Saturday, March 11, 2017

პირველი გლობალიზაცია

პირველი გლობალიზაცია

მსოფლიოში პირველი გლობალიზაციის პროექტად შეგვიძლია მივიჩნიოთ აქემენური სპარსეთი, მაგრამ ეს იყო იმ სახის გლობალიზაცია, რომელიც არ ატარებდა კულტურულ გლობალიზაციის ხასიათს. აქემენური სპარსეთი იყო ერთიანი იმპერია, მრავალი კულტურით და ის თვითონ განიცდიდა დაპყრობილ ხალხების კულტურულ გავლებებს. ამ იმპერიაში სხვადასხვა ხალხები საკუთარ კულტურულ ცხოვრებით ცხოვრობდნენ და მათი დამოკიდებულება ცენტრისადმი მხოლოდ ორი სახის მორჩილებაში: გადასახადების გადახდაში და სამხედრო ბეგარაში გამოიხატებოდა, რაც შეეხება კულტურულ საკითხს ისინი ისევე განაგრძობდნენ არსებობაც როგორც დაპაყრობამდე.
გლობალიზაციის უფრო მნიშვნელოვანი ტალღა იწყება ელინიზმის ეპოქაში, როდესაც ალექსანდრე მაკედონელი დაიპყრობს სპარსეთის იმპერიას და თავის იმპერიას ბალკანეთიდან, ინდოეთამდე გადაჭიმავს. ამ პერიოდში იწყება არა უბრალოდ იმპერიის შექმნა, არანმედ კულტურული ექპსანსიაც, რაც საბოლოო ჯამში ელინიტური კულტურის ჰეგემონია გამოიწვია.
ეს პროექტი ალექსანდრე მაკედონელს არ შეუქმნია, ეს იდეა გაჩნდა მამამისის ფილიპე II მაკედონელის მიერ, რომელსაც სურდა სპარსეთში გალაშქრება და ახალი მსოფლიო წესრიგის შექმნა, მაგრამ ამისთვის სჭირდებოდა საბერძნეთის გაერთიანება. ძვ.წ IV საუკუნეში საბერძნეთში პოლისური სისტემა მნიშვნელოვან კრიზისს განიცდიდა. როდესაც საბერძნეთთან ახლოს გაჩნდა ცენტრალიზებური მონარქიული სახელმწიფო მაკედონიის სახით, ბერძნულმა სამყარომ მტრულად აღიქვა ის. ბერძნები მაკედონელებს არ აღიქვავდენ ელინებად. ბერძნები როგორც ცნობილია სამყაროს ყოფდნენ ელინებად და ბარბაროსებად[1] და როდესაც ფილიპემ დაიწყო საბერძნეთის გაერთიანებისთვის ბრძოლა, მისი ერთ-ერთი მთავარი მეტოქე ორატორი დემოსთენე, რომელიც ფილიპეს, ქსერქსეს ადარებდა და მაკედონელებს ბარბაროსებს უწოდებდა,  შემოიტანა ცივილიზაციური შეჯახების კონცეფცია ელინებსა და ბარბაროსებს შორის. მართალია ბერძნულ-სპარსული ომი ბევრ მკვლევარისთვის განიხილება როგორც ცივილიზაციური ომი, თავად ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე როდესაც ადარებდა სპარსელებს და ბერძნებს ამბობდა რომ განსხვავება ბარბაროსებსა და ელინებს შორის არის ის რომ ბარბაროსებში (იგულისმება სპარსელები) არის მხოლოდ ერთი თავისუფალი ადამიანი და ის მეფეა, ხოლო ელინებში ყველა თავისუფალია, მაგრამ თავად დაპირისპრიება არ ყოფილა კულტურული შინაარსის, ის იყო  პოლიტიკური შინაარსის.  მოგვიანებით ეს ომი აღიქვეს როგორც ცივილიზაციური დაპირისპირება. დემოსთენემ ამ აზრის ჩამოყალიბებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი შეასრულა, მართალია ფილიპემ შეძლო ანტიმაკედონური კოალიციის დამარცხება და მაკედონური ჰეგემონიის დამყარება, მაგრამ თავად ფილიპემ ვეღარ შეძლო სპარსეთში ლაშქრობა, რადგან შეთქმულებმა ის მოკლეს და მისი საქმე მისმა შვილმა ალექსანდრემ გააგრძელა. ალექსანდრე მაკედონელმა ძვ.წ 331 წელს გავგამელას ბრძოლაში დაამარცხა აქემენდური სპარსეთის უკანასკნელი შაჰი დარიოს III  და სპარსეთი დაპყრო. მან შექმნა ახალი გლობალური იმპერია, მაგრამ როდესაც ალექსანდრე გარდაიცვალა მისი იმპერია დაიშალა და წარმოიქმნა რამოდენიმე ელინური სახელმწიფო. მეცნიერები უწოდებენ ამ პერიოდს „ელინიზმის ეპოქას“ რომელმაც სამი საუკუნე იარსება, იქამდე სანამ რომმა დაიპყრობს უკანასკნელ ელინურ სახელმწიფოს პტოლემაიოსების ეგვიპტე ძვ.წ 30 წელს.


ელინისტური სამყარო

ელინიზმიზმის ეპოქა ხასიათდება იმით რომ ეს იყო პერიოდი ელინურ-აღმოსავლურ ცივილიზაციის სინთეზის, ამ პერიოდში მოხდა კულტურის, რელიგიების, პოლიტიკური სისტემების გადაკვეთა და შერწყმა. ალექსანდრე მაკედონელის სიკვდილის შემდეგ ძვ.წ 323 წელს მისი იმპერია გაიყვეს დიადოქოსებმა (მხედარმთავრება), ჩამოყალიბდა რამოდენიმე ელინური სახელმწიფო:

·         სელევკიდების სამეფო რომელის დედაქალაქი თავიდან ბაბილონი იყო, ხოლო მოგვიანებით ანტიოქია ხდება
·         ბერძნულ-ბაქტრიული სამეფო რომელიც ძვ.წ III საუკუნეში გამოყო სელევკიდებს და მდებარეობდა თანამედროვე ავღანეთის ტერიტორიაზე
·         ინდურ-ბერძნული სამეფო რომელიც გამოეყო ბერძნულ-ბაქტრიულ სამეფოს ძვ.წ II საუკუნეში და რომელიც მდებარეობდა თანამედროვე პაკისტანის ტერიტორიაზე
·         პონტოს სამეფო, რომელიც სამხრეთ შავი ზღვისპირეთში მდებარეობდა
·         პერგამოსის სამეფო რომელიც დასავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე მდებარეობდა
·         კომაგენეს სამეფო, რომელიც გამოეყო სელევკიდების სამეფოს და მოგვიანებით კომაგენეს სამეფო დინასტია ხდება სომხეთის მართველები და ქმნიან „დიდ არმენიის“ სამეფოს.
·         პტოლემაიოსების ეგვიპტე
·         მაკედონური სამეფო
·         აქავური კავშირი - ბერძნულ პოლისების კავშირი
·         ბოსფორის სამეფო, რომელიც თანამედროვე ყირიმის ტერიტორიაზე არსებობდა

ელინურ ელინურ სამყაროს უწოდებდნენ „ელინისტურ ოიკუმენეს[2] თუმცა ასევე არსებობდა დანარჩენი სამყარო რომელთანაც ელინისტურ სახელმწიფოებს ჰქონდა სავაჭრო, პოლიტიკური და დიპლომატიური კავშირები. ამ პერიოდში ოიკუმენის მიღმა აღიქმეოდა ქართლის (იბერიის) სამეფოც.
ელინისტური სახელმწიფოები მუდმივად ებრძოდნენ ერთმანეთს ჰეგემონიისთვის, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ჯარს და ფლოტის. ელინისტური სამეფოები ძირითადად იყენებდნენ მოქირავე ჯარს, რომლებთაც აძლევდნენ ფულად თანხას ან ომში სამსახურის შემდეგ მიწებს ურიებდნენ. ელინისტური ხანის მეფეები ცდილობდნენ არ გამოეყენებინათ ადგლობრივი მოსახლეობა ჯარში, მოქირავეები ძირითადად იყვნენ ბერძნები, მაკედონელები ან უცხო ტომის ხალხი, რადგან ელინისტ მეფეებს ძალიან ეშინოდათ აჯანყებების და არ ენდობოდნენ ადგილობრივ მოსახლეობას.
ელინურ სახელმწიფოებში არსებობას განაგრძობდნენ პოლისები, მათ გააჩნდათ ფართო ავტონომია, ხშირ შემთხვევაში ისინი არც უხდიდნენ გადასახადს ელინურ სახელმწიფოებს, ყველაზე დიდი ესეთი პოლისები იყო ალექსანდრია-ეგვიპტეში, ანტიოქია-სირიაში და ა.შ. სამაგიეროდ თუ კი ბერძნები რომლებიც პოლისებში ცხოვრობდნენ არ იხდიდნენ გადასახადს, ადგილობრივი მოსახლეობა იყო გადასახადებით დამძიმებული და მთელი სიმძიმე მათ აწვებოდათ. ადგილობრივ მოსახლეობას უნდა გადაეხადათ პოლისისთვის ცალკე გადასახადი და ელინურ მეფისთვის ცალკე გადასახადი.
სამაგიეროდ ელინისტი მეფეები საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავდნენ მეცნიერების, ხელოვნების და კულტურის განვითარებაში, ასე იგვიპტეს მეფეებმა ალექასნდრიაში შექმნეს დიდი ბიბლიოთეკა სადაც 400 000 წიგნი ინახებოდა, ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში ჩამოყალიბდა ფილოლოგია, ლიტერატურული კრიტიკა და სხვადასხვა დარგები. ამის გარდა შეიქმნა მუსიუმი (აქედან წარმოიშვა სიტყვა მუზეომი) რომელიც იყო კვლევითი ინსტიტუტი, სადაც სხვადასხვა სახის ექსპერიმენტები ტარდებოდა ცხოველებზე, მცენარეებზე, შეისწავლებოდა და დაკვირვება მიდიოდა ციურ სხეულებზე, ამ ინსტიტუმა დიდი აღმოჩენები მოახდინა მეცნიერებაში, იყო გამოთვლილი მზესა და დედამიწას შორის მანძილი, ასევე ტექნოლოგიური პროგრესი მოყვა გამოგონილი იყო ე.წ არქიმედნეს ჭანჭიკი რის შედეგადაც წყალი ზემოთ ადიოდა და მოხდა მაღალი ტერიტორიების მორწყვა, რამაც მოსავლიანობა საგრძნობლად გაზარდა. თუმცა ბევრი გამოგონება არ გამოიყენება წარმოებაში, მაგალითად ორთქლის მანქანა რომელიც ელინისტურ ეპოქაში გამოიგონეს და იყენებდნენ მხოლოდ თეატირის მუშაობისთვის.
ელინისტურ სახელმწიფოებს შორის ომი შედეგად ბევრი ხალხი იძულებული იყო სხვადასხვა ტერიტორიაზე გადასულიყო, მაგალითად ამ პერიოდში მოხდა ებრაელების გადასახლება ეგვიპტეში, რამაც გამოიწვია დიდი კულტურული გარდაქმნები. ებრალებს რომლებმაც აითვისეს ბერძნული ენა და დაავიწყდათ მშობლიური, დაჭირდათ საკუთარი წმინდა წიგნების თარგმნა ბერძნულად, რასაც უწოდებენ  სეპტუაგინტას, არსებობს სულ 70-მდე ესეთი თარგმანი, რომელიც დაიწერა ძვ.წ III-I საუკუნეებში. გადმოცემის თანახმად თარგმნის ინიციატორი ყოფილა არისტოტელეს მოწამე ბერძენი ფილოსოფისი დემეტრი ფალერელი. ეს იყო პირველი შემთხვევა როდესაც რელიგიური ტექსტი სხვა კულტურიდან ითარგმნა მეორე კულტურის მიერ, რამაც მოგვიანებით გააიოლა კულტურათაშორისი დიალოგი და გასაგები გახადა ელინებისთვის ქრსტიანობა.
ბერძნები რომლებიც იყვნენ ზღვის ხალხი, გაუჭირდათ აღმოსავლეთში ცხოვრება და მალე ელინისტურ სახელმწიფოების მოწინააღმდეგე ახალი სახელმწიფო წარმოიქმნა ირანის ტერიტორიაზე პართიის სახით, რომელმაც შეძლო აღმოსავლეთიდან განედევნა ელინისტური მართველები და კვლავ კულტურულად აქემენურ სპარსეთის ტრადიციებს დაბრუნებოდნენ.
მაგრამ საბოლოო შედეგი ელინიზმის იყო ის, რომ თუ კი აქამდე ბერძნები მიიჩევნენ რომ არსებობს ისტორიული ცენტრები საბერძნეთის სახით და სხვა დანარჩენი უბრალოდ ამ ცენტრების მიბაძვა იყო, ამიერიდან ბერძნებმა დაინახეს სხვა კულტურების თვითმყოფადობა და დაიწყეს მათი შესწავლა. კლასიკურ პერიოდში როდესაც ისახებოდა ისტორია, როგორც მეცნიერება, ბერძნებს ისტორია აინტერესებდათ ელინებთან მიმართებაში, ხოლო ელინიზმის პერიოდში ბერძნები ინტერესდებიან მსოფლიო ისტორიით. ისტორია ხდება გლობალური.



[1] თავდაპირველად ბარბაროსობა არ იყო ველურის სინონიმი, ის უბრალოდ არაელინს ნიშნავდა, ბარბაროსობა ველურის სინონიმი ცოტა მოგვიანებით გახდა.
[2] ოიკუმენეს მოგვიანებით სხვა მნიშვნელობა ჰქონდა და ქრისტიანობის მიღების შემდეგ ოიკუმენე იყო ქრისტიანული სამყარო - ქართველები შუა საუკუნეებში მივიჩნევდით თავს ოიკუმენეს უკიდურეს აღმოსავლეთით მყოფნი, მის სადარაჯოზე მდგომი.

Tuesday, March 7, 2017

ევროპული ცივილიზაციის ჩასახვა

ევროპული ცივილიზაციის ჩასახვა

დაახლოებით ძვ.წ 2500 წელს ეგეოსის ზღვის კუნძულებზე და მატერიკზე ისახება მეტალურგიული ცენტრები. ეს არის პერიოდი, როდესაც სხვადასხვა სახელმწიფოები  ებრძვიან ერთმანეთს მეტალურგიული რესურსების ხელში ჩასაგდებად (განსაკუთრებულად ისეთი რესურსების, როგორიცაა ბრინჯაო, ოქროდა სხვ.). ეს ფაქტორი საკმაოდ მნიშვნელოვან როლს სძენს ეგეოსის ზღვას. მართალია, თავად ბრინჯაო არ მოიპოვებოდა საბერძნეთში, თუმცა მისი დამუშავება აქ იყო ძალზედ განვითარებული).
ამ ეპოქას მეცნიერები უწოდებენ „კრეტა-მიკენის კულტურას“. კრეტა-მიკენი სცივილიზაცია არსებობდა ძვ. III-IIათასწლეულში. თავად ძველ ბერძნებს მის შესახებ არანაირი ინფორმაცია არ გააჩნდათ. იყო მითები და ლეგენდები მეფე მინოსზე, რომელიც მართავდა კრეტას (თალასოკრატიას[1]) და იყო ლეგენდები ლაბირინთზე, სადაც ცხოვრობდა ურჩხული მინოტავრი, რომელიც იყო ნახევრად ხარი, ნახევრად ადამიანი.
ამ ცივილიზაციის შესახებ კაცობრიობამ არაფერი იცოდა XX საუკუნის დასაწყისამდე, კერძოდშლიმანის და არტურ ევანსის არქეოლოგიურ გათხრებამდე. არტურ ევანსმა აღმოაჩინა სასახლეები ქალაქ კნოსში. ეს იყო სამსართულიანი სასახლეები, შესანიშნავი ფრესკებით, ფუფუნების საგნებით და მაღალი კულტურით. ეს სასახლეები რეალურადწარმოადგენდნენ მინი-ქალაქებს. 
დღესდღეობით ჩვენ ვიცით რომ კრეტაზე ცხოვრობდნენ პროტოინდოევროპელი ხალხები, რომლებიც არ იყვნენ
ბერძნები. მათ გააჩნდათ საკუთარი დამწერლობა, რომელიც დღემდე არ არის გაშიფრული.
მათი სოციალური და პოლიტიკური ცხოვრება წააგავდა ბევრ პროტოინდოევროპელ ხალხების ცხოვრობას. მათ  სათავეში იდგა მეფე ან მეფე-ქურუმი, მაგრამ ძალიან დიდ როლს რელიგიაში და პოლიტიკაში თამაშობდნენ ქალები, რადგანქალების ფიგურები ყველგან დიდად არის გამოსახული,  არქაულ მხატრობაში კი ზომას აქვს დიდი მნიშვნელობა და გამოხატავდა სოციალურ მნიშვნელობას ამა თუ იმ პერონის.
იოჰან ბახოფენმა 1861 წელს გამოსცა წიგნი „დედის უფლებები“, რომელშიც ის იკვლევს  ქალური და მამაკაცური ტიპებს სხვადასხვა კულტურაში.  მისი კვლევის თანახმად ისტორიის საწყის ეტაპზე სისხლისმიერი კავშირების ფიქსირება მხოლოდ ქალის საშუალებით ხდებოდა. ამიტომ ქალი-დედა გამოდიოდა როგორც მბრძანებელი და კანონმდებელი გვარშიც და თემშიც. ამ გარემოებამ თავი იჩინა როგორც ოჯახის, ისე გვარისა და რელიგიის ჩამოყალიბებაში. ბახოფენის  მიხედვით მატრიარქალური[2] ტიპის კულტურებს ახასიათებთშემდეგი ნიშნები: ადამიანთა თანასწორობა, უპრირობო დედობრივი სიყვარული, ადამიანის სიცოცხლის მნიშვნელობა, მისი ბედნიერება.  მაგრამ ბახოფენის აზრით,  დროთა განმავლობაში, მამაკაცის როლის გაზრდამ განაპირობა მამაკაცური ღვთაებების გაბატონება. ამ პერიოდში შეიძლება საუბარი პატრიარქალური ტიპის კულტურაზე, სადაც უპირატესობა საქმიან ურთიერთობებს და რაციოს ენიჭება. ადამიანი ისწრაფის ბიოლგიური გარემოს შეცვლისკენ, თანასწორობის ნაცვლად წარმოიშობა იერარქია, დედობრივ კულტს ანაცვლებს საყვარელი შვილის პრინციპი და მნიშვნელოვანი მახასიათებელს წარმოადგენს უკვეძალაუფლებისადმი მორჩილება.
მეორე გერმანელი მეცნიერის ლეო ფრობენიუსის მიხედვითm, მატრიარქალური ტიპის კულტურა გამოირჩევა ბუნებესთან ერთიანობით, მშვიდობისმოყვარეობით და ის უფრო ემოციური მსოფლმხედველობითობით აღიქვამს სამყაროს. ფრობენიუსი ასახელებს  ორი ტიპის კულტურას, ესენია „ტელურიულ-ეთნიკურ-პატრიარქალური“ და „ქტონიურ-ქამიტურ-მატრიარქალური“.  „ტელურიული“ (პატრიარქალური) ტიპის კულტურა აფრიკის სავანეთა შვილია, ხოლო „ქტონიური“ (მატრირქალური)სახარისა და ჩრდილო აფრიკის. „ტელურიული“ კულტურისთვის დამახასიათებელია ცისკენ მისწრაფებაა, რაც კარგად ჩანს მის არქიტექტურაში - მოწნური სახლებში და ფეხებიან საწოლებში.აქ ღმერთებიც ზემოთ ბინადრობენ. „ქტონიური“ ტიპის კულტურა კი ისწრაფვის მიწისკენ, თავისი მიწური სახლებით, მიწის ღუმელებით, სუფთა მიწისქვეშა სამყაროთი და  ა.შ.  შემდგომში მან „ქამიტური“ (მატრიარქალური) და „ეთიოპური“ (პატრიარქალური) კულტურები შეცვალა „აღმოსავლეთითა“ და „დასავლეთით“. აქედან პირველისთვის - მატრიარქლური კულტურისთვის - დამახასიათებელია „გამოქვაბულის“ შეგრძნება, უძრაობა, ფატალური ბედის იდეა; მეორესთვის - პატრიარქალური კულტურისათვის კი - „შორეული სივრცის“განცდა, დინამურობა, პიროვნების და თავისუფლების იდეა.
კრეტას ცივილიზაცია იყო  მშვიდობისმოყვარე ცივილიზაცია. კერძოდ, არც ერთ წერილობით წყაროში   არ ფიქსირდებადიდი ომი, განსხვავებით მისი პერიოდის სხვა მცირე აზიის სახელმწიოფებისგან, როგორიც იყვნენ ხეთები და ასირიელები, რომლებიც საკმაოდ ინტენისურ ომებს აწარმოებდნენ. ფრესკებზე, რომლითაც სავსე იყო კრეტას სასახლეები, არ არის გამოსახული ომის და ნადირობის სცენები. იმ დროს სხვა ცვილიზაციებში, თუნდაც იგივე ხეთებსა თუ ასირიულ ცივილიზაციებში, ძირითადად გამოსახული იყო ომის, ნადირობისა და დაკრძალვის სცენები. ეს მიუთითებს იმაზე, რომ კრეტას ცივილიზაცია განეკუთვნება მატრიარქალური ტიპის კულტურებს.აქ ძირითადი საქმიანობები, რომელთა საშუალებითაც იხვეჭდნენ მატერიალურ სიმდიდრეს, იყო ზღვაოსნობა და ვაჭრობა. ვაჭრობა წარმოებდა ძირითადათ გვიპტესთან და ასევე იმ ეპოქის სხვა განვითარებულ ცივილიზაციებთან.
დაახლოებით ძვ.წ 1700 წელს „ძველი სასახლეები“ განადგურდნენ. მეცნიერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ განადგურების მიზეზი უნდა ყოფილიყო ბუნებრივი კატაკლიზმა, როგორიცაა მიწისძვრა. მეორე ნაწილის აზრით კი მათი განადგურება მოხდა გარკვეული სოციალური დაპირისპირებების შედეგად.
ძვ.წ 1650-1450 წლებიში იწყება „ახალი სასახლეების“ ეპოქა. ეს  პერიოდი ითვლება კრეტული კულტურის ოქროს ხანად. ამ პერიოდში კრეტული კულტურა ვრცელდება მთელ საბერძნეთზე. კვლავ აშენებენ სასახალეებს, ამჯერად უფრო დიდს და პომპეზურს. მაგრამ ძვ.წ 1450 წ ხდება ვულკანის ამოფრქვევა კუნძულ ფერაში (სანდარინაში). ის დიდ გავლენას ახდენს ამ ცივილიზაციის მორალურ მდგომარეობაზე, რადგან ვულკანის ამოფრქვევა აღქმული იქნა როგორც აპოკალიფსი. მან ასევე დიდი მატერიალური ზიანიც მიაყენა ამ ცივილიზაციას. სწორედ  ამ პერიოდში მათიპყრობენ აქავული ტომები, რომლებსაც სხვანაირად  ეძახდნენ მიკენელებს (მათი ყველაზე დიდი ქალაქის მიკენის გამო, რომელიც პელეპონესის ნახევარკუნძულზე მდებარეობდა). ამის შემდეგ იწყება კრეტას გადაქცევა პერიფერიად, ხოლო მიკენის კი ცენტრად. ძვ.წ 1150-1110 წლები არის მიკენის ეპოქა, რომელიც კრეტას კულტურის გავლენის ქვეშ იყო. მიკენელები კრეტელებისგან განსხვავებით გაცილებით მეომარი ხალხი იყო. ამ პერიოდში ჩნდება უამრავი ქალაქი, ისეთები როგორიცაა სპარტა, არგო, თებესი და სხვები. მიკენის მეფეების ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენა იყო ტროას ომი, რომელიც მოხდა დაახლოებით ძვ.წ 1150 წელს. ვარაუდობენ, რომ ტროამ გამოფიტა მიკენელების სამეფო ძლიერება და 1110 წლისთვის, დორიელების შემოსევის შედეგად, ხდება მიკენის სახელმწიფოს დაცემა.
დორიელები იყვნენ ბერძნების მესამე ტალღა (კრეტელების და აქაველების შემდეგ), რომელიც ცხოვრობდნენ თანამედროვე სერბეთის ტერიტორიაზე. დორიელებმაგაანადგურეს მიკენური ცივილიზაცია და დაიპყრეს მთელი საბერძნეთი. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ მიკენელებისგან განსხვავებით, დორიელებს ჰქონდათ რკინა, რომელიც უფრო მასობრივი წარმოების იარაღია ვიდრე ბრინჯაო და ეს იყო მთავარი ფაქტორი თუ როგორ მოახერხეს  დორიელებმა, მათზე განვითარებული მიკენელების დამარცხება.

ბნელი ეპოქა
კრეტა-მიკენის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ, ხდება არა მხოლოდ დამწერლობის დაიკარგა, არამედ საბერძნეთი აღმოჩნდა პირველყოფილ თემურ მდგომარეობაში. აღარ წარმოებდა თითქმის არაფერი გარდა მიწათმოქმედებისა, რომელიც საკმაოდ პრიმიტიულ დონეზე იყო განვითარებული. 
ბნელ ეპოქამდე საბერძნეთი ვითარდებოდა აღმოსავლური ცივილიზაციების მსგავსად, ტიპოლოგიურად ის იყო აღმოსავლური ცივილიზაციების მსგავსი, თუმცა კრეტო-მიკენის ცივილიზაციის დაცემის შემდეგ, ბერძნებმა შეძლეს ახალი ცივილიზაციის განვითარება.  ამ „რაღაც ახალი ცივილიზაციის“ განვითარებით დაედა საფუძველი ევროპული ცივილიზაციის შექმნას, რომელიც უკვე  ტიპოლოგიურადაც არსებითად განსხვავდებოდა აღმოსავლური ცივილიზაციებისგან.
როდესაც ბერძნები დაუბრუნდნენ პირველყოფილი დემოკრატიის ფორმებს და დავიდნენ თემური ცხოვრების დონეზე, ამ პირველყოფილმა თემებმა დროთა განმავლობაში განიცადეს ევოლუცია და თანდათან გადაიქცნენ მოქალაქეთა თემებად. ასე დაიწყო ამ ტერიტორიაზე პოლისების წარმოშობა. აქ დასახლებული დორიელები საკუთარ თავს მიიჩნევდნენ ამ ტერიტორიების მესაკუთრეებად, სწორედ მათ უნდა განეგოთ ეს მიწა და მათ არ ჭირდებოდათ უმაღლესი ხელისუფლება. ამის გამო იწყება სამეფო ხელისუფლების მოშლა - გადაგვარება. ამ პერიოდში ასპარესზე გამოდის ისეთი ინსტიტუტი, როგორიც არის ბასილევსი[3].  ყველა პოლისს ჰყავდა საკუთრი ბასილევსი. თუმცა ბასილევსი უკვე აღარ იყო მონარქი ამ სიტყვის კლასიკური გაგგებით, ის უფრო იყო არისტოკრატიული ფენის უმაღლესი წარმომადგენელი.
მოქალაქეები იმავდროულად იყვნენ მეომრები. ყველა მოქალაქე ვალდებული იყო მიეღო მონაწილეობა პოლისის მიერ წარმოებულ რაიმე სამხედრო კამპანიაში. ყველა პოლისში  უმაღლესი ორგანოს წარმოადგენდა სახალხო კრება. ეს სახალხო კრება რეალურად  იყო მოქალაქე-მეომართა კრება.ამ ინსტიტუტის არსებობა არ ნიშნავდა დემოკრატიის არსებობას, სახალხო კრების ინსტიტუტი არსებობდა პოლისების ყველა პოლიტიკურ სისტემის დროს. იცვლებოდა მხოლოდ მისი ფორმები. ამ პერიოდში  პოლისებში ჩნდება აკროპოლისი. ეს იყო შენობა, რომელიც აღმართული იყო პოლისის ყველაზე ამაღლებულებულ და დაცულ ადგილას,  ძირითადათ ქალაქის ცენტრში. აქ მოქალაქეები ნახულობდნენ თავშესაფარს მტრის შემოსევის დროს. ჩნდება ასევე აგორა, რომელიც წარმოადგენდა სავაჭრო და საზოგადოებრივ ცენტრს.
ყველა პოლისში მოქალაქეთა გარდა ცხოვრობდნენ თავისუფალი არამოქალაქეები.მართალია მათ გააჩნდათ ქონებრივი უფლება და მათი სიცოცხლე და ყველა უფლება დაცული იყო, მათ არ ჰქონდათ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლება. ასევე ყველა პოლისში იყო მესამე  მონათა ფენა. ძველი საბერძნეთის ისტორიაში უამრავია შემთხვევა, როდესაც მონა ხდება თავისუფალი ადამიანი. მაგრამ მხოლოდ ერთეული შემთხვევებია, როდესაც არამოქალაქე ხდებაა მოქალაქე. ბერძნების აზრით, არამოქალაქეს შესვლა მოქალაქეთა ერთობაში იყო დაუშვებელი. ასევე უნდა ითქვას, რომ მოქალაქეები იყვნენ მხოლოდ მამაკაცები და ქალებს უფლებები ამ მხრივ ძალზედ შეზღუდული იყო.
დორიელების კულტურა იყო პატრიარქალური ტიპის კულტურა. ამით აიხსნება ის, რომ პირველი რაც მათ გააკეთეს, იყო აბსოლუტური განადგურება მატრიარქალური კრეტ-მიკენური ცივილიზაციის და ყველა მისი გადმონაშთის. სიმბოლურად ეს აისახა მხატვრობაში და ლეგენდებში. ცნობილი ლეგენდა ხარის ანუ მინოტავრის მკვლელობის, რომელიც იყო სიმბოლო კრეტა-მიკენური ცივილიზაციის. ის მოკლა გმირმა ახალი სამყაროს შესაქმნელად, სადაც იგულისხმება დორიელების მოსვლა საბერძნეთის ტერიტორიაზე და მათ მიერ ახალი ცივილიზაციის შექმნა. აქ ქალების როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაყვანილია მინიმუმამდე. ქალები განიხილებოდნენ მხოლოდ როგორც გამრავლების საშუალება.უმნიშვნელო იყო ასევე მათი როლი სოციალურ ცხოვრებაშის.  ქალი ცხოვრების უმეტეს დროს ატარებდა სახლში და მხოლოდ რელიგიურ-რიტუალურ დღესასწაულებზე ჰქონდა უფლება გამოსულიყო სახლიდან. მამაკაცს (მამას) შეეძლო როგორც გაეთხოვებინა ქალიშვილი, ასევე ისე მოეთხოვა მისი განქორწინება, რომ არც არაფერი შეეკითხა ქალიშვილისთვის. აბსოლუტურად არაეთიკურად და მიუღებლად მიაჩნდათ ბერძნებს კაცების ლაპარაკში რაიმე მონაწილეობა ქალის მხრიდან. ყველა ოჯახში ქალიშვილს და ცოლს ჰქონდა გამოყოფილი განსაკუთრებული ოთახი და სტუმრის მოსვლის დროს  ისინი არ უნდა გამოსულიყვნენ ამ ოთახიდან.  ქალის სოციალური როლის ამგვარმა დაქვეითებამ ბიძგი მისცა მამაკაცებში ბისექსუალური ურთიერთობის ნორმად მიღებას. მათ ჯერ კიდევ არ ჰქონდათ გამიჯნული ჰეტეროსექსუალობა და ჰომოსექსუალობა. ჩვეულებრივ ნორმად ითვლებოდა ბისექსუალობა, თუმცა კაცებს ცოლად მარტო ქალები მოჰყავდათ.  ბისექსუალური ურთიერთობები არ ითვლებოდა ცოლის ღალატად.
ძველ ცივილიზაციებში მორალის საფუძველი იყო რელიგია და ღმერთების კანონები.განსხვავებით ამისგან, საბერძნეთში მორალი ეფუძნებოდა ეთიკას, ხოლო ეთიკას განსაზღვრავდნენ ადამიანები და არა ღმერთები. რელიგიური ცხოვრება აბსოლუტურად განსხვავდებოდა იმ ეპოქის ახლო აღმოსავლურ ცივილიზაციათა რელიგიური ცხოვრებისგან. საბერძნეთში არ მოხდა ქურუთმა, როგორც სოციალური კლასის ჩამოყალიბება. ღმერთების შესახებ ცოდნის წყაროს საბერძნეთში წარმოადგენდნენ არა ქურუმები, არამედ პოეტები და მხატვრები. ამის გამო ძველ საბერძნეთში არ არსებობდა ე.წ. „კანონიკა“ და რაიმე შეზღუდვები. რელიგიური ინტერპრეტაციები იყო თავისუფალი. რელიგიურ რიტუალებს ატარებდნენ თვით მოქალაქეები. ოლიმპიური ღმერთები იყვნენ ანტროპომორფიზტულები (ადამიანის მსგავსები არსებები). რელიგია დაკავშირებულიიყო პოლისებთან. ყველა პოლისს თავისი ღვთაება ჰყავდა. თუმცა არსებობდა საერთო ბერძნული სალოცავები. ასეთი იყო დელფოსის ორაკული, რომელიც წინასწარმეტყველებდა. ასევე დელოსზე აპოლონის ტაძარი. იმას, თუ რა არის რელიგიის და რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა, განსაზღრავდნენ პოლისების მოქალაქეები. შესაძლებელი იყო, რომ ერთი და იგივე საქციელი ერთ პოლისში ჩათვლილიყო მკრეხელობად, ხოლო მეორეშა კი არა. შესაბამისად, პოლისებშიამა თუ იმ დანაშაულისთვის გამოტანილი განაჩენებიც  განსხვავდებოდნენ ერთმანეთისგან.



არქაული პერიოდი

არქაულ პერიოდს მეორენაირად დიდი კოლონიალიზმის პერიოდსაც უწოდებენ და ეს პერიოდი მოიცავს ძვ.წ VIII-VI საუკუნეებს.
ძვ.წ VIII საუკუნემდე საბერძნეთი იყო ღარიბი მხარე. ის იყო მსოფლიო ცივილიზაციათა პერიფერია. იმ პერიოდში ცენტრი იყო ახლო აღმოსავლეთში და მცირე აზიაში მდებარე სახელმწიფოები. მაგრამ უკვე ძვ.წ VIII საუკუნის ბოლოს საბერძნეთი ხდება  ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი მხარე და პოლიტიკურად და კულტურულად იქცევა მსოფლიო ცივილიზაციების ცენტრად.  მისი ეს დაწინაურება განაპირობა პირველ რიგში პოლისური ცხოვრების წესმა. პოლისურმა სისტემამ გამოიწვია საზოგადოების ჩართულობის ზრდა სხვასხვა სფეროში. ბერძნებს ჰქონდათ მაღალი კონკურენციის კულტურა. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ყველაფერში. შემთხვევითი არ არის რომ ოლიმპიური თამაშები სწორედ ბერძნებმა გამოიგონეს. ამ ფაქტორმა პოზიტიური როლი ითამაშა ეკონომიკაშიც.  ამას დაემატა ის, რომ ამ პერიოდში წარმოება იზრდება სამჯერ, რომლის ანალოგი მსოფლიო ისტორიას არ ახსოვს ინგლისის საწარმოო რევოლუციამდე. ბერძნული კერამიკა მასობრივად იყიდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. არქეოლოგიური გათხრებით დასტურდება,  რომ წარმოება იყო მასობრივი. ბერძნული პროდუქცია გვხვდება ისეთ შორეულ ქვეყანაშიც კი, როგორიც იყო ინდოეთი. ბერძნებმა ფინიკიელებისგან შემოიღეს და აითვისეს ფულიდი სისტემა. მათ ჰქონდათ კერძოდ საკუთარი მონეტა, რამაც გაამყარა მათი ეკონომიკური კავშირები სხვა ქვეყნებთან. განვითარდა ზღვაოსნობა და ისინი კონკურენციას უწევდნენ ამაში ფინიკიელებსაც კი. ამის შედეგად ხდება ვაჭრობის სწრაფი განვითარებაც. უკვე ძვ.წ V საუკუნეში ბერძნული მონეტა იქცა საერთაშორისო სავაჭრო ერთეულად.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება ამ პერიოდში არის ე.წ ჰოპლიტური რევოლუცია. ჰოპლიტები, რომლებიც არიან მძიმედ შეიარაღებული, დისციპლინირებული ქვეითი ჯარი, ხდება მთავარი სამხედრო ძალა. ჰოპლიტის მთავარი შეიარაღება არის შუბი და ფარი, რომლის შეძენა შეეძლო ყველა საშუალო მიწიან გლეხს. ამიერიდან ჰოპლიტი ცვლის არისტოკრატ ცხენოსანს.არსებობდა შემდეგი პრინციპი:ყველას, ვინც მონაწილეობას ღებულობდა სამხედრო მოქმედებებში, ჰქონდა უფლება მოეთხოვა სოციალური იერარქიაში არსებული უფლებების მინიჭება. ამიტომ ჰოპლიტურმა რევოლუციამ მოახდინა რადიკალური სოციალური გარდაქმნები. საშუალო მიწის მქონე გლეხი ამის შემდეგ იწყებენ საკუთარი უფლებების გაზრდას და ძალაუფლებისკენ სწრაფვას.  აქამდე უმაღლესი პოლიტიკური ძალაუფლება იყო სახალხო კრება, თუმცა რეალური ძალაუფლება ჰქონდათ არისტოკრატებს (ბასილევსებს). იწყება დემოსის მოძრაობა. პირველი რასაც მოითხოვს დემოსი, ესაა წერილობითი კანონების შექმნა. ძვ.წ VIII საუკუნეში ბერძნები ქმნიან თავიანთ ანბანს და იწყება წერილობით ურთიერთერთობაზე გადასვლა. წერილობითი კანონები ნიშნავდა თანასწორობას ყველასთვის, ამ პროცესს მოჰყვა პოლიტიკური ბრძოლა არისტოკრატებსა და დემოსს შორის. ამ სოციალური ბრძოლის პროცესში ჩნდებოდა შუამავლები, რომლებსაც უნდა მოეგვარებინად დემოსსა და არისტოკრატიას შორის წარმოქმნილი დავები. ეს შუამავლები ხშირად იყვნენ არისტოკრატიის წარმომადგენლები, რომლებიც დროთა განმავლობაში იმტკიცებდნენ ძალაუფლებას და იქცეოდნენ ტირანებად.  თუმცა საბერძნეთში ტირანების ლეგიტიმაციის საკითხი ყოველთვის კითხვის ქვეშ იდგა და მათი სრულფასოვანი ლეგიტიმაცია არ განხორციელებულა. ძვ.წ VII-VI საუკუნეებს უწოდებენ „ძველი ტირანების ეპოქას“. ამ პერიოდის ტირანები  წარმოშობითიყვნენ არისტოკრატები, რომლებიც მართლია ლოიალურად იყვნენ განწყობილი დემოსის მიმართ, მაგრამ როგორც წესი ცდილობდნენ ეს დემოსი გამოეყენებინად საკუთარი კონკურენტი-არისტოკრატების წინააღმდეგ. დროთა განმავლობაში, ტირანთა ძალაუფლება ეცემა, რამეთუ ის ის წინააღმდეგობაში მოვიდა თავად პოლისის სისტემასთან (კოლექტიური საკუთრების იდეასთან). ტირანები როგორც წესი არ აუქმებდნენ დაწერილ კანონებს, ისინი უბრალოდ კანონზე მაღლა იდგნენ.
ამ პერიოდში ყველაზე დიდი მოვლენა არის დიდი ბრძნული კოლონიალიზაცია. კოლონიზაციას ჰქონდა სამი ძირითადი მიზეზი. ესენია:
1) მიწის სიმცირე. მიწა არ იყოფოდა და რჩებოდა უფროს ვაჟს, ხოლო უმცროსი იძულებული ხდებოდა ეძება მიწა სხვაგან.
2) პოლიტიკური და სოციალური ბრძოლა, დამარცხებული მხარე ხშირად ტოვებდა სამშობლოს და მიდოდა ახალი კოლონიის შესაქმნელად
3) ყველა კოლონია იყო სავაჭრო პლაცდარმი და ხშირად არა  მარტო ბერძნები იყვნენ დაინტერესებული რომ შეექმნათ კოლონია, არამედ ადგილობრივი მმართველებიც.
ძველი ბერძნული კოლონიზაცია განხორციელდა სამი ძირითადი მიმართულებით:
 1) დასავლეთი. ეს იყო თავდაპირველად იტალია და სიცილია, სადაც უამრავი კოლონია შექმნეს (ყველაზე ცნობილია მათ შორის ნეაპოლი და სირაკუზი).  ამ მხარს ანტიკურ ეპოქაში უწოდებდნენ „დიდ საბერძნეთსაც“. თუმცა მოგვიანებით ბერძნები კიდევ უფრო დასავლეთით წავიდნენ და დღევანდელი საფრანგეთის და ესპანეთის ტერიტორიაზეც დაარსეს ახალი კოლონიები.
2) აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი. აქ ძირითადად ადგილობრივიმმართველების მხარდაჭერით ქმნიდნენ კოლონიებს (მაგალითად ეგვიპტეში).
3)შავი ზღვის მიმართულებით, განსაკუთრებით შავი ზღვის ჩრდილოეთით და ბოსფორის ზღვაზე.
ბერძნები არ ქმნიდნენ იმპერიას, ისინი უბრალოდ ავრცელებდნენ პოლისის იდეას დანარჩენ სამყაროში.

სპარტა
სპარტა - ლაკედომონი (სპარტას სრული სახელი) იყო უნიკალური ბერძნული პოლისი, რადგან აქ შემორჩენილი იყო ყველაზე არქაული, ჰოპლიტური ელემენტი. ყველა ბერძნული პოლისი იყო სამოქალაქო თემი, სადაც ძალაუფლება ჰქონდათ ჰოპლიტებს, სპარტაში კი ეს მომენტი გამოკვეთილი იყო.
სპარტანული სისტემის შექმნას უკავშირებენ ლეგენდარულ მეფეს ლიკურგუსს, რომელმაც სპარტა გახადა ყველაზე ბრძოლისუნარიანი პოლისი იმდროინდელ საბერძნეთში. სპარტელებმა დაიპყრეს მესინია, სადაც ცხოვრობდნენ ადგილობრივი ტომები და დაიმორჩილეს მისი მოსახლეობა. დამორჩილებულ მოსახლეობას უწოდეს ჰილოტები. ჰილოტები მუდმივ მორჩილებაში რომ ჰყოლოდათ და შეძლოდათ მათი შესაძლო აჯანყების ჩახშობა, საჭირო იყო სპეციალური, მუდმივ მობილიზაციაში მყოფი ჯარის ქონა. ლეგენდის მიხედვით, ლიკურგუსმა დელფოსის ორაკულისგან მიიღო რეტრო (წინასწარმეტყველება), რამაც უბიძგა მას გაეტარებინა მიწის რეფორმა.
ლიკურგუსის რეფორმის მიხედვი სპარტანული მიწები დაიყო 10 000 ნაწილად ანუ კლერად. ყველა სპარტანელი სიცოცხლეში იღებდა ერთ ასეთ კლერს. კლერი არ იყო უბრალოდ მიწა, ის იყო ისეთი მიწა, რომელსაც ილოტების 7 ოჯახი ამუშავებდა და ჰილოტები ვალდებულნი იყვნენ, თავიანთი მოსავლის ნახევარი მიეცათ სპარტანელისთვის.
სპარტანელებს აეკრძალათ ყველანაირი საქმიანობა გარდა სამხედრო საქმიანობისა, ეს აკრძალვა კანონში იყო გაწერილი. ყველა სპარტანელი ბიჭი, რომელიც 8 წლის ხდებოდა მიჰყავდათ მშობლებისგან გასამხედროვებულ ბანაკში - აგელაში, სადაც ის სწავლობდა სამხედრო საქმეს. ყველა სპარტანელი, რომ გამხდარიყო სრულფასოვანი მოქალაქე, უნდა მოეხდინა ინიციალიზაციია[4]. რიტუალს ერქვა კრიპცია - როდესაც სპარტანელი ახალგაზრდა ნადირობდა ჰილოტზე, მას უნდა მოეკლა ახალგაზრდა და ძლიერი ჰილოტი, შეიარაღების გარეშე. 20 წლიდან სპარტანელებს უფლება ეძლეოდათ ქორწინების, ხოლო 30 წლიდან სრული სამოქალაქო უფლება ეძლეოდათ. ამ აღზრდის წესს ერქვა აგუგე.
სპარტაში ქალებიც ფიზიკურ აღზრდას გადიოდნენ. ისინი სწავლობდნენ ასევე რელიგიურ რიტუალებს და საოჯახო საქმეს. სპარტა განსხვავდებოდა სხვა ბერძნული პოლისებისგან, სადაც ქალებს შედარებით მეტი თავისუფლება ჰქონდათ. სპარტაში ქალს არ შეეძლო გათხოვება, თუ ის 18 წელზე უმცროს იყო. მათი გათხოვება ხდებდა საკუთარი ნებით.  ისინი ასევე არ იყვნენ ოთახში გამოკეტილები, როგორც ეს სხვა ბერძნულ პოლისებში ხდებოდა. სპარტაში იყო გავრცელებული პოლიანდრია[5], და შესაბამისად იყო შემთხვევები, როცა ორ ძმას შეეძლო ერთი ცოლის ყოლა.
ცხადია, რომ სახელმწიფოს გარდა მეომრებისა და მონა-მიწათმოქმედებისა  ესაჭიროება ვაჭარ-ხელოსნები. ამიტომ სპარტაში არსებობდა ასევე მესამე ფენა, ე.წ. პერიეკები - თავისუფალი არამოქალაქეები, რომლებიც მისდევდნენ ვაჭრობას და ხელოსნობას.საომარი მდგომაროების დროს, პერიკები მონაწილეობდნენ ომებში, მაგრამ მათ არ ჰქონდათ არანაირი პოლიტიკური უფლებები.
სპარტაში არსებობდა სახალხო კრება - აპელა. აქ ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს ომისა და მშვიდობის შესახებ. აპელაში არ ხდებოდა საკითხების განხილვა, უბრალოდ გადაწყვეტილებების მიღება. ეს ხდებოდა არა ხმების რაოდენობით და მათი დათვლით, არამედ ხმის ძალით. ანუ, იმარჯვებდა ის, ვინც უფრო ხმამაღლა დაიყვირებდა.აპელა ირჩევდა 28 ჰერონტს არისტოკრატიულ წრიდან, სიცოცხლის ბოლომდე. სპარტაში არსებობდა ასევე ორი მეფე, ბასილევსი. აპელაში მოქალაქეებს არ შეეძლოთ ინიციატივის შეთავაზება, მას შეეძლო ბასილევსის ან ჰერონტის გადაწყვეტილების მიღება ან უარყოფა მარტო. ასევე კრებაზე ირჩევდნენ ხუთ ეფორს (ზედამხედველს) რომელიც მეფესა და ჰერონტების საქმიანობას ზედამხედველობდა, რომ არ დამყარებულიყო ტირანია.
სპარტა საკუთარ თავს ყოველთვის პოზიციონირებდა როგორც ტირანთმოძულე. იყვნენ ბევრი სხვა ბერძნული პოლისის არისტოკრატებისთვის მისაბაძნი. თავად სპარტაზე ჩვენ დეტალური ინფორმაცია მოგვეპოვება ათენელი არისტოკრატებისგან, რომლებსაც იდეალად სპარტა მიაჩნდათ. ეს იყო სისტემა,რომელსაც პოლიტიკური ქაოსი არ შეხებია და მისი პოლიტიკური სისტემა სტაბილურად არსებობდა სპარტას საბოლოო დაცემამდე.

სოლონისა და კლისთენეს რეფორმები. დემოკრატიის ჩასახვა.

ძვ.წ VI საუკუნის დასაწყისში  ათენელები საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ათენელების საკმაოდ დიდი ნაწილი აღმოჩნდა სავალალო კაბალურ მდგომარობაში. ის ათენელები, რომლებიც ვერ იხდიდნენ ვალს, იძულებული იყვნენ გამხდარიყვნენ მონები.  ძვ.წ 594 წელს პირველ არქონტად[6]მათ აირჩიეს არისტოკრატი სოლონი, რომელმაც დაიწყო რეფორმების გატარება და ახალი კანონების მიღება.მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი კანონი იყო  სეისაფხია. ის კრძალავდა ათენელი მოქალაქის მონად გაყიდვას. ყველა ვინც გახდა მონა, განთავისუფლდა და თუ ვინმე უცხოეთში იყო გაყვანილი, ყველა უკან დაიბრუნეს, რადგან სახელმწიფომ გამოისყიდა ისინი. სოლონმა გააუქმა ვალები, რამაც საფუძველი ჩაუყარა ათენის განვითარებას. მისი მმართველობის დროს მოხდა უარავი უცხოელის ჩამოსახლება, რომელთაც ეწოდებოდათ მეთოდიკები (თავისუფალი არამოქალაქეები), რამაც ხელი შეუწყო ათენის სავაჭრო და სამრეწველო ცენტრად ქცევას. სოლონმა გაატარა ასევე პოლიტიკური რეფორმა. მის დროს კერძოდ გაიზარდა სახალხო კრების - ეკლესიის როლი. სახალხო კრება შედგებოდასხვადასხვა ფენიდან არჩეული ცხრა არქონტისგან.  მან ასევე შექმნა 400 კაციანი საბჭო ანუ ბულე. მასში ოთხ სხვადასხვა სოციალურ ფენასწარმოადგენდა ას-ასი წევრი.
თუმცა სოლონის შემდეგ ათენში იწყება პოლიტიკური ძალაუფლებისთვის ბრძოლა. იმარჯვებს არისტოკრატი პისისტრატე, რომელიცამყარერებს აქ ტირანიას. ის ახერხებს მოწინააღმდეგე არისტოკრატიის დამარცხებას. პისისტრატეს დროს იწყება ათენის აღორძინება.ტარდება ათენური კოლონიზაციის პოლიტიკა. მაღალ საფეხურს აღწევს კულტურა. სწორედ ამ პერიოდში იქმნება ბერძნული თეატრი. ათენი ხდება კულტურული და სავაჭრო ცენტრი. პისისტრატეს გარდაცვალების შემდეგ მისი შვილები ცდილობენ ტირანიის შენარჩუნებას. თუმცა ძვ.წ 530 წელს ათენელი არისტოკრატები სპარტელების დახმარებით, რომლებიც ყოველთვის და ყველგან ტირანიის წინააღმდეგ გამოდიოდნენ,აგდებენ ათენში არსებულ პოლიტიკური წყობას და ათენი ექცევა სპარტის გავლენის ქვეშ. მალე ასეთი ვითარება აღარ მოწონთ თავად ათენელებს და ისინი, ძვ.წ 509 წელს, კლისთენეს მეთაურობით, აძევებენ სპარტანულ გარნიზონს ათენიდან.
კლისთენე რომელიც იყო არისტოკრატი, ხვდება რომ დემოსის შეჩერება შეუძლებელია და ატარებს მთელ რიგ რეფორმებს. პირველ რიგში ის ზრდის სახალხო კრების მნიშვნელობას და მასში ყველა ათენელს შეუძლია მონაწილოების მიღება. ათენი იყოფა 10 ფილედ (ბერძნულად ფილე  ნიშნავს ტომს) თითო ფილე 3 ნაწილად იყოფა, რათა არისტოკრატიას ვერ მოეხდინა დაბალ სოციალურ ფენებზე გავლენის მოხდენა. თითო ფილედან ირჩევდნენ 10 სტრატეგოსს. რადგან ბერძნული წელი 10 თვისგან შედგებოდა, თითო სტრატეგოსს თითო თვეს განსაკუთრებული უფლებები ეძლეოდა სამოქალაქო საქმეების მმართველობის პერიოდში. 400-თა საბჭო შეიცვალა 500-თა საბჭოთი.იზრდება დაბალი სოციალური ფენების  როლი სახალხო კრების შიგნით. ამ დორიდან არქონტი აღარ წარმოადგენს უმაღლეს საერო პირს. მას მხოლოდ სანახობრივ-ცერემონიული როლი აქვს დარჩენილი.
სწორედ ამ სისტემას ეწოდა მოგვიანებით დემოკრატია, რომელიც სამ ძირითად პრინციპზე იყო აგებული: 1) ისანამია - კანონის წინაშე თანასწორობა 2) ისიპოლიტია - თანასწორობასამოქალაქო უფლებების გამოყენებაში 3) ისაგარია - თანაბარი უფლება სახალხო კრებაზე სიტყვის გამოსვლის.
ტირანიისგან თავის დასაცავად მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ასევე ოსტრაკისმოსი - წელიწადში ერთხელ ათენელ მოქალაქეებს ეკითხებოდნენ,არსებობს თუ არა ისეთი მოქალაქე, რომელიც საფრთხეს უქმნის სახელმწიფო წყობას. მოქალაქეები თიხის ნატეხზე ანუ ოსტრაკონზებზე წერდნენ ასეთი პიროვნების სახელს, ვისი სახელიც ყველაზე მეტჯერ გამოერდებოდა, მას ათენიდან 10 წლით აძევებდნენ, მაგრამ ქონებას უტოვებდნენ.

კლასიკური პერიოდი

კლასიკური პერიოდი უკავშირდება ორი პოლიტიკური სისტემის დაპირისპირებას. ეს არის სპარსული დესპოტური სისტემის და ბერძნული პოლისების დაპირისპირება. ძვ.წ 490 წელს დაწყებული ომი სპარსელებსა და ბერძნებს შორის დამთავრდა ძვ.წ 449 წელს კალიასის ზავით ბერძნული სამყაროს გამარჯვებით. ამ ომმა აჩვენა, რომ პოლისებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა მასზე ძლიერი სახელმწიფოსგან. თუმცა ამ კონფლიქტმა ასევე აჩვენა ბერძნული პოლისების მთელი რიგი სისუსტეები, რომელიც შემდეგ პერიოდში გამოვლინდა.
ძვ.წ 478 წელს ათენის მეთაურობით შეიქმნა სიმაქია - ათენის საზღვაო კავშირი, რომელიც თავდაპირველად სპარსეთის წინააღმდეგ იყო მიმართული, ხოლო შემდგომში ათენის ჰეგემონიისთვის ბრძოლაში იყო ჩართული. სწორედ ფლოტის მნიშვნელობის ზრდამ, გამოიწვია დემოსის მნიშვნელობის გაზრდაც, რადგან სახმელეთო მეომრისგან განსხვავებით, ფლოტში მომსახურეებს უფრო ნაკლები დანახარჯი ჰქონდათ და უფრო მასობრივად იღებდნენ მონაწილეობას, რამაც მათი მნიშვნელობა გაზარდა საგრძნობლად.
სწორედ ამ პერიოდში იბადება  დემოკრატიის გავრცლეების იდეა, ამ იდეის ავტორი იყო ცნობილი ათენელი პოლიტიკოსი პერიკლე. პერიკლე ატარებს მთელ რიგ რეფორმებს. მართალია აქამდე ყველა მოქალაქეს შეეძლო მაღალი თანამდებობის დაკავება, მაგრამ რადგან ეს თანამდებობები არ იყო ანაზღაურებადი და თანამდებობის დასაკავებლად ნებისმიერი ვალდებული იყო მოწყდომოდა საკუთარ მიწას, ამის გაკეთება შეეძლო მხოლოდ არისტოკრატიის წარმომადგენლებს.  პერიკლემ კი სახელმწიფო თანამდებობები ანაზღაურებადი გახადა, რამაც საშუალება მისცა დაბალ სოციალურ ფენებს მიეღოთ თანამდებობები. ის ასევე ქმნის ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს, რომელიც განიხილავდა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებს.
პერიკლე ატარებდა იმპერიულ პოლიტიკას მოკავშირეებთან მიმართებაში, მოკავშირეებს გარკველი თანხა უნდა გადაეხადათ ათენისთვის და ყველა მნიშვნელოვანი სასამართლო საკითხი უნდა ჩატარებულიყო ათენში. დემოკრატია ამიერიდან დაუკავშირდა იმპერიულ ამბიციებს და სწორედ ამის შემდეგ იწყება ბრძოლა გავლენების გასაზრდელად.
კლასიკური ეპოქაში მოღვაწეობდნენ ყველა დიდი ფილოსოფოსი სოკრატე, პლატონი და ა.შ ეს პერიოდი ბერძნული კულტურის ოქროს ხანად ითვლება.

ძვ.წ. IV საუკუნე პოლისური სისტემის დაცემა

ძვ.წ 431 წელს იწყება პელეპონისის ომი.  მართალია ამ ომში იმარჯვებს სპარტა, რის შედეგად მას შეუძლია სხვადასხვა პოლისში დანიშნოს თავისი გუბერნატორი და გაანადგუროს პოლიტიკური მოწინააღმდეგეები. თუმცა ძალიან მალე ბერძნებს აღარ მოსწონთ სპარტას ასეთი ჰეგემონია და ისინი იწყებენ მის წინააღმდეგ ომს.
ეს პერიოდი ხასიათდება სხვადასხვა პოლისებს შორის ომით ჰეგემონიისთვის, ასევე დაქირავებული ჯარების როლის და მათი რაოდენბოის გაზრდით. ბერძენი დაქირავებულები იბრძოდნენ ყველგან, მათ შორის სპარსეთში. ასე მაგალითად ცნობილი ათენელი მხედარმთავარ ქსენოფონტე იბრძოდა სპარსეთის ტახტის პრეტენდენტის კიროსის მხარეზე. იბრძოდა საკმაოდ წარმატებულად, თუმცა კიროსის მოულოდნელი სიკვდილის შემდეგ ის იძულებული გახდა სამშობლოში დაბრუნებულიყო. ამ ლაშქრობამ ბერძნებს რწმენა გაუჩინა, რომ სპარსელების დამარცხება სპარსეთშიც შეიძლებოდა.
ამის მიუხედავად,  ჰეგემონიისთვის ბრძოლამ სპარსეთს მიცა საშუალება საკუთარი პოლიტიკური ძალაუფლება გაევრცელებინა საბერძნეთზე.  სპარსელების ფინანსური დახმარებით ათენმა ხელახლა შექმნა ფლოტი, ააშენა კედელი და დაიწყო კორინთეს ომი, რომელმაც ბერძნული პოლისები მნიშვენლოვნად დაასუსტა. ეს ომი დამთავრდა სამშვიდობო ხელშეკრულებით, რომელსაც ხელი მოეწერა სპარსეთის ქალაქ სუზაში, რაც ნიშნავდა სპარსეთის გავლენის აღიარებას.
თებემ, რომელიც განთავისუფლდა სპარტასგან, მალე შეძლო დემოკრატ ლიდერების ეპიოპონიუსის და პილაპიდეს მეთაურობით დაწინაურება. ძვ.წ 371 წელს კეკურას ბრძოლაში პირველად საბერძნეთის ისტორიაში ღია ბრძოლაში თებელმა ფალანგამ, გაანადგურა სპარტანული ფალანგა და ამის შემდეგ სპარტა კარგავს მესინიას და ბერძნულ სამყაროში მეთაურის როლს. ამ მარცხმა მთელ საბერძნეთში გამოიწვია მთელი რიგი სოციალური ცხოვრების დეზორგანიზაია, დაიწყო სკიტარიზმი, მაგალითად ქალაქ არგოში ხელკეტებით შეიარაღებულმა ღარიბმა მოქალაქემ მაკლა 1000-მდე მდიდარი თანამოქალაქე.
ათენი, რომელიც ცდილობს ლიდერობა დაიბრუნოს, ძვ.წ 374 წელს ქმნის ათენის მეორე საზღვაო კავშირს. ამჯერად მოკავშირეების თანასწორობის პრინციპზე ააგო კავშირი, თუმცა მოგვიანებით ათენურ არქეს დაბრუნება მოუნდა, რის შედეგადაც მოკავშირეები უჯანყდებიან და ძვ.წ 365 წელს ათენს ამარცხებენ.
ძვ.წ 362 წელს მეორე მთავარი ბრძოლა გაიმართება სპარტანელებსა და თებელებს შორის. ამჯერად ათენელები, რომელებიც თებესგან უფრო დიდ საფრთხეს ხედავდნენ, ვიდრე სპარტასგან, სპარტელების მხარეს გადადიან. მაგრამ მანტინეს ბრძოლაში თებელები ამარცხებენ თავიანთ მოწინააღმდეგეს. თუმცა ამ ბრძოლაში იღუპება თებელთა ლიდერი ეპამინონი, რაც ხდება თებეთელთა შორის ახალი პოლიტიკური ომის დაწყების მიზეზი. ომის, რომელიც მნიშვნელოვნად დაასუსტებს თებეს.
ამრიგად, საბერძნეთი აღმოჩნდა ისეთ სიტუაციაში, სადაც არ არსებობდა ლიდერიმ, რომელიც შეძლებდა ბერძნული პოლისების გაერთიანებას. ლიდერი ჩნდება საბერძნეთთან ახლოს მდებარე მაკედონიის სამეფოში, რომელიც წარმოადგენდა ნახევრად ბერძნულ მხარეს. მართალია მაკედონიის  მოქალაქეები თავს ელინებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თვით ბერძნები მათ არ თვლიდნენ ელინებად. მაკედონური სამეფო იყო არა პოლისური, არამედ ჩამოყალიბებული მონარქია. ეს დაპირისპირება გამოაჩენს იმას, რომ პოლისური ცხოვრების წესი ნელ-ნელა შედის კრიზისში.




[1] თალასოკრატია - საღვაო ცივილიზაცია. თალასოკრატიის ქვეშ მოიაზრება ცივილიზაცია-არამდგრადი სივრცით და შემდეგ პარადიგმებით: დინამიზმი, ინდივიდუალიზმი, ინოვაცია, იმპროვიზაცია და ეთიკური ნორმების ფართობითობა.
[2]მატრიარქატი - დედათა (ქალთა) მართველობა. პატრიარქატი - მამათა (მამაკაცთა) მართველობა
[3]ბასილევსი ბერძნულად ნიშნავს მეფეს
[4]ინციალიზაცია - რიტუალი, რომლის შედეგადაც ბიჭი ხდება მამაკაცი. სხვადასხვა ხალხში სხვადასხვა რიტუალი იყო. მაგალითად ზულუს ტომებში ინიციალიზაციის რიტუალი იყო როდესაც ბიჭი მოკლავდა ლომს. ამის შემდეგ ბიჭს, საზოგადოება უყურებდა როგორც კაცს და მას იგივე უფლებები ჰქონდა როგორც დანარჩენ ზრდასრულ მამაკაცებს.
[5]პოლიანდრია - მრავალქმრიანობა
[6]არქონტი - თავდაპირველად არონტი ნიშნავდა არჩეულ ერთპიროვნულ მართველს