება. რუსეთს უნდა გაძლიერდეს და ამისთვის ის საჭიროებს ხელშეწყობას, რომ მან რაღაც დონეზე შეძლოს ჩინური და ისლამური ცივილიზაციების კონტროლი .


ცნობილი ამერიკელი პოლიტოლოგი, სოციოლოგი და სახელმწიფო მოღვაწის ზბიგნევ ბჟეზინსკის გეოპოლიტიკური ხედვა, რომელიც მან ჩამოაყალიბა ნაშრომში „დიდი საჭადრაკო დაფა“   დიდ მნიშვნელობას იძენს თანამედროვე ამერიკულ გეოპოლიტიკაში. მისი აზრით, მსოფლიოში ყველაზე მნიშნველოვანი ადგილი არის ევრაზია და განსაკუთრებით ე.წ „ევრაზიული ბალკანეთი“,  რომელშიც იგი მოიაზრებს კასპიისპირა რეგიონებს და კავკასიას. იმისთვის, რომ ამერიკამ შეინარჩუნოს ჰეგემონია მსოფლიოში, მას სჭირდება თავისი გავლენის დამყარება ამ „ევრაზიულ ბალკანეთში“. მომავალი გლობალური პოლიტიკა მსოფლიო სხვადასხვა დიდ სახელმწიფოების მიერ კონცენტრირებული იქნება ბჟეზინსკის აზრით სწორედ აღნიშნულ რეგინზე და ამ პოლიტიკის მთავარი მიზანი იქნება მასზე კონტროლის დამყარება. Aმერიკელი პოლიტოლოგი ასევე მიიჩნევს, რომ რუსეთს აუცილებლდა სჭირდება უკრაინის დამორჩილება, რათა ის კვლავ იქცეს იმპერიად, მისი ნაშრომი ითვლება ერთ-ერთ სერიოზულ თანამედროვე გეოპოლიტიკოსის ნაშრომად და მნიშვნელოვანია ისიც რომ თვითონ ბჟეზინსკი დღეს-დღეობით არის პრეზიდენტ ობასმას მრჩეველი დამ ას აქვს დიდი გავლენა ამერიკის მთავრობაში საგარეო-პოლიტიკური საკითხების გადაწყვეტის დროს.

Monday, February 13, 2012

ჯონ ჰობსონი. დასავლური ცივილიზაციის აღმოსავლური წარმომავლობა.


ავტორი ცდილობს თავის ნაშრომში გააქარწყლოს ის დამკვიდრებული წარმოდგენა, რომ ანტიკური საბერძნეთის ხანიდან მოყოლებული ევროპა თვითონ, საკუთარი ძალებით ვითარდებოდა და მხოლოდ საკუთარი ძალებით იკვალავდა გზას მომავლისკენ. ამავე სტერეოტიპის მიხედვით, ამ პროცესში საერთოდ არ მონაწილეობდა აღმოსავლეთი, რომელიც წარმოადგენდა მხოლოდ პასიურ მაყურებელს კაცობრიობის განვითარებისა.
ჰობსონი ამტკიცებს, რომ ადგილი ჰქონდა ორ ისტორიულ პროცესს, რომლებიც ვითარდებოდნენ პარალელურად, და რომლებმაც შესაძლებელი გახადეს „აღმოსავლური დასავლეთის“ აღმავლობა.

პირველი პროცესი მდგომარეობდა იმაში, რომ ყველა ევროპული გამოგონება, იქნებოდა ეს ახალი იდეები, ტექნოლოგიები თუ რაიმე ინსტიტუტები, ძირითადათ გადმოღებული იყო აღმოსავლეთიდან. მათ შეაღწიეს დასავლურ სამყაროში გაცილებით უფორ განვითარებული აღმოსავლეთიდან და ეს მოხდა ეგრეთ წოდებული „აღმოსავლური გლობალიზაციის“ შედეგად, რომელსაც ადგილი ჰქონდა 500 დან 1800 წლებში.   
მეორე პროცესი ეს იყო ევროპული იდენტურობის ფორმირება, რომელმაც 1453 წლის შემდგომ მიიყვანა ეს კონტინენტი იმპერიალიზმის შექმნამდე. ამ იმპერიალიზმის შედეგად ევროპელებმა ხელში ჩაიგდეს უამრავი რამ აღმოსავლეთში, კერძოთ მიწა, სამუშაო ძალა და გასაღების ბაზრები. სწორედ ამ პერიოდიდან მოყოლებული, დაადგა აქამდე მკვეთრად მარგინიზებული ევროპა პროგრესის გზას.  


წინასიტყვაობა

მინდა დავარწმუნო მკითხველი იმაში, რომ ეს წიგნი არ იქნება წინა ნაშრომების მსგავსად ფოკუსირებული ევროპელთა წარმატებებზე და მათ მიღწევებზე. მე ვამახვილებ ამ ნაშრომში ძირითად ყურადღებას აღმოსავლეთზე, მის კულტურაზე და იმ წვლილზე, რომელიც მან შეიტანა კაცობრიობის და მათ შორის დასავლეთის განვითარების საქმეში. წიგნი მართალია მოგვითხრობს დასავლურ ცივილიზაციაზე და მის განვითარებაზე, მაგრამ აქ ვერ ნახავთ ისეთ ცნობილ თემებს, როგორებიცაა 30 წლიანი ომი ან ვესტფალის ზავი. იტალიელ ვაჭრებზე და მათ გილდიებზე არის ლაპარაკი მხოლოდ აღმოსავლეთის მიღწევების და გამოგონებების კონტექსტში, როდესაც ეს მიღწევები და გამოგონებები სწორედ ამ ვაჭრების წყალობით გავრცელებას პოულობენ ევროპაში. ევროპული რენესანსი და მეცნიერული რევოლუცია ჩვენს კონტინენტზე დანახულია ძირითადათ ისლამური შუა აღმოსავლეთის და ჩრდილო აფრიკის განვითარების ჭრილში. ლეონარდო და ვინჩი, კოპერნიკი, ვასკო და გამა და სხვა სხვადასხვა სფეროში ცნობილი ევროპელი ძლიერ ჩამოუვარდებიან თავიანთ აზიელ კოლეგებს. ადრინდელი შუა საუკუნის ისეთი ევროპული ქალაქები, როგორებიც იყვნენ მადრიდი, ლისაბონი, ლონდონი და ვენეცია ვერ შეედრებოდნენ თავიანთი სილამაზით და განვითარებით ბაღდათს, ქაიროს, კანტონს და კალკუტას.
ლონდონის დიდი გამოფენა იყო მხოლოდ ქედმაღლობა და თავმოწონება, რამეთუ მასზე წარმოდგენილი ინდუსტრიალიზაციის ნიმუშები სხვა არაფერი იყო  თუ არა გამოგონებები, რომლებიც გაცილებით ადრე იქნა მიგნებული ჩინეთში.
ხშირად ისეთ რამეებს, როგორებიცაა სახელმწიფო მართვა, სამხედრო ინდუსტრია ან პროტექციონისტული პოლიტიკა განიხილავენ დიდი ბრიტანეთის კონტექსტში და არა შუა საუკუნოვანის იაპონიის კონტექსტში, რაც არასწორია.
ყოველივე ზემო თქმულიდან გამომდინარე ის მკითხველი, რომელიც ელის ამ წიგნში დასავლეთის განვითარების აღწერას მხოლოდ ევროპულ ჭრილში, დიდად გაწბილებული დარჩება. რამეთუ ჩემი განზრახვაა დავანახო მკითხველს პირველ რიგში ის, თუ როგორ შეუწყო ხელი აღმოსავლეთმა დასავლური სამყაროს განვითარებას. თუ მე ვერ დავარწმუნე მკითხველი ამ თეზის სისწორეში, ეს ნაკლებად მაწუხებს, ჩემთვის მთავარია, რომ წარმოდგენილი ნაშრომი ყველასთვის საინტერესო, ახალი ფაქტებით და დებულებებით სავსე და სიღრმისეული იყოს.


ისლამური და აფრიკელი პიონერები
მსოფლიოში და გლობალურ ეკონომიკაში ხიდების გადება აფრო-აზიური აღმოჩენების ეპოქაში, 500-1500 წლები.

დასავლელი მეცნიერები, განსაკუთრებით კი მე-19 საუკუნის შემდეგ, გამუდმებით ცდილობდნენ წარმოადგინონ აფრო-ევრაზიული ცივლიზაციები როგორ ერთობლიობა ერთმანეთისგან განსხვავებული სამყაროებისა. ისინი მიიჩნევენ, რომ ევროპის განვითარების შესწავლის ერთ-ერთი ყველაზე მოხერხებული გზაა არ დავუკავშიროთ ის სხვა ცივილიზაციებს და შევხედოთ მის ისტორიულ განვითარებას როგორც ცალკე ფენომენს.

ევროცენტრისტების მიერ წარმოდგენილი 1500 წლამდე არსებული სამყაროს სტანდარტული სურათი შედგება ორი ძირითადი ელემენტისგან: 1. მსოლფიო ჩაფლული იყო პერმანენტული სტაგნაციის ჭაობში, ანუ მსოფლიო არ და ვერ ვითარდებოდა 2. დანაწევრებული და ფრაგმენტირებული სამყარო შედგებოდა იზოლირებული და ჩამორჩენილი სახელმწიფოებისგან, სადაც  (პირველ რიგში აღმოსავლეთში) დესპოტური მართველება იყო. შესაბამისად, თითქმის შეუძლებელია წარმოიდგინო გლობალურად სამყაროს ერთიანობა, ყოველ შემთხვევაში 1500 წლამდე მაინც. ევროცენტრისტებს მიაჩნიათ, რომ სამყაროში გლობალიზაცია  იწყება 1500 წლიდან, როდესაც ევროპა იწყებს დაწინაურებას და რა დროის შემდეგაც იწყება ევროპული აღმოჩენების ეპოქა. და მხოლო ამის შემდეგ, მიიჩნევენ ისინი, იწყებენ ნგრევას კედლები და ზღუდეები, რომლებიც ჰყოფდნენ ერთმანეთისგან ძირითად ცივილიზაციებს.

ევროცენტრისტების ასეთი წარმოდგენა სამყაროს განვითარების შესახებ არის წმინდა წყლის მითი და სხვა არაფერი. იმიტომ, რომ მსოფლიოში გლობალური მასშტაბის ეკონომიკური პროცესები, რომლებმაც დააკავშირეს მანამდე იზოლირებული ერთმანეთისგან ცივილიზაციები, დაიწყო მე-6 საუკუნეში და ის უკავშირდება აფრო-აზიური აღმოჩენების ეპოქის დასაწყისს. ევროპელი პიონერები, რომელთა სახელებსაც უკავშირდება მრავალი გეოგრაფიული აღმოჩენა, უნდა უმადლოდენ თავიანთ ამ მიღწევებს პირველ რიგში ახლო აღმოსავლეთში მცხოვრებ არაბებს, სპარსელებს და აფრიკელებს. უფრო მეტიც, 1500 წლამდე აღმოსავლეთმა განიცადა მნიშვნელოვანი  ეკონომიკური განვითარება, რაც სრულებით აბათილებს იმ მოსაზრებას, რომ აღმოსავლეთი მთლიანათ იმართებოდა დესპოტი მმართველების მიერ. ასევე ნაჩვენებია, რომ ეკონომიკური განვითარების სხვადასხვა სახის სფეროში პირველობა ეკავათ აღმოსავლურ საზოგადოებებს. ამასთან დაკავშირებით უნდა ავღნიშნოთ ახლო აღმოსავლეთის და ჩრდილოეთ აფრიკის მძლავრი ეკონომიკური განვითარება, რომელიც თარიღდება 650-1000 წლებით. 1100 წლის შემდეგ ეკონომიკური ლიდერობას ხელთ იგდებს ჩინეთი და მას ის ინარჩუნებს მე-19 საუკუნემდე. ევროცენტრისტები ასეთ სურათს საერთოდ არ ეთანხმებიან და წარმოადგენენ საქმეს ის, თითქოს 1000 წლის შემდეგ მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ცენტრებს წარმოადგენდენ ვენეცია, პორტუგალია, ესპანეთი, ნიდერლანდები და ბრიტანეთი.

თუმცა აზიის განვითარება და მისი მიღწევები ეკონომიკის სფეროში არ შეიძლება დავიყვანოთ მხოლოდ რაღაც ქვემეხის გამოგონებით, არამედ ის გაცილებით მრავალფეროვანი და საინტერესოა.
აუცილებელია დავყოთ აზიის განვითარების პროცესი რამოდენიმე ძირითად ნაწილად.  ეს ნაწილებია ჩინეთი, ინდოეთი, იაპონია, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზია, ისლამური ახლო აღმოსავლეთი და ჩრდილოეთ აფრიკა.

ევროცენტრიზმის მთავარი არგუმენტები იმ დებულების წინააღმდეგ, რომ გლობალიზაცია დაიწყო 1500 წელზე გაცილებით ადრე და რომ ის პირველ რიგში უკავშირდება აზიას და აფრიკას, არის შემდეგი: 1) ძირითადი ცივილიზაციები ერთმანეთისგან იზოლირებულნი იყვნენ და მათ შორის არ არსებობდა თითქმის არანაირი კავშირი 2) ვაჭრობის განვითარება 1500 წლამდე აზიის ქვეყნებში თითქმის შეუძლებელი იყო, რადგან ისინი ყველა იმყოფებოდნენ დესპოტური მმართველობის ქვეშ, რომლებიც ცდილობდნენ აღმოეფხვრათ თავისუფალი ვაჭრობის ნებისმიერი ფორმა 3) 1500 წლამდე არ შეიძლება ყოფილიყო მსოფლიოში რაიმე მნიშვნელოვანი გლობალური ვაჭრობა, რადგან ამისთვის არ არსებობდნენ აუცილებელი ინსტიტუტები. 4) აღნიშნულ პერიოდამდე მსოფლიო მასშტაბის ვაჭრობა ქვეყნებს შორის შეუძლებელი იყო იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ სატრანსპაორტო საშუალებები ჯერ არ იყო საკმარისად განვითარებული 5) ვაჭრობის მასშტაბები არ შეიძლებოდა ყოფილიყო იმდენად დიდი, რომ მათ მიეღოთ მსოფლიო მასშტაბის დონე. 6) კიდევაც რომ ადგილი ჰქონოდა ქვეყნებს შორის რაიმე ვაჭრობას, ის არ იქნებოდა იმდენად მნიშვნელოვანი იმისთვის რომ რაიმე არსებითი გავლენა მოეხდინა ქვეყნების განვითარებაზე.

განვიხილოთ ყოველი ეს არგუმენტი ცალ-ცალკე.
1)      500 წლის შემდეგ სპარსელებმა, ჩინელებმა, იაპონელებმა, ინდოელებმა, იაველებმა და არაბებმა შექმნეს და განავითარეს თავიანთი ეკონომიკური სისტემები. ეს პროცესი მოიცავს პერიოდს 1500 წლამდე. ამ პერიოდში სწორედ მსოფლიოში არსებული ცივილიზაციები ერთმანეთთან მჭიდროთ არიან გადაჯაჭვულნი (ცნობილია ტერმინი აღმოსავლური გლობალიზაცია).
2)      რეგიონთა უმრავლესობა იმართებოდა მმართველების მიერ, რომლებიც ცდილობდნენ მშვიდობიანი გარემოს შექმნას თავიანთ ირგვლივ და ამიტომ ხელს უწყობდნენ ვაჭრობის განვითარებას, მათ შორის უცხო ქვეყნებთან, და დაბალი გადასახადების არსებობას.
3)      ამ პერიოდში შეიქმნა საკმარისი და საკმაოდ ძლიერი კაპიტალისტური ინსტიტუტები, რომლებიც ხელს უწყობდნენ მსოფლიო ვაჭრობის განვითარებას.
4)      სატრანსპორტო ტექნოლოგიები იმ ექპოქის საკმარისად განვითარებული იყო, იმისთვის რომ შესაძლებელი ყოფილიყო მსოფლიო ვაჭრობა.
5)      მიუხედავად იმისა, რომ სისწრაფე საერთაშორისო გადაზიდვების ძალზედ დაბალი იყო, საერთაშორისო სავაჭრო მიმოქცევას მაინც დიდი გავლენა ჰქონდა მსოფლიო ეკონომიკაზე
6)      და ბოლოს არის კიდევ ერთი არგუმენტი ჩემი პოზიციის წინააღმდეგ, კერძოდ ის, რომ იმ პერიოდის მსოფლიო ვაჭრობაში არა ყველა სახელმწიფო იყო ჩართული, და ამიტომ ის არ შეიძლება ჩაითვალოს გლობალურ ვაჭრობათ. ჩემის აზრით ეს სადაო საკითხია.

უდაოა, რომ გლობალიზაცია ძალზედ დინამიური მოვლენაა და ეს ის შემთხვევაა, რომელიც დროთა მსვლელობისას გამუდმებით იცვლის ფორმას და სახეს. და რაღა თქმა უნდა, ახალი ეპოქის გლობალიზაცია (1800-2000) არსებითად განსხვავდება მისი აღმოსავლელი წინამორბედისგან. მაგრამ მთავარი მაინც მდგომარეობს იმაში, რომ გლობალიზაცია არსებობდა 1500 წლამდე, და ის ნახულობდა თავის გამოხატვას საერთაშორისო ვაჭრობაში და გაცვლაში. ამ ვაჭრობის და ურთიერთგაცვლის ობიექტები იყო საქონელი, წიაღისეული, ადამიანები, ფული, კაპიტალი, ინსტიტუტები, ტექნოლოგიები, იდეები და ადამინაები. ეს პროცესები იმდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ ახდენდენ არსებით გავლენას საზოგადებების ჩამოყალიებებაში და მათ განვითარებაში მთელი პლანეტის მასშტაბით.

500 წელი რა თქმა უნდა პირობითი თარიღია, გლობალიზაციის პროცესების ჩანასახი გაჩნდა 1 საუკუნეში, მაგრამ მე-6 - ში თითქმის ყველა ის ნაპრალი ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობებისა, რომელიც აქამდე არსებობდა, უკვე ამოვსებული იყო.

განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს ისეთი ტრანსპორტის ჩამოყალიბება, როგორიცაა აქლემით გადაადგილება, ეს ხდება 300-500 წლებში. აქლემებმა ითამაშეს უდიდესი როლი მაშინდელი საერთაშორისო ვაჭრობის განვითარებაში.

მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ეპოქაში იყო ახალი მსოფლიო იმპერიების ფორმირება და ამ იმპერიებს შორის ურთიერთკავშირების დამყარება, რამაც ხელი შეუწყო მშვიდობიანი გარემოს შექმნას და როგორც სახმელეთო, ასევე საზღვაო ვაჭრობის განვითარებას.
ჩინეთი, იანგის დინასტიის მართველობის დროს (618-907), აბასიდების იმპერია (661-1258), ასევე ფატიმიდების იმპერია ჩრდილოეთ აფრიკაში (909-1171).
ამ იმპერიების უმრავლესობას ერთმანეთში სხვადასხვა პერიოდში ეკონომიკური, სავაჭრო და პოლიტიკური კავშირები გააჩნდათ.

მას შემდეგ, რაც დასავლეთ ევროპაში შეიქმნა კაროლინგების იმპერია, ეს მოხდა 751 წელს, და ასევე შეიქმნა ბევრი ახალი სავაჭრო ქალაქი იტალიაში, მსოფლიო ვაჭრობამ შეაღწია ევროპაშიც.

მუსლიმი არაბები

აღმოსავლური გლობალიზაცია პირველ რიგში უნდა უმადლოდეს თავის აღმოცენებას ახლო აღმოსავლეთს და ჩრდილოეთ აფრიკას.
გლობალური კაპიტალიზმის პირველი პიონერები იყვნენ სწორედ ახლო აღმსოავლეთში მცხოვრები მუსლიმები და ჩრდილოეთ აფრიკაში მცხოვრები მუსლიმები და ზანგები. სწორედ მათ გაიყვანეს ყველაზე დიდი მასშტაბის სავაჭრო გზები, რომლებიც მოიცავდნენ აფრიკის და ევრაზიის მასივებს, დასავლეთ ევროპის ხმელთაშუაზღვის სანაპიროებს, ჩინეთს, კორეას, აფრიკას და პოლინეზიას (შესაძლოა ავსტრალიასაც კი). როგორ გახდა ეს შესაძლებელი?

ახლო აღმოსავლეთის მუსლიმი არაბებმა გამოიყენეს რა სასანიდური ირანის მიღწევები თავიანთი სახელმწიფოს შესაქმნელად. 610 წლის შემდეგ ახლო აღმოსავლეთი იწყებს მძლავრ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას.  ეს ხდება მუჰამედის ხილვების შემდეგ. სწორედ მუხამედმა შეძლო ამ მხარის ისლამის დროშის ქვეშ გაერთიანება. ხოლო თვითონ ისლამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრიორიტეტები იყო ვაჭრობა და მომგებიანი კაპიტალისტური საქმიანობა. ეს რა თქმა უნდა ეწინააღმდეგება დღევანდელი ევროცენტრისტების წარმოდგენებს იმის შესახებ, რომ ისლამი ეწინააღმდეგება ვაჭრობას და კაპიტალიზმს. ეს წარმოდგენები ძირშივე მცდარია, იმიტომ რომ თვითონ მუხამედი იყო ვაჭარი.
ისლამის ძალა მდგომარეობდა მისი ეკონომიკის ექსტენსიური სახით განვითარებაში. ანუ არაბებს შეეძლოთ გაევრცელებინათ თავისი ვაჭრობა და ეკონომიკა ფართე ტერიტორიებზე და შესაბამისად ამ ტერიტორიებზე დაემკვიდრებინათ კაპიტალიზმი.
ასევე ისლამმა ითამაში ძალიან დიდი როლი ევროპის განვითარებაში, განსაკუთრებით ეს ეხება ესპანეთს. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, ისლამური სამყარო წარმოადგენდა დიდ ხიდს აღმოსავლეთსა და ევროპას შორის, სადაც 650-1850 წლებში ხდებოდა სხვადახვა ტექნოლოგიების, ინოვაციების, იდეების და საქონლის გაცვლა.

მონღოლები

მნიშვნელოვანი როლი ასევე გლობალიზაციის საქმეში ითამაშა ასევე მონღოლთა იმპერიის შექმნამ მე-13 საუკუნეში. იმპერია აკავშირებდა ვაჭრობის საშუალებით აღმოსავლეთის და დასავლეთის უზარმაზარ ტერიტორიებს. თუმცა მართალია ეს თურქ-სელჩუკები იყვნენ, რომლებიც წავიდნენ დასავლეთისკენ და დაიპყრეს ბევრი ტერიტორია, მაგრამ თვითონ ევრახიის უდიდესი ნაწილი სწორედ რომ მონღოლთა და მათი მეთაურის ჩინგის ხანის ბატონობის ქვეშ აღმოჩნდა. მოკლედ მონღოლები ძირითადათ დაკმაყოფილდნენ აზიის ტერიტორიებით, (პირველ რიგში ჩინეთი წარმოადგენდა მათთვის მთავარ ტერიტორიას) დასავლეთ ევროპის დაპყრობაზე მათ უარი თქვეს და ევროპაში კი ისინი დაკმაყოფილდნენ მხოლოდ კიევის რუსეთით. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ მონღოლთა უზარმაზარ იმპერიაში სუფევდა მშვიდობა, რამაც მნიშვნელოვნად ხელი შეუწყო ვაჭრობის და კაპიტალიზმის განვითარებას. მათ იმპერიაზე გადიოდა სწორედ „აბრეშიმის გზა“, რომელიც ცნობილი მაშინდელი ვაჭრების მარკო პოლოს და ბალდუჩი პეგოლოტის სიტყვებით, ყველაზე უსაფრთხო სავაჭრო მარშრუტი იყო მსოფლიოში.

Friday, February 3, 2012

დემოკრატია და იმპერიალიზმი. თავი პირველი


მოკლე ისტორია დემოკრატიისა და იმპერიალიზმის
დემოკრატიისა და კაპიტალიზმის ქორწილის ისტორია ძალზე საინტერესო დეტალებს შეიცავს. ყველა ევროპული დემოკრატია, რომელიც 18-ე და 19-ე საუკუნეებში ჩამოყალიბდა, ორი რამე ჰქონდათ საერთო: 1) არჩევნებში მონაწილეობის უფლებეა, მხოლოდ გარკვეულ სოციალურ ფენებს ჰქონდათ (საარჩევნო ცენზი არსებობდა ისეთ ქვეყნებში, როგორიც დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი იყო) და  2) ყველა დემორატიული სახელმწიფო ამავდროულად კოლონიური იმპერია იყო. ამ ორ მსგავსებამ განაპირობა დემოკრატიის წარმატებულობა ევროპაში. ფეოდალური სისტემის რღვევა და აბსოლიტიზმის მონარქიების კრიზისის შემდეგ, პარლამენტარიზმი ერთადერთ ალტერნატივად მოგვევლინა.  ჩვენ ვერ გავიგებთ დემოკრატიის ისტორიას თუ მის კავშირს კოლონიალიზმთან ვერ დავინახავთ. დემოკრატია პირდაპირ კავშირში იყო კოლონიალიზმთან. წარმატებული კოლონიზაციას აწარმოებდა ის იმპერია, სადაც სავაჭრო-კომპანიები ძლიერი იყო და სადაც ფეოდალების გავლენას, მდიდარი ვაჭრები (ბურჟუები) ცვლიდნენ. ეფექტური კოლონიალიზმისთვის საჭირო იყო ძლიერი სავაჭრო-კომპანიები ესეთი კოლონიური სავაჭრო-კომპანია იყო „ოსტ-ინდოეთის“, „ვესტ-ინდოეთის“, „ახალი საფრანგეთის კომპანია“, „ვირჯინიის კომპანია“ და სხვა. კომპანიები აბსოლიტურ მონარქიის პერიოდში, სახელმწიფოს დანამატს ასრულებდნენ და დამოკიდებულნი იყვნენ  მართველ დინასტიაზე. რევოლუციები როგირც იყო ნიდერლანდებისა და ინგლისის რევოლუციები, წამოიწყეს რამოდენიმე მოთხოვნით: 1) მონარქის მიერ გადასახადების თვითნებურ დაწესებულების შეზღუდვის მოთხოვნით 2) კომპანიებისთვის შეზღუდვების მოხსნისთვის 3) ფეოდალებისთვის სოციალური პრივილეგიების გაუქმებისთვის  4) აგრარული საკითხი და 5) რელიგიური საკითხისთვის. ამ რევოლუციებმა აჩვენეს, რომ ახალი კაპიტალისტური სისტემისთვის, სახელმწიფოს მიერ გაზრდილი გადასახადები და ყოველგვარი ჩარევა მათ სავაჭრო საქმიანობაში იწვევდა მკვეთრ უკმაყოფილებას.  რევოლუციებმა აბსოლიტური მონარქია პარლამენტარიზმით ჩაანაცვლეს, ხოლო პარლამენტარიზმის მეშვეობით მოხდა კაპიტალიზმის პოლიტიკასთან ქორწილი.
რატომ აირჩიეს პარლამენტარიზმი?
სავაჭრო კომპანიათა, გილდიათა და ა.შ მრავალფეროვნება, გამორიცხავდა მათ საერთო ინტერესების არსებობას. პარლამენტარიზმი, რომელიც ჩამოყალიბდა რევოლუციების შემდეგ საარჩევნო ცენზი ჰქონდა. მდიდრების ხმას გაცილებით მეტი წონა ჰქონდა, ვიდრე უფრო დაბალ სოციალურ ფენების ხმას (რეალურად მაშინ მოსახლეობის აბსოლიტურ უმრავლესობას არ ჰქონდა არჩევნებში ხმის უფლება). ახალმა პარლამენტარიზმი სავსებით კომფორტული აღმოჩნდა ახლად ჩამოყალიბებულ სოციალურ ფენებისთვის, რომლებსაც ფეოდალური წეს-ჩვეულებები ხელს უშლიდა სოციალურ იერარქიაში ასვლისთვის. ნათელი გახდა რომ არსებული პარლამენტარიზმი იყო ახალი სოციალურ ფენის ინტერესებისთვისთვის შექმნილი და ის ელიტარისტული იყო.  სახელმწიფოს მოწყობაც გადაიხედა, ამიერიდან კომპანიების ინტერესების გამტარებლად გადაიქცეულმა იმპერიებმა, რომლებმაც უფრო აგრესიული კოლონიური პოლიტიკა წამოიწყეს და მერკანტელურ პოლიტიკას აწარმოებდნენ (მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე და ბაზრებზე, უცხო სავაჭრო ორგანიზაციებს შეუზღუდეს მოღვაწეობა). გასაგები გახდა, რომ დემოკრატია სავაჭრო-კომპანიებისა და იმპერიალიზმის სამსახურში ჩადგა.

Saturday, October 2, 2010

სოციალისტების გამონათქვამები


აქამდე ფილოსოფოსები მხოლოდ განმარტავდნენ სამყაროს, არადა ამოცანაა – შევცვალოთ იგი!
კარლ მარქსი

ჩვენ ვიცით, რომ კომუნიზმი სწორი ჰიპოთზაა. ისინი, ვინც უარი თქვეს ამ ჰიპოთეზაზე, ავტომატურად დამორჩილდნენ საბაზრო ეკონომიკას, საპარლამენტო დემოკრატიას – კაპიტალიზმზე მორგებულ სახელმწიფოს ფორმას – და ამდენად, ყველაზე შემზარავ უთანასწორობათა გარდაუვალ და ‘ბუნებრივ’ ბატონობას.
ალან ბადიუ

კაპიტალიზმი – ესაა განსაცვიფრებელი რწმენა, რომ ადამიანთა შორის ყველაზე ბოროტნი ყველაზე უზნეო საქმეებს ადამიანთა საყოველთაო ბედნიერებისათვის სჩადიან.
ჯონ მეინარდ კეინზი

უპირველეს ყოვლისა, ეცადეთ ყოველთვის სულის სიღრმემდე განიცადოთ უსამართლობა, ჩადენილი დედამიწის ნებისმიერ ადგილას, ნებისმიერი ადამიანის წინააღმდეგ. ეს რევოლუციონერის ყველაზე მშვენიერი თვისებაა

ჩე გევარა, საკუთარი ხუთი შვილისადმი მიწერილი, სიკვდილის შემდეგ წასაკითხი უკანასკნელი წერილიდან

თუ კომუნისტური ჰიპოთეზა სწორი არაა, თუ ის გაუხორციელებელია, ეს ნიშნავს, რომ კაცობრიობა როგორც ასეთი დიდად არაფრით განსხვავდება ჭიანჭველებისა და ძაღლებისაგან
ჟან პოლ სარტრი

რაიმე ახალი რომ შედგეს, რაღაც ძველი უნდა გაქრეს. შიში – იმედის საწყისი ფორმაა. ტერორი – ახლის პირველი ნიშანი.
ჰაინერ მიულერი

მე მშრომელთა ლიდერი არ ვარ. მე არ მსურს გახდეთ ჩემი, ან ვინმეს მიმდევრები. თუ თქვენ ელოდებით მოსეს, რომელმაც კაპიტალისტური სიველურიდან უნდა დაგიხსნათ, ადგილიდან ნაბიჯს ვერ დაძრავთ. რომც შემეძლოს, მე არ გაგიძღვებით აღთქმული მიწისაკენ, რადგან თუ იქ მე მიგიყვანთ, ვიღაც სხვა თქვენს იქიდან გამოყვანასაც შეძლებს. თქვენ საკუთარ თავებს, და ხელებს უნდა მიენდოთ, და თავად განთავისუფლდეთ თქვენი დღევანდელი ვითარებისგან
იუჯინ ვ. დებსი

Friday, October 1, 2010

ეფექტურია თუ არა ძალადობა?

როგორი დახვეწილი არ იყოს პროპაგანდა, მას არ შეუძლია დაარწმუნოს ხალხი იმაში, რისიც ხალხს არ სწამს და რისი დაჯერებაც უბრალოდ არ სურს. ეს რომ შეიცვლალოს, იქმნება ისეთი სისტემა, რომელიც იძულების გზით ცდილობს დააჯეროს ადამიანს ის, რაც მას თავისი ნებით არ სწამს.
ისეთი პროპაგანდის ოსტატმა, როგორიც გებელსი იყო, ერთხელ განაცხადა : “პროპაგანდა რომ ეფექტურად მუშაობდეს, საჭიროა მის უკან გალესილი ხმალი იდგას”
ის ვინც აიძულებს სხვებს იწამოს ახალი მრწამსი, ასევე ის, ვისაც აიძულებენ რწმენას, უნდა იყოს დარწმუნებული იმაში, რომ ის რწმენა, რომელსაც აიძულებენ ან იძულებულნი არიან რომ მიიღონ, არის ერთადერთი ჭეშმარიტი. სწორედ ასეთი მრწამსის გარეშე, ტერორისტი, რომელიც ცდილობს აიძულოს სხვა შეიცვალოს რწმენა, თავს დამნაშავედ იგრძნობს, მას ექნება შინაგანი დისკომფორტი და ეჭვუ საკუთარ სიმართლეში. მეორე მხრივ, ის, ვისაც ცდილობენ თავს მოახვიონ ძალით რაღაც ახალი მრწამსი ან მსოფლმხედველობა, თავს მხოლოდ ლაჩრად იგრძნობს.
პროპაგანდა გამოიყენება პირველ რიგში საკუთარი ქმედებების გასამართლებლად, ვიდრე ვინმეს დასარწმუნებლათ. და რაც უფრო დიდია დანაშაულის გრძნობა საკუთარი ქმედებების მიმართ, მით უფრო მძაფრი, აგრესიული და შემტევია პროპაგანდა.
ფერერო საფრანგეთის რევოლუციაზე ამბობდა: “რაც უფრო მეტ სისხლს დაღვრიან, მით უფრო ირწმუნებენ თავიანთ პრინციპებს, როგორც აბსოლიტურ ჭეშმარიტებას. მხოლოდ აბსოლიტურ ჭეშმარიტებას შეეძლო გაემართლებინა ისინი საკუთარ თვალში და დახმარებოდა მათ. ისინი სისხლს ღვრიდნენ არა იმიტომ, რომ ჯეროდათ რევოლუციის და ამ რევოლუციის მიზნების და პრინციპების. არა, ისინი ცდილობდნენ ერწმუნათ რევოლუცია – ეს სახალხო საქმე, როგორც რელიგიური ჭეშმარაიტება და იმიტომ პირადმა შიშმა აიძულა ისინი დაეღვარათ ამდენი სისხლი”.
ყოველთვის არ ამართლებს ის შეხედულება, რომ თუ ადამიანს ძალის გამოყენებით მოახვიე თავს რაიმე ახალი რწმენა, მაშინ ის ფარულად მაინც დარჩება ძველი რწმენის ერთგული. ისტორია გვასწავლის, რომ ქრისტიანობა, ისევე როგორც ისლამი, გვრცელდა ძალდატანებით. ორთოდოქსი ქრისტიანი ისტორიკოსი, პროფესორი კ.ს.ლატურეტის აზრით, “როგორი შეუთავსებელიც არ უნდა იყოს იესო ქრისტეს სული და შეიარაღებული ძალა, და როგორი არასასიამოვნოც არ უნდა იყოს ამის აღიარებაც, მაგრამ ისტორია გვასწავლის, რომ შეიარაღებული ძალა ხშირად რეალურს ხდიდა ქრისტიანული სულის არსებობას”. იქ, სადაც ქრისტიანობას არ ჰქონდა ხელისუფლების მხარდაჭერა, ის არ იღებდა ფართო გავრცელებას. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპარსეთი, სადაც ქრისტიანობას მოუწია შეჯახებოდა ადგილობრივ რელიგიას, რომელსაც ხელისუფლება უჭერდა მხარს. ამის შედეგად ქრისტიანობა დამარცხდა ამ ჭიდილში. ასევე ისლამის ფართოდ გავრცელება ემთხვევა საამიროს ოქროს ხანას. ანუ ისლამი ვრცელდებოდა მხოლოდ იქ, სადაც ამირის ხელისუფლება იყო ძლიერი. ასევე რეფორმაცია გავრცელდა იმ ადგილებში დ აიმ ტეროტორიაზე, სადაც მონარქები ან ადგილობრივი ხელისუფლება უჭერდნენ მას მხარს. მალანკტონი, ლუთერის დამხმარე ამბობდა: “სამოქალაქო ხელისუფლების ჩარევის გარეშე რად იქცეოდა ჩვენი სწავლება? – პლატონურ კანონებად”. იქ სადაც ხელისუფლება წინააღმდეგი იყო რეფორმაციის, იქ რეფორმაცია დამარცხდა. იგივე შეგვიძლია ვთქვათ იდეოლოგიებზეც, რომლებიც მსგავსის ფაქტორების ხელშეწყობით ვრცელდებოდნენ. საფრანგეთის არმიამ და არა მისმა რევოლუციურმა იდეებმა, მოახდინა ევროპაში რევოლუციური იდეების გავრცელება და ნაწილობრივ დამკვიდრებაც კი. ქრისტიანობის გავრცელების მსგავს მაგალითხ წარმოადგენს ასევე საქართველო. კერძოდ, როცა სამეფო კარმა მიიღო ქრისტიანობა, მოხდა ქვეყნის გაქრისტიანება, რომელიც ხშირად “ცეცხლითა და მახვილით” ვრცელდებოდა.

Saturday, May 15, 2010

კორნელი კეკელიძის ლექცია

სახარებათა მოთხრობებში გვაქვს ქრონოლოგიური შეუსაბამობანი. საყურადღებოა, მაგალითად, შემდეგი გარემოება: აღწერა, რომელსაც თითქოს ქრისტეს დაბადების წელს ჰქონდა ადგილი, მომხდარა, ლუკას ცნობით, მაშინ, როდესაც ასურეთს მთავრობდა კვირინე. კვირინე კი, ისტორიიდან ვიცით, გარდაიცვალა 60 წლით ადრე, ვიდრე ქრისტე დაიბადებოდა. შემდეგ - ქრისტე გასამართლებულ იქნა თითქოს მაშინ, როდესაც იერუსალიმში მღვდელმთავრებად იყვნენ ანა და კაიაფა; ცნობილია ნამდვილად, რომ იერუსალიმში ერთსა და იმავე დროს ორი მღვდელმთავარაი არ ყოფილა არასოდეს. ქრისტე, სახარების ცნობით, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ქ. ნაზარეთში. ეს კი პირწავარდნილი ანაქრონიზმია, რადგანაც ნაზარეთი ჩნდება 130 წლით გვიან ქრისტეს დაბადების შემდეგ. სახარებათა ცნობით სახელწოდება "ქრისტიანი" გაჩნდა პალესტინაში, "საქმე მოციქულთა" კი გადმოგვცემს, რომ ეს სახელწოდება პირველად ანტიოქიაში გაჩნდა (XI,26).

სახარებები ყალიბდებოდა საუკუნეთა განმავლობაში სხვადასხვა დროს, სხვადასხვა პირობებში, ამიტომ ისინი შეიცავენ ისეთ წინააღმდეგობას, რომელთა მორიგება პირდაპირ შეუძლებელია.

შეიძლება განა ენდოს კაცი ისეთ წყაროს, რომელიც სავსეა შეუსაბამობით და წინააღმდეგობებით? ვფიქრობთ, რომ არ შეიძლება. განსაკუთრებით ვერ შეურიგდება ჭკუაში მყოფი კაცი სახარების იმ ამბავს, რომ ქალწულს, უქმრო ქალს შეეძლოს უთესლოდ, უქმროდ შვილი გააჩინოს; მითუმეტეს შეუძლებელია დავიჯეროთ, ქალწულმა დაბადოს და ამის შემდეგ ქალწულად დარჩეს, როგორც ამას ამტკიცებენ მარიამის შესახებ მისი თაყვანისმცემელნი, რომელნიც მას "მარადის ქალწულად" თვლიან. მტკიცება ასეთი რამესი (ეპიფანე კვიპრელი და იერონიმე) არის აბუჩად აგდება, შეურაცხყოფა ადამიანის გონებისა თვით ბნელით მოცულ საშუალო საუკუნეებშიაც კი. მარიამი სახარების თხრობის მიხედვითაც კი არ დარჩენილა ქალწულად, ის იყო ცოლი იოსებისა; მათე ამბობს: "თხოვილ იყო დედა მისი (ქრისტესი) მარიამ იოსებისა" (1,18), "ხოლო იოსებ, ქმარი მისი, მართალი იყო" (1,19). ანგელოზი ეუბნება იოსებს: "ნუ გეშინიან მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა" (მათ. 1,20), "და წარიყვანა იოსებ ცოლი თვისი და არა იცოდა იგი, ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო" (მათ. 1.24-25), ესეიგი - იოსებმა თუმცა დატოვა თავისთან, თავის სახლში თავისი ცოლი მარიამი, მაგრამ ცოლქმრული ურთიერთობა მასთან არ ქონია, სანამ მან, მარიამმა, არ შვა პირმშო, პირველი შვილი - ქრისტე, ამის შემდეგ კი ეს ურთიერთობა ძალაში შევიდა, მარიამს გაუჩნდა სხვა შვილებიც - ვაჟები: იაკობი, იოსია, სიმონ და იუდა (მათ. XIII, 55, მარკ. VI,3), ე.წ. "ძმანი უფლისანი", და ქალები მარიამი და სალომე.

ლეგენდარული ქრისტეს სახის შესაქმნელად ფანტაზიამ გამოიყენა მითები და თქმულებები თითქმის ყველა ღვთაებათა შესახებ, რომელთაც თაყვანს სცემდნენ ჩვენს ერამდე ცნობილ რელიგიებში, ქრისტე უკვე ამ რელიგიებში იყო მოცემული. ასე რომ სავსებით მართალი იყო ნეტარი აგვისტინე იპონელი (IV-V ს.), რომელიც ამბობდა: "ის რასაც ქრისტიანულ რელიგიას უწოდებენ, არსებობდა უხსოვარი დროიდან და დაცული იყო იმ დრომდე, სანამ ქრისტე განხორციელდებოდაო".

ნათქვამის ნათელსაყოფად ჩვენ არ შევუდგებით ქრისტეს მთელი ბიოგრაფიის შედარებას ძველი ღმერთების ბიოგრაფიასთან, დავკმაყოფილდებით მხოლოდ ერთი მომენტით ამ ბიოგრაფიიდან, სახელდობრ - ქრისტეს შობის ამბებით.

რელიგიათა ისტორიიდან ცნობილია რომ ქალწულისაგან გამოქვაბულში იბადება არა მარტო ქრისტე, არამედ ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ, მითრა და აპოლონი. ეგვიპტის თებაიდაში ცნობილია ღვთაება ამონის ტაძრის ნანგრევები; ამ ტაძარში ადგილი ჰქონდა "შობის" სამლოცველოს, რომელიც ბარელიეფებით ყოფილა შემკული. ამ ბარელიეფებზე გამოხატულია ამენოფისე III დაბადება. ერთ ბარელიეფზე მოთავსებულია დედოფალი მეტ-ემ-ვე, მის წინ დგას ღვთაება ამონის მიერ გამოგზავნილი თოთი, რომელიც, როგორც ღვთისაგან გამოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს, ახარებს, რომ ის შობს ძეს. მეორე ბარელიეფზე გამოხატულია მუცლადღება ან დაორსულება დედოფლისა. მესამე ბარელიეფზე ვხედავთ "ღმერთკაცის" (ეს ქრისტეს ტიტულია) ამენოფისე III დაბადებას. მეოთხე ბარელიეფზე ახალდაბადებული ღებულობს სამი კაცისაგან ძღვენს, როგორც ქრისტე აღმოსავლეთის მოგვებისაგან. აღმოსავლეთის რელიგიებში ძალიან პოპულარულია სურათი, რომელზედაც გამოხატულია, თუ როგორ აწოვებს დედა ძუძუს ახალდაბადებულ ღვთიურ ბავშვს. პომპეის ერთ-ერთ ფრესკაზე წარმოდგენილია იზიდა, რომელიც ზის სახედარზე და ხელში უჭირავს პატარა ჰორუსი. ეს სურათი ძალიან გვაგონებს იოსებისა და მარიამის ეგვიპტეში გამგზავრების სურათს ახალდაბადებული იესოთი ხელში.

უფრო მეტ მსგავსებას ვპოლობთ მითრას და ბუდას მითოლოგიაში. მითრაიზმი ის რელიგიაა, რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვის პირველ ოთხ საუკუნეში მსოფლიო ბატონობისათვის ებრძოდა ქრისტიანობას. ის ჩვენშიც, საქართველოშიც კარგად იყო ცნობილი. "შობის" დღესასწაული სცოდნია მითრაიზმსაც. რას წარმოადგენს ნამდვილად ქრისტეს "შობა"? ეს არის მიბაძვა მზის ღვთაების დაბადების დღესასწაულისა. 25 დეკემბერი (დღე ქრისტეს შობისა) იულიოსის კალენდრით ითვლებოდა დღედ მზის დაბადებისა, რადგან ამ რიცხვიდან დღე მატულობს და მზე მეტ სინათლეს იძლევა. ამ დღეს იბადებიან სხვა, ისტორიულად ცნობილ რელიგიათა, ღმერთებიც, როგორიცაა: ოზირისი, თამუზი, ადონისი, ატისი, აგნი, მანუ და აპოლონი. ამ დღეს იბადება კერძოდ მითრაც, რომელიც არის "ღმერთი უძლეველი მზისა". რადგანაც მითრა და მისი ამბები ქრისტიანობაში ქრისტეზეა გადმოტანილი, ამიტომ მითრას დაბადების დღე გამოაცხადეს ქრისტეს დაბადების დღედ, იმ ქრისტეს, რომელსაც მათ, მითრას მიბაძვით, უწოდეს მზე, "მზე სამართლისა". თვით ქრისტიანობის იდეოლოგიური მებაირახტრენი, მაგალითად გრიგოლ ნოსელი და აგვისტინე იპონელი, არ მალავდნენ, რომ ქრისტეს შობი დღესასწაული მათ მიერ დაკავშირებულია მწის მოქცევასთან. საყურადღებოა, რომ მითრა, როგორც ქრისტე, იბადება ქალწულისგან გამოქვაბულში და იმასაც ისე მიართმევენ ძვირფას ძღვენს, როგორც ქრისტეს. ამასთან ერთად უნდა მოვიგონოთ ერთი გარემოება.

ცნობილია, რომ საქართველოში თითქმის ყველგან წესად მიღებული იყო, რომ "შობის" დღესასწაულს ღორის დაკვლით ეგებებოდნენ თითქმის ყველა ოჯახში. ღორის გასუქებას, მის დაკვლას, მისი ხორცით გახსნილებას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში, პირდაპირ რიტუალური ხასიათი ქონდა. რით აიხსნება ასეთი უპირატესობის მინიჭება ღორისთვის, რატომ სხვა დღესასწაულთან არაა ასე ხაზგასმით მის მოხმარება დაკავშირებული? ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს მითრაიზმის ერთ გადმონაშთთან. როგორც ზემოთაც ავღნიშნეთ, 25 დეკემბერი, ქრისტეს შობის დღესასწაული, ქრისტეს შობამდე, ყველგან მაშასადამე ჩვენშიაც, იყო დღესასწაული მითრას შობისა. ღორი კი ყველგან და ყოველთვის მითრას წმინდა ცხველად ითვლებოდა, ის მტკიცედ და ურყევად იყო დაკავშირებული მითრას კულტთან. გარეული ტახი იხსენიება როგორც მითრას ცხოველი, რომლის მოდგმა, მითრაისტების რწმენით, მკვდრეთით აღდგომამდე გრძელდებოდა. ამრიგად, ქრისტეს შობის დღესასწაულთან ღორის დაკავშირება არის მონაგონარი მითრას კულტისა.

გაცილებით მეტი მსგავსება აქვს ქრისტეს შობის ამბავს ბუდას შობის ამბავთან, რომელიც წარმოდგენილია ბუდისტთა წიგნში "ლალიტა ვისტარა". აი ეს მსგავსება:

1. ქრისტეს, მის მიმდევართა რწმენით, არსებობდა "უწინარეს ყოველთა საუკუნეთა" და გარკვეულ დროს, როგორც კაცი დაიბადა ამ ქვეყნად; ასევე ბუდა არსებობდა უწინარეს ყოველთა საუკუნეთა და მერე დაიბადა როგორც კაცი. ორივე დაიბადა საკუთარი ნება-სურვილით კაცობრიობის სიყვარულით.

2. ბუდა მეფის საგვარეულოს ეკუთვნოდა, მისი მამა მეფე იყო; ქრისტეც, სახარების მიხედვით, წარმოიშვა ებრაელთა მეფის დავითის ტომიდან, მას ეწოდება "ძე ღვთისა", დავითს კი "ღვთის მამა".

3. ქრისტეს დედას, ე.წ. "ღვთიშობელს", ერქვა მარიამი, ეს სახელი არის შესატყვისი ბუდას დედის სახელისა - მაია.

4. ბუდას დედა მაია ნახულობს სიზმარს, რომ მას ეყოლება შვილი ბუდა; ამ სიზმას ბრამინები მას უხსნიან იმავე სიტყვებით, რიგირითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღვთიშობელს" მარიამს აუხსნა საიდუმლოება მისგან ქრისტეს შობისა.

5. როგორც ქრისტეს დაბადება ეუწყა აღმოსავლეთის ასტროლოგებს ვარსკვლავის გამოჩენით, ისე ბუდას დაბადებაც ვარსკვლავის გამოჩენით იქნა აღნიშნული. როგორც ქრისტეს, ისე ახლად დაბადებულ ბუდას საჩუქრებს მიართმევენ.

6. მეორმოცე დღეს დაბადებიდან, სახარების თქმულებით, ქრისტე მიიყვანეს ტაძარში, სადაც ის მკლავზე მიირქვა მოხუცებულმა სვიმეონმა და აკურთხა. ახლად დაბადებული ბუდაც მიუყვანიათ ტაძარში, სადაც მოხუცებულ ასიტას თაყვანი უცია მისთვის.

7. სახარებაში გადმოცემულია: როდესაც იროდი მეფემ გაიგო უხუცესებისგან, რომ ბეთლენში, ქრისტეს სახით, დაიბადა მეფე ურიათა, ძალზე შეშინდა და აღმოსავლეთიდან მოსულ მოგვებს თხოვა გაეგოთ ბეთლემში ყველაფერი დაწვრილებით და ეხნობებიათ მისთვის. ასე მოიქცა მეფე ბიმბისარაც: როდესაც მის ყურამდე მივიდა ცნობა "ინდოელთა მესიის" დაბადების შესახებ, მან გაგზავნა ჯაშუშები და სთხოვა გაეგოთ ყველაფერი დაწვრილებით ახალდაბადებულის შესახებ და ეცნობებინათ მისთვის.

ასეთი მსგავსება, თითქმის იგივეობამდე დაყვანილი, დამაფიქრებელია. შეიძლება ზოგიერთმა ამ შემთხვევაში პირიორიტეტი სახარების ამბებს მიანიჭოს და ბუდისტური ლეგენდების წყაროდ სახარება ჩათვალოს. მაგრამ ეს სწორი არ იქნება, რადგანაც ბუდისტების "საღვთო წიგნები" რომლებიც შეიცავენ ბუდას შესახებ ლეგენდებს ჩამოყალიბებულია ჩვენს წელთაღრიცხვამდე, ასე რომ ეს წიგნები ქრისტიანულ წყაროებს ვერ გამოიყენებენ. ამავე დროს იოსებ ფლაბიოსის შრომებიდან ვიცით, რომ ინდოეთი პალესტინაზე გავლენას ახდენდა ჯერ კიდევ სახარების შექმნამდე ("ებრაელთა ომის ისტორია", VII, VIII, 7).

ყველაფერი რაც აქამდე ითქვა, ნებას იძლევა დავასკვნათ, რომ შეუძლებელია დამტკიცებულ იქნას ისტორიულად ფაქტი ქრისტეს დაბადებისა და მისი რეალურად არსებობისა. ქრისტე დაიბადა ადამიანის შ ე გ ნ ე ბ ა შ ი მას შემდეგ, რაც ჩამოყალიბდა ის მოძღვრება, რომელსაც ქრისტიანობა ეწოდება.

მიუხედავად ამის, საქრისტიანო ქვეყნებში დამყარდა წელთაღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან; ქრისტეს დაბადებას ჩვეულებრივ სდებენ 753 წელს ქ. რომის გაშენებიდან შეიძლება თუ არა ზუსტად გამოანგარიშება იმისა, თუ როდის დაიბადა ქრისტე, გვაქვს თუ არა რაიმე მონაცემი ამის გასარკვევად? არავითარი, გარდა იმ ცნობებისა, რომელთაც სახარებაში ვპოულობთ, მაგრამ ჩვენ უკვე ვნახეთ, რა ღურებულებისაა ეს წყარო.